ჩვენს პარტიაში ჩემოდნები არ შემინიშნავს - ნიკა მელია არის არჩეული თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მათგან, ვინც გარეთ ვართ და ციხეში არ ვსხედვართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავითარი დაპირისპირება და „დრამატული კოლიზეა“ არ არის.
„აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ არის ისეთი დიდი პარტიისთვის, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. კულუარებშიც არაფერი ხდება ისეთი, რაც დაპირისპირებაზე მიანიშნებს. პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას რაც შეეხება, გამოითქმება მოსაზრებები, რომ რომელიღაც საკითხები უნდა პრევალირებდეს სხვა თემებზე და რომელი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი. ზოგიერთი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სოციალური თემები უფრო მნიშვნელოვანია. ასევე არსებითია მიხეილ სააკაშვილის, პარტიის უპირობო ლიდერის ციხეში ყოფნა და ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოსაზრებები. მთლიანობაში პარტიის კარდინალურ ხაზს არცერთი ეს მოსაზრება არ უპირისპირდება. ჩვენ უბრალოდ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ავაგოთ ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია იმ მოვლენების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა წიკლაურმა.
მან ასევე ნიკა მელიას მონაწილეობით ფარული ჩანაწერის გავრცელებაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც წიკლაურმა განაცხადა, აღნიშნულ ჩანაწერში არაფერი თქმულა დასამალი.
„ეს ჩანაწერი იყო „ტელეიმედის“ და უშიშროების სამსახურის ერთობლივი პროექტი. ცხადია, არ არსებობს ის მითიური მოქალაქე, რომელზეც საუბრობდნენ, თითქოს მან მიაწოდა ეს ჩანაწერი. ეს ჩანაწერი იყო ღია სივრცეში ამომრჩევლებთან გადაღებული კადრები და ამაში დასამალი არაფერი იყო. სპეციალურად იყო დრამატურგია ისე აგებული, თითქოს არსებობს რაღაც ფარული ჩანაწერი, რომელიც გამოიტანეს და ამით მეტი მაყურებლის ყურადღება მიიპყრეს. მიზანიც გასაგები იყო - თითქოს არსებობს დაპირისპირება პარტიის შიგნით.
რასაც მელია ამბობდა, ეს აქამდეც არაერთხელ უთქვამს - მე პირადად მომისმენია, რომ ნიკა მელია იყო წინააღმდეგი და მას ნათქვამი აქვს სააკაშვილისთვის, რომ ჯერ არ არის ის ვითარება, როდესაც ისეთი მრავალრიცხოვანი აქციები შეიძლება იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ დავიცვათ მიხეილ სააკაშვილი და მისი თავისუფლება. ნიკა მელიას ახალი არაფერი უთქვამს“, - აღნიშნა წიკლაურმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან ნათია თურნავას წასვლასა და მის ადგილზე ლევან დავითაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც წიკლაურმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მთავრობაში მსგავსი ცვლილებები არაფერს ცვლის.
„ასეთი მთავრობის შიგნით ცვლილებები არაფერს ცვლის. დღევანდელი პრემიერ-მინისტრიც კი, როდესაც პირველად იყო პრემიერი, ახალი წლის მოსალოცად დეპუტატებს გვიგზავნიდა ბარათებს და თვითონაც არ იცოდა, რომ 2 დღის შემდეგ ივანიშვილი უპირებდა მას გადაყენებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ამ ქვეყანაში არის ერთი ხელისუფლება 2012 წლიდან დღემდე და მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილის სახელი, ამიტომ ახლა რაღაც მიკრო გადაადგილებები სხვადასხვა პოსტებზე არაფერს ცვლის, მითუმეტეს, ერთი მინისტრის მეორეთი შეცვლა. ამასთანავე, უნდა ვთქვათ, რომ ლოგიკა არ არსებობს, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ ეკონომიკა დუღს და სწორედ ამ ეკონომიკის მინისტრი იქნა გადაყენებული“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.