გაერთიანება, რომელიც არ ემყარება ღირებულებებსა და შეხედულებებს, ქვეყანას დიდ წარუმატებლობას მოუტანს, ამის მაგალითია „ქართული ოცნება“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ. ბოკერიას თქმით, გიგი უგულავას იდეას „ევროპული საქართველო“ სერიოზულად არ განიხილავს.
„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატასტროფას, ამის მაგალითია „ქართული ოცნება“, ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ჩვენ „ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს“.
მისივე თქმით, უნდა „წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს“. როგორც უგულავა წერს, ეს იქნებოდა „თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია“.