თენგიზ ფხალაძე - “კრემლის გზავნილია _ უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგებაო...”
დახურავენ თუ არა სკოლებს - ინფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 8-ჯერ, მოსწავლეთა კი 21-ჯერ გაიზარდა
მამუკა ხაზარაძე - “არ მესმის, რატომ არის რთული იმის თქმა, რომ რუსეთი ჩვენი და უკრაინელების საერთო მტერია”
“ნაცმოძრაობა” შოკშია - მელიამ აღიარა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა
რამაზ საყვარელიძე - „ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა ისეთი დაქსაქსული, როგორიც ახლაა“.
* * *
თენგიზ ფხალაძე - “კრემლის გზავნილია _ უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგებაო...”
“პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ მაშინ, როცა მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, საქართველოც ახსოვთ და მის მიტოვებას არავინ აპირებს. ასეთ ვითარებაში მოსკოვში არავის გაუჩნდება ილუზია, რომ უკრაინა თუ არა, საქართველო მაინც შეიძლება გახდეს მათი ლუკმა... ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება იმ ახალი ალიანსის მომავალი, რომელიც ახლახან შეიქმნა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ახალ კავშირს. მოგეხსენებათ, ნატო არის ის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით, რის მიღწევაც ზოგჯერ რთულია და ძალიან ჭიანურდება. ამ დროს ასეთი ტიპის ალიანსებით ერთგვარად ბალანსდება ვითარება, ანუ ხერხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკება თუ ლობირება. ეს ფორმატები ალიანსის მიერ არის წახალისებული და მხარდაჭერილი”, - აცხადებს ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კრემლის გზავნილია - უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგებაო...”
“მაგალითად, ძალიან აქტიურად მუშაობს “ბუქარესტის ცხრიანი”, რომელიც 2015 წელს რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა და მასში, ამ ორი ქვეყნის გარდა, შედიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი შესაძლებლობის ძიება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნატოს საპირწონე, მაგრამ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციაში ეხმარება. თავისთავად ცხადია, ამ ფონზე ძლიერი სახელმწიფოების მონაწილეობით ორმხრივი ან სამმხრივი ფორმატების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლონეთზე, რომელიც გამოირჩევა საქართველოსადმი მხარდაჭერით, რაც მხოლოდ განცხადებებით არ გამოიხატება. ის ძალიან აქტიურია და თუ ვინმე ხედავს საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს სწორედ პოლონეთი გახლავთ, რომელიც ამ თემის ადვოკატირებას ეწევა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამ რეგიონში მისი ინტერესები არავისთვის საიდუმლო არ არის. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფრის გამოყენება, იქნება ეს ამ კონკრეტულ ფორმატში მონაწილეობა, სხვა ფორმატების ინიცირება ან უკვე მოქმედთან თანამშრომლობა, თუ რამე სხვა. ჩვენ ამგვარ ალიანსებში აქტიური მონაწილეობა გვჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სწორი აქცენტები, როდესაც მან რუსეთის ფედერაციაც ახსენა და მისი აგრესიაც დაგმო. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დაზარალებულია ამ აგრესიით და მას ყოველდღიურად უყურებს თვალებში. კრემლის დამოკიდებულებაც ყველასთვის ცხადია. მისი გზავნილია, ახლა უკრაინით ვართ დაკავებული, მაგრამ მოვა საქართველოს ჯერიცო. მოსკოვს აქვს თავისი დამოკიდებულება ე.წ. თავისი გავლენის სფეროებისადმი, რაც შეუთავსებელია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს, უკრაინის თუ მოლდოვას არსებობასთან... ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, ყოველთვის ვთქვათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და რომ ის უკანონოდ არის საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს თემა არ ჩაიკარგოს. ძალიან მნიშვნელოვანია ანჯეი დუდას ჩამოსვლა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რაც ხდება უკრაინაში, ეს საქართველოსა და მოლდოვასაც შეეხებაო, ასევე ენტონი ბლინკენის ბრწყინვალე გამოსვლა გერმანიაში, სადაც მან არა მხოლოდ 2008 წლის სამხედრო აგრესია ახსენა, არამედ 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის აგრესიულ მოქმედებებზეც ილაპარაკა. ჩვენ მუდმივად ამაზე პედალირებას უნდა ვახდენდეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს უკიდურესად აქტიური. სამწუხაროდ, ხშირად ვუშვებთ უპატიებელ შეცდომებს; ზოგჯერ იმასაც კი, რასაც კარგად ვაკეთებთ, დიდ ჩრდილს