„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება.
ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ცვლილებები სუს-ის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსაც შეეხოს.
„5 დღის წინ, როდესაც მკითხეთ ნათია თურნავასთან დაკავშირებით, შემთხვევითი არ ყოფილა ჩემი პასუხი, სადაც მე არ გამოვრიცხე ეს ყველაფერი. გაგეცით ზოგადი პასუხი, რადგან არ მინდოდა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მესაუბრა. არც დავადასტურე და არც უარვყავი ეს ინფორმაცია. მაშინ გითხარით, რომ 200-300 შემთხვევიდან, რომელსაც ავრცელებთ, ერთი მართლდება ხოლმე და დაველოდოთ ეს ერთი გამართლდება თუ არა-თქო. ახლა გეუბნებით, რომ იმ 200-300-ში ერთი არ არის ის, რასაც მეკითხებით. ახლა კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განსხვავებით რამდენიმე დღის წინანდელი სიტუაციისგან“, - განაცხადა მდინარაძემ.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცვლის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.