მე არასდროს ვიყავი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მომხრე - უამრავი განსხვავებული აზრი არის პარტიაში და ეს არის ნორმალური, ჯანსაღი პროცესი, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ.
მისი თქმით, პარტიაში განსხვავებული აზრი და ერთგვარი დაპირისპირება, ერთი და იგივე შინაარსს არ შეიცავს.
„განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს, დაპირისპირება არის სხვა; გინდათ გითხრათ ჩემი განსხვავებული აზრი? - მე არასდროს ვიყავი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მომხრე, მათ შორის როდესაც გამოქვეყნდა მისი ბილეთები და შეუძლებელი იყო, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულიყო. უამრავი განსხვავებული აზრი არის პარტიაში და ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ დისკუსია ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა, ეს არის ნორმალური, ჯანსაღი პროცესი“, - განაცხადა გოცირიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებითვე, ნიკა მელიას და მისი გუნდის წასვლა პარტიიდან არა თუ განიხილება, ეს საკითხი „არ არის რეალობასთან ახლოს.“
რაც შეეხება პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომან გოცირიძის თქმით, თუ კომისია ოპოზიციური ხმების ნაკლებობის გამო ვერ ჩამოყალიბდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც დარჩება პარლამენტში.
„ყველა ვერსია იყო განხილული: ჩვენ რისთვის შევდივართ, ერთჯერადად კომისიისთვის?- არა! პარლამენტი არის პოლიტიკური ცხოვრების და დუღილის ეპიცენტრი, პარლამენტის გარეშე არასდროს არ მომხდარა არავითარი მოვლენა“, - აღნიშნა გოცირიძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე შეაფასა საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა.
რომან გოცირიძის შეფასებით, „აქ არის პაიკების მოძრაობა დაფაზე, სადაც ფიგურები არ არის“.
„არიან პაიკები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ჩათვლით. ერთი ფიგურა იყო მეფესავით ივანიშვილი, ჭადრაკის დაფიდანაც გავიდა და ახლა ამ დაფის ქვემოთ არის და აკაკუნებს, სადაც ამოარტყამს, იმას გადააგდებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.