ვაყენებთ ან არასწორად ვაგრძელებთ საქმიანობას. ბოლო დროს კარგა ხანს ვიყავით უკრაინაში, ვხედავდი, როგორი აქტიური იყო ჩვენი საელჩო და ისიც ვნახე, როგორი გამოხმაურება მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროების კომუნიკაციას, ამის მერე კი სრულიად გაუგებარი იყო, რაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით მოხდა. არავითარ ლოგიკას არ ემორჩილება ამ ტექსტში რუსეთის მოუხსენიებლობა. პარლამენტს, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინასთან დაკავშირებით არაერთი ამგვარი რეზოლუცია აქვს მიღებული, რომლებშიც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული და ამით არაფერი დაშავებულა, მეტიც, ეს იყო სწორი პოზიცია. ახლა არ არის ნახსენები რუსეთი, არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც მეტისმეტად მცდარი ნაბიჯია და რის ლოგიკურ ახსნას ვერ ვახერხებ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის მწყობრი პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო ყველგან უნდა გრძნობდეს დისკომფორტს. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ეს დისკომფორტი რომ იგრძნოს, ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და ვილაპარაკოთ სწორედ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ჩემი აზრით, კეთდება ყველაფერი, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება მოხერხდეს. იქნება თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი რეჟიმისთვის, რომელიც ძალიან ხშირად ირაციონალურად მოქმედებს, ძნელი სათქმელია. აქ მთავარია ის, რომ მსოფლიო ყველა სცენარისთვის არის მზად, ისევე, როგორც უკრაინა. ენტონი ბლინკენმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა - ჩვენ გასაგებად ავუხსენით რუსეთს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამა თუ იმ მოქმედებას და ისიც ვუთხარით, რომ მოლაპარაკების კარი ღიააო. უკრაინაში ომი დღეს ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე იყო ორი და სამი კვირის წინ, თუმცა ეს საფრთხე ჩავლილი არ არის. ომი ძალიან დააზარალებს უკრაინას, მაგრამ დამანგრეველი იქნება რუსეთისთვისაც. ამას ხვდებიან თუ არა კრემლში, არ ვიცი. არსებობს მეორე სცენარიც: არა კონვენციური, არამედ ჰიბრიდულ ომი, რომელიც უფრო ვერაგი და საშიშია. იმ პერიოდში, რაც მე უკრაინაში გახლდით, აიყვანეს რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც გეგმავდნენ ტერაქტებს, მათ შორის - კიევშიც. მოკლედ, ბევრი ვერაგობა აქვთ ჩაფიქრებული და სხვადასხვა სცენარი - მომზადებული. მათ შორის განიხილება ოკუპირებული დონბასის აღიარებაც”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.
“დასავლეთი პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს არ არის მხოლოდ განცხადებები. ვხედავთ იარაღის მიწოდებას, წვრთნის და აღჭურვის გააქტიურებულ პროგრამებს; ნატოს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ატარებენ მონიტორინგს და საჰაერო სივრცეს ზვერავენ. სხვათა შორის, აფხაზეთის საჰაერო სივრცეც ამ მონიტორინგს ექვემდებარება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იქნება თუ არა საკმარისი, რომ კრემლმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს, ძნელი სათქმელია... რაც შეეხება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას, დღეს ისინი არიან სიტუაციური მოკავშირეები. ის განცხადება, რაც ერთობლივად გააკეთეს, მოსალოდნელი იყო, თუმცა მაინც ძალიან დამაფიქრებელია. რაც აქამდე კულუარებში იყო, დღეს ყველაფერი საჯაროდ გაცხადდა. თვალს ვადევნებთ დაპირისპირებას დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის და ეს პიკს აღწევს. დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს, არამედ მსოფლიო წესრიგის ბედი. ლაპარაკია იმაზე, რომ ან ქვეყნებს ექნებათ თავისუფალი არჩევანის და დემოკრატიული განვითარების საშუალება და მათი სუვერენიტეტი იქნება დაცული, ან მოხდება ის, რაც სურს რუსეთს, ანუ მსოფლიოს ბედს გადაწყვეტს რამდენიმე ქვეყანა, აქედან გამომდინარე კი, ბევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს შეექმნება საფრთხე... ეს ორი რეალობა ეჯახება ერთმანეთს. დასავლეთისთვის ნათელია, რომ თუ დღეს ეს არ შეჩერდა, მსოფლიო განწირული იქნება ხანგრძლივი ქაოსისთვის, ანუ მთელი საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა, რაზეც დგას მსოფლიო, ჩამოიშლება, ამის დაშვება კი არავის სურს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ჩინეთი უფრო რაციონალური იქნება და მასთან უფრო შეიძლება მოლაპარაკება, ვიდრე რუსეთთან”, - დაასკვნის ფხალაძე.
დახურავენ თუ არა სკოლებს - ინფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 8-ჯერ, მოსწავლეთა კი 21-ჯერ გაიზარდა
“ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ინფიცირებული მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისა და სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რაოდენობა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას 2-3 კვირით სკოლების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანას ურჩევენ. 22 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით მასწავლებელთა 0,8%, ხოლო მოსწავლეების 0,1% იყო ინფიცირებული. ეს ის პერიოდია, როცა საახალწლო არდადეგების შედეგ სწავლა ჯერ კიდევ ერთი კვირის დაწყებული იყო. ამავე ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი. 5 თებერვლს კი განათლების სამინისტრომ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ასევე 5 თებერვლის მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დახურავენ თუ არა სკოლებს - ინფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 8-ჯერ, მოსწავლეთა კი 21-ჯერ გაიზარდა.
“კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%”, - აცხადებენ განათლების სამინისტროში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლების კოვიდტესტირება სკოლის ექიმებმა დაიწყეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება და ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს. სამი დღის წინ, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე კი აცხადებდა, რომ საავადმყოფოებში დღეს თავისუფალი საწოლები იმის ხარჯზეა, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა პირველად ჯანდაცვაზე გადავიდა. ამიტომ მომხრეა, რომ რომ 2-3 კვირის განმავლობაში, სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანა კორონავირუსის პიკურ პერიოდში შედის და ეპიდემიოლოგირი მდგომარეობის დამძიმების თავიდან არიდების მიზნით, 1-2 კვირით სასწავლო დაწესებულებების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უმჯობესი იქნებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“პიკურ მაჩვენებლებში შევდივართ და ამ ეტაპზე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სკოლები, მაგალითად, ერთი-ორი კვირით სრულად დისტნციურ სწავლებაზე გადასულიყვნენ. ზოგადად, გავრცელება ძალიან მაღალია და ეს საჭიროა უბრალოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის იგივე ბავშვთა სავადმყოფოები არ გადაიტვირთოს. გავრცელება მაინც ადრე თუ გვიან მოხდება, ეს კი სიტუაციის მართვის საშუალებას მოგვცემდა. დისტანციური სწავლების დიდხანს გაგრძელება ძალიან არასასურველია, რადგან ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდა თაობა დაზიანდნენ იმით, რომ ბოლო ორი წელია სწავლის პროცესი პრაქტიკულად ექსტრემალურ რეჟიმში მიდის და ეს, რა თქმა უნდა, განათლების ხარისხზე კარგად არ მოქმედებს. ამიტომ ამასთან დაკავშირებით თავის შეკავება და ყოყმანი გასაგებია, რომ სწავლის ეს პროცესი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
“ეს უნდა იყოს ბოლო ზომა, რომელსაც მივიღებთ. მანამდე სჯობს სხვა შეზღუდვები შემოვიღოთ, ვიდრე ეს. მაგრამ აქ საუბარია, რომ მხოლოდ დროებით, 1-2 კვირა გადავიყვანოთ, არდადეგების გამოცხადების ვარიანტში, ძალიან მოკლე პერიოდით, რომ ეს გავრცელოება შევაჩეროთ. დღევანდელი რეგულაციებითაც დაინფიცირების რაღაც პროცენტს რომ აჭარბებს, მერე მაინც ონლაინ გადადიან. ახლა ისედაც მონაცემები მაქსიმალურ მაჩვენებლებზეა და სკოლების სრულად ონლაინ რეჟიმში არგადასვლა ეპიდსიტუაციას ვერ გააუარესებს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსმისია ძალიან მაღალია. საერთოდ, მგონია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის თვლას თავი უნდა დავანებოთ, უნდა ვითვალოთ რამდენია ჰოსპიტალში და რეაგირება ამაზე მოვახდინოთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემია ის, თუ ინტენსიურ თერაპიაში და ჰოსპიტალში რამდენი ადამიანი ხვდება, მათ შორის ბავშვები. ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ რეაგირებაზე ვიფიქროთ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“ასევე დამატებით რაიმე შეზღუდვაზე თუ რაიმე წახალისებაზე იმისთვის, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და აიცრან, რადგან იგივე მასწავლებლებისთვის აცრა რჩება ყველაზე მთავარ მომენტად, რომ მომავალშიც ასეთი ტიპის დაკეტვები და ასეთი ტიპის თუნდაც კითხვები, რომ დავკეტოთ თუ არა სკოლა და უნივერსიტეტი, ავიცილოთ. მსგავსი ტიპის კითხვები რომ ავიცილოთ, მასწავლებელი და პერსონალი უნდა აიცრნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ამ პროცესში ვიქნებით”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, რეალურად მასწავლებელთა, მოსწავლეთა და სკოლების თანამშრომელთა დაინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა 3-4-ჯერ მაღალი იყოს. აქედან გამომდინარე იგი მომხრეა, რომ სასწავლო დაწესებულებებში 2-3 კვირით სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს”, - დასძენს გამოცემა.
“ეს პროცენტები და ოფიციალური მონაცემები იმ რეალობას არ ასახავს, რაც გვაქვს. ალბათ მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და ზოგადად სასწავლებლის თანამშრომლებში ინფიცირებულების რაოდენობა სამჯერ და ოთხჯერ მაღალია. ჩემი აზრით, ამის განხილვა ადრეც უნდა მომხდარიყო, რადგან “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება და განსაკუთრებით ისეთ სეგმენტში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, მობილობის ზრდა რა თქმა უნდა ეპიდსიტუაციის გაუარესებას ხელს უწყობს. ჩვენ გვაქვს იმის მონაცებებიც, რომ ჰოსპიტლები და განსაკუთრებით ბავშვთა კლინიკები გადატვირთულია, როგორც ამბულატორიული მიმართვიანობით, ასევე სტაციონარიზაციის გამოც. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სანამ დაახლოებით კიდევ ორი კვირა ეპიდსიტუაცია საყურადღებო და საგანგაშოა, იმისთვის, რომ მობილობა შემცირდეს და ბავშვებში სწრაფი გავრცელება შევამციროთ, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყვნენ”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
“სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებით ვიცით, რომ “ომიკრონს” სწრაფი გავრცელება ახასიათებს. აქედან გამომდინარე, 2-3 კვირით სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა განათლების სისტემას ძალიან არ დააზარალებდა და სამაგიეროდ ეპიდსიტუაციას სტაბილიზაციაში მოეხმარებოდა, ამიტომ მე ამის მომხრე ვარ და ვთვლი, რომ ამ ყველაფრის განხილვა ცოტა ადრეც შეიძლებოდა. შეიძლება თუ არა სკოლები სრულიად დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ, ამაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, ჩემი აზრით, ამ საკითხზე მსჯელობა უნდა მიდიოდეს და საკოორდინაციო საბჭომ უნდა განიხილოს და ამ ეტაპზე სწავლის ონლაინ გაგრძელება ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა მიაჩნდეს იმისთვის, რომ მკვეთრად გაუარესებული ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს”, - ამბობს გოგინავა.
მამუკა ხაზარაძე - “არ მესმის, რატომ არის რთული იმის თქმა, რომ რუსეთი ჩვენი და უკრაინელების საერთო მტერია”
“მაშინ როდესაც შენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი კრიტიკული პერიოდი აქვს, აუცილებლად უნდა დაუჭირო მხარი. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დელეგაცია ერთად ჩავსულიყავით და დაგვეფიქსირებინა მხარდაჭერა. რადგან ეს ასე არ მოხდა, ოპოზიციამ იკისრა ეს საქმე. შევხვდით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და დავუდასტურეთ ჩვენს მსგავსად მოფიქრალი ქართველი ხალხის პატივისცემა”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ მესმის, რატომ არის რთული იმის თქმა, რომ რუსეთი ჩვენი და უკრაინელების საერთო მტერია”.
“ემოციური შეხვედრა გვქონდა. დიდი მადლიერება გამოხატეს. როდესაც ოფიციალური შეხვედრისას გეტყვიან, გადაეცით თქვენს კოლეგებს ხელისუფლებაში, სიმართლე ილაპარაკონო, ეს მკაფიო გზავნილია. ამით ჩვენს ხელისუფლებას მიანიშნეს, რომ აგრესორს აგრესორი დაარქვან, მტერს - მტერი, მეგობარს კი მეგობარი. არ მესმის, რატომ არის რთული იმის თქმა, რომ რუსეთი ჩვენი და უკრაინელების საერთო მტერია. დღეს დასავლეთი და ამერიკა ფეხზე დგას, მათ გაიაზრეს, რომ რიგ შემთხვევებში დააგვიანეს რეაგირება, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში და 2014 წელს ყირიმში. მათ ნახეს, რომ რუსეთის მადა ჭამაში მოდის, თუ წინააღმდეგობა არ ხვდება. დღეს მთელი თავისუფალი სამყარო გააქტიურებულია აგრესიის წინააღმდეგ. თუ ამ მოცემულობას შენს შესაძლებლობად არ აქცევ, ამ ფერხულში არ ჩაებმები, ესე იგი, სხვა მხარეს დგახარ, სხვა მხარე კი რუსეთია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.
“არ მესმის, რატომ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ჩვენს პრობლემაზე საუბრობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც ამერიკა და ნატო რუსეთს მიუთითებენ, რომ საოკუპაციო ჯარები უნდა გაიყვანონ საქართველოდან. ჩვენ ვესაუბრეთ ბრიტანეთის ელჩს, ასევე უკრაინულ მხარესთან დავაყენეთ საკითხი, რომ განხილულ იქნეს საქართველოს ჩართვა იმ ფორმატში, რომელსაც ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსი ჰქვია. ჩვენ ხელისუფლებაში არა ვართ, მაგრამ ამ იდეის ინიცირება გვსურს. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს ჩვენი ხელისუფლებაც დადებითად გამოეხმაურება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით. ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებასა და მაღალ რანგში აყვანაზე უკვე ვესაუბრეთ უკრაინულ მხარეს. ბოლოს და ბოლოს, შავი ზღვა გვაერთიანებს და პირდაპირი საინვესტიციო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით, რომ ჩავატარებთ ბიზნესფორუმს და ქართველები და უკრაინელები ვიმსჯელებთ იმ პრობლემებზე, რომელთა გამოც ვერ ვითარდება ბიზნესი, ეკონომიკა, არ შემოდის ინვესტიციები და ა.შ.” - განაგრძობს რესპონდენტი.
“უკრაინელ კოლეგები ფიქრობენ, რომ უკვე ომში არიან. ამიტომ ყოველდღიურად ემზადებიან. ყოველდღე შემოდის სამხედრო დახმარება ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, სხვა ევროპული ქვეყნებიდან. მე აბსოლუტურად სხვა უკრაინა ვნახე როგორც სამხედრო მომზადებით, ასევე მოტივაციით, განწყობით. მაღაზიებში, ქუჩაში სიარულის დროსაც კი იგრძნობთ სხვაობას ორი თვის წინანდელ და დღევანდელ უკრაინას შორის. მობილიზებულია ქალთა ბატალიონები, უამრავი უკრაინელი ეწერება მოხალისედ. აღმაფრთოვანა უკრაინელების საბრძოლო განწყობამ და ოპტიმიზმმა”, - ამბობს “ლელოს” ლიდერი და შეკითხვაზე - “საქართველოში დაბრუნებისას აპირებთ თუ არა ოდნავ მაინც შეცვალოთ პოლიტიკური დისკურსი?” - პასუხობს:
“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსის შეცვლა, იმიტომ, რომ ის “ოცნების” შექმნილია. “ოცნებას” სწორედ ის შიდა დაპირისპირება და პოლარიზება აწყობს, რაც დღეს არის ქვეყანაში. ქვეყნის ბედი რომ ანაღვლებდეთ, შეხების წერტილს მაინც გამონახავდნენ ოპოზიციასთან. გაუთავებლად ლაპარაკობენ გასულ 9 წელზე, რათა გადაფარონ თავიანთი 9 წელი და ასე შეინარჩუნონ ძალაუფლება. ესეც მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის სჭირდებათ, იდეოლოგია მათ არ გააჩნიათ და მიზნები”...
“ხელისუფლებაში ქვეყნის პოლიტიკა დაამსგავსეს სოფლის ორღობეში ჭორაობას. სერიოზულად აღარაფერს განვიხილავთ. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა. როდესაც ინფლაცია 14%-ია, ინვესტიციები არ შემოდის, მხოლოდ ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით ივსება ბიუჯეტი და შენ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებ, ესე იგი, გაწყობს ეს მოცემულობა. ამას თითოეული ჩვენგანი უნდა დავუპირისპირდეთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, მერე ძალიანაც რომ მოვისურვოთ, ვეღარ ამოვალთ. ამიტომ აუცილებლად დღესვე უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე”, - მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.
“დეპოლარიზებას სწორედ პარტიული ტელევიზიები უწყობენ ხელს. თუ მოჯადოებული წრის გარღვევა გვინდა, დიალოგი, დებატები უნდა დავიწყოთ. საუბრის საშუალება მაქვს, ამის პრობლემა ნამდვილად არ არის, პრობლემა ის არის, დებატებში ჩემ წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ სხედან და პირისპირ ვერ ვეკამათები ინვესტიციებზე, პოლიტიკურ საკითხებზე. მე რომ თქვენთან ვიტყვი რაღაცას, “ქართული ოცნება” სხვა გაზეთიდან ან ტელევიზიიდან მიპასუხებს. ცალ კარში თამაში შედეგს ვერ მოგვიტანს, ჭეშმარიტება კამათში იბადება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება ხეირს არ დაგვაყრის”, - დასძენს რესპონდენტი.
“ნაცმოძრაობა” შოკშია - მელიამ აღიარა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა
“ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას ჩანაწერის გავრცელებამ, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო, ოპოზიციისათვის ნამდვილი ცივი შხაპი აღმოჩნდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ მელიას პოზიცია და თავად ის ფაქტი, რომ მან ჩანაწერის რეალურობა აღიარა, დასაფასებელია და მის პერსონალურ რეიტინგს საგრძნობლად გაზრდის, რადგან თქვა ის, რაც ისედაც იცის ყველამ, უბრალოდ ენმ-ის სხვა წევრებს ამის დანახვა და აღიარება უჭირთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობა” შოკშია - მელიამ აღიარა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა.
“შაბათს ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გაკეთებული ჩანაწერი, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო. მისივე თქმით, ენმ-ს მთავარი მიზანი არ უნდა იყოს სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება. ამასთან, როგორც ის ვიდეომასალაში აღნიშნავს, დღეს რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა”, ეს “ნაციონალური მოძრაობის” უსუსურობისა და სიზარმაცის ბრალია და არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს. “50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის „ოცნება", არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით" ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხომ ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით”, - აცხადებს ნიკა მელია გავრცელებულ ვიდეოში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამასთან, ნიკა მელია ვიდეოჩანაწერში მხარდამჭერებს მიმართავს: “თქვენ თუ თქვენ მეზობლებს ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის “თავისუფლება მიშას”, არ გამოვა”. მისივე თქმით, საჭიროა ხალხთან ღია ლაპარაკი, რადგან ამომრჩეველი სხვადასხვანაირია. მოგვიანებით, აღნიშნული ჩანაწერის პასუხად მან ვრცელი “ფეისბუქ” პოსტი დაწერა და ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან, როგორც მელია წერს, იგი ზუსტად იგივეს ახსნას ცდილობს პარტიულ შეხვედრებზე. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მელიას მხრიდან პრობლემის აღიარება და ამაზე საუბარი მისასალმებელი ფაქტია და ასევე მისასალმებელია ისიც, რომ მან ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ეს მოსაზრებები არ უარყო”, - დასძენს გამოცემა.
“როგორც ჩანს, ნიკა მელიას შესწევს უნარი დაინახოს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ის დონე, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. ეს ყველას შეუძლია, მაგრამ არ შეუძლიათ ხმამაღლა აღიარება, ეს კი მას ღირსებას მატებს. თუმცა, ამით არაფერი არ ემატება ენმ-ს. ის, რომ ნიკა მელიამ დაიწყო რეალობის დანახვა, ეს კარგის ნიშანია. არ აქვს მნიშვნელობა ის დარჩება თუ არა პარტიაში, ან გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას სხვა პარტიებთან. რეალობაზე საუბარი მის რეიტინგს საგრძნობლად ასწევს, მაგრამ მხოლოდ მელიასას და არა თავად პარტიისას. რაც შეეხება არის თუ არა ამ ჩანაწერის გავრცელება რაიმე სიკეთის მომტანი თავად “ქართული ოცნებისთვის”, მას ამით არც არაფერი დააკლდება და არც მოემატება, რადგან თავისი პრობლემები აქვს. თავად ჩანაწერი, ვფიქრობ, სპეციალურად გაკეთებულია, მაგრამ ნუ შეშინდება და უკან ნუ დაიხევს. არ ვარ მე მისი მომხრე, სულ ვაკრიტიკებ და ასეც გაგრძელდება, თუმცა, ნუ შეუშინდება ამ დამოკიდებულებას და ისე გააგრძელოს, როგორც ახლა მუშაობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
რამაზ საყვარელიძე - „ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა ისეთი დაქსაქსული, როგორიც ახლაა“.
“დღეს მსოფლიოში ისეთი მასშტაბის პროცესი მიმდინარეობს, რომელთანაც საქართველოს პოლიტიკური წონა მოსატანიც არ არის. საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული პოზიცია, რომლიდანაც არ გადაუხვევია, ახლა დგას და ელოდება. მოლოდინი ცუდი არ არის. იაპონურ ანდაზას შეგახსენებთ, ნუ გაეკიდები მტერს, დაჯექი მდინარესთან და მის გვამს ჩამოატარებსო. დააცადე, რა იცი, რა ხდება?! ჩვენ ჩვენი ამოცანები გვაქვს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავადაც აქტიურები არიან და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ჩვენ მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთს მიტაცებული აქვს”, - აცხადებს ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა ისეთი დაქსაქსული, როგორიც ახლაა“.
“ხელისუფლებამ თავისი იმით საქციელი ახსნა, რომ სიფრთხილე გამოიჩინა. რეზოლუციაში რუსეთის ხსენება შეიცავს თუნდაც იმ საფრთხეს, რომ ჩასვამდა სატვირთო თვითმფრინავში რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და გამოუშვებდა. არ გაუკეთებია?! რატომ არ ვფიქრობთ იმ ქართველებზე, რომლებიც შესაძლოა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ხოლო თუ რას გააკეთებდა ამათ ნაცვლად სააკაშვილი, რასაც პუნქტობრივად წერს, დიახ, ამას იზამდა, მოქმედების თავისუფლება რომ ჰქონდეს. და ასეთი გადაწყვეტილებებით დაგვაყენებდა ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის ამერიკა და ინგლისი! იცით, პრობლემა რა არის?! ინგლისსა და ამერიკას რუსეთი არ/ვერ უპასუხებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ დაგვტოვებს უპასუხოდ. ერთ მხარეს დევს რეზოლუციაში რუსეთის ხსენება-არხსენების საკითხი და მერე მხარეს - ადამიანების ბედი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ვის სჭირდება მსხვერპლი?! 2008 წლის მოვლენების შემდეგ დაწერილ ტალიავინის დასკვნაში ევროპელები გვსაყვედურობენ, ქართველები პროვოკაციაზე არ უნდა წამოგებულიყავითო. საბაბი არ უნდა მიგვეცა რუსეთისთვის, რომ საომარი მოქმედებები დაეწყო! ხომ არ გეჩვენებათ, რომ სააკაშვილის ეს იდეებიც შეიძლებოდა რუსეთის ხელახალი აგრესიის საბაბი გამხდარიყო? შემიძლია ვთქვა, რომ ამ იდეების ავტორი დაუფიქრებლად მოქმედებს. პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, ემოციებს არ აჰყვეს. მისი მსჯელობა პოლიტიკური გათვლების შედეგი უნდა იყოს. თუ ის გრძნობებს აჰყვება, ესე იგი, პოლიტიკოსად არ ვარგა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“კი, ადრე ვამბობდი, რომ სააკაშვილი კარგი პოლიტიკოსი იყო და ახლაც ასე ვფიქრობ. უბრალოდ, არა მგონია, დაუფიქრებლად მოქმედებდეს. თავისი განცხადებებით მიზნის მიღწევას ცდილობს. ახლაც ხან დეპრესიაზე საუბრობს, ხან ვერნიკეს სინდრომზე და ხან რაზე... ამით მანიპულირებს - ხან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს და ხან საზღვარგარეთ მკურნალობას. ეს დიაგნოზები სწორედაც პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება... მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი საქართველოში საბრძოლველად ჩამოვიდა. საბრძოლველად მომზადებული ადამიანი თანაპარტიელებს დაუკავშირდებოდა, ეგ კიდევ კონსპირაციულ ბინაში ხინკალს ჭამდა. რაც შეეხება ციხეშის, ჩვენ ხომ არ ვიცით, უკრაინიდან რატომ გამოიპარა? მარტო აქ კი არ შემოიპარა, უკრაინიდანაც გამოიპარა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და და შეკითხვაზე - “სააკაშვილი ამბობს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლით პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა” - პასუხობს:
“სააკაშვილი საქართველოში არჩევნების დროს ჩამოვიდა. რა შედეგი მიიღეს “ნაციონალებმა” ამ არჩევნებში?! რამდენიმე რგოლში კი აღნიშნეს გამარჯვება, მაგრამ მეეჭვება ეს სააკაშვილის დამსახურება ყოფილიყო. როგორც ადგილობრივ არჩევნებში ხშირად ხდება, ეს კანდიდატის პიროვნული ფაქტორით იყო განპირობებული. სხვა რაზე შეიძლებოდა ემოქმედა ან აწი რაზე შეიძლება იმოქმედოს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ “ნაციონალებმა” ციხესთან მხარდამჭერების მობილიზებაც ვერ მოახერხეს. ერთადერთი, რაზეც სააკაშვილმა გავლენა მოახდინა, იყო მისი მოწინააღმდეგეების მობილიზება და ვერ ვიტყვი, რომ ეს “ნაციონალებისთვის” მომგებიანია”.
“ადრეც ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურები, უბრალოდ, მაშინ ოპოზიციამ ბოლომდე ვერ გაიმარჯვა. ნარმანიას დროსაც არჩევნების ორი ტური ჩატარდა, სერიოზული საფრთხე იდგა იმისა, რომ დედაქალაქი ოპოზიციის ხელში აღმოჩენილიყო. ამჯერადაც ასე არ იყო? ასეთი რამ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვეულებრივი ამბავია და ამ მხრივ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი არაფერი ხდება. საკრებულოში კი შეთანხმდნენ, მაგრამ არა მგონია სხვა საკითხებზეც მოახერხონ თანამშრომლობა. ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა ისეთი დაქსაქსული, როგორიც ახლაა. ნახეთ, ახლა სააკაშვილის საქმის შესახებ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა გახდება განხეთქილების საგანი. კომისიის შექმნას პატარა პარტიები მხარს არ დაუჭერენ. ასეთი საკითხი მომავალში უფრო და უფრო მეტი გამოჩნდება. მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს უჭერს იმიტომ, რომ თავისი სიმართლის დამტკიცება სურს, აