7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ "ემპათიას" დასკვნა საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქმეზე სახალხო დამცველისა და „ემპათიის" დასკვნის მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვეს.
წარმოდგენილ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნა დარღვეულია, ამასთან, დღეს 7 ნოემბრის საქმე განიხილება, ხსენებულ დასკვნებში კი ამ ფაქტებზე საუბარი არაა. პროკურორის თქმითვე, აღნიშნულ დასკვნებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივად იქნა დაკმაყოფილებული. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ "ემპათიის" მიერ გაცემული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულს, ის მოსამართლეთა კოლეგიამ მტკიცებულების სახით არ დაურთო საქმეს და როგორც ცნობა ისე მიიღო.
საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო სახალხო დამცველის დასკვნაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.