დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, პლატფორმა, რომელიც ანა დოლიძესთან, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანთან ერთად შეიქმნა, არა პოლიტიკური გაერთიანება, არამედ პოლიტიკური მსჯელობის ალტერნატიული მაგიდაა.
როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პლატფორმის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან კონსულტაციები, მათ შორის კონსულტაციებს მართავენ პარტია „ლელოსთან“.
„სხვა პოლიტიკურ ძალასა და მოთამაშეებთანაც გვაქვს კონსულტაციები, თუმცა რა ფორმას შეიძენს ეს ყველაფერი, როგორ პოლიტიკურ კონფიგურაციაში ჩაჯდება, მომავლის საქმეა. ჩვენი აზრით, ახლა ყველაზე მთავარი და წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საღი აზრით იმსჯელობენ და ქვეყნის მომავალზე იზრუნონ, შევიკრიბოთ და გადაწყვეტილებები ერთად მივიღოთ, წინ წავიდეთ. რაც შეეხება კონსულტაციებს, ერთად ვსხედვართ საკონსულტაციო მაგიდასთან და ვმსჯელობთ. ასევე კონსულტაციები გვაქვს თამარ ჩუგოშვილთან, თამარ ხულორდავასთან, დიმიტრი ცქიტიშვილთან, გიორგი მოსიძესთან, პარტია „ლელოსთან“. ეს არის ის ძირითადი წრე, სადაც ახლა ვტრიალებთ. „ლელოსთან“ გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება პარტნიორობა. დღეს რაც წარვადგინეთ, არ არის პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ჭეშმარიტი ძალის ცენტრი, ასე არ არის, უბრალოდ წინ გადავდგით ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ საღი აზროვნების ადამიანები, რომლებსაც აერთიანებთ მყარი ღირებულებები, რომლებმაც ამ ღირებულებებისადმი ერთგულება თავის ცხოვრებით დაადასტურეს, შევიკრიბოთ“, - განაცხადა კობერიძემ.
მისი განმარტებით, ამ პლატფორმაში გაერთიანებაზე საუბარი არ ჰქონიათ მარიამ ჯაშთან და გედევან ფოფხაძესთან.
„მათთან მსგავს თემებზე ჯერჯერობით არანაირი საუბარი არ გვქონია“, - განაცხადა კობერიძემ.