ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებაში, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
შამუგიამ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ასეთი მაღალი ნდობისთვის. ჩემთვის ეს დიდი პატივია და ამავდროულად პასუხისმგებლობა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
მინდა მადლობა გადავუხადო ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რეფორმებისთვის, რაც სამინისტროში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა და მინდა წარმატებები ვუსურვო, ახალ, მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ასევე წარმატებებს ვუსურვებ ნათია თურნავას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დღეს წარადგინა. შამუგია ამ პოსტზე ლევან დავითაშვილს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის პოსტზე ნათია თურნავას ჩაანაცვლებს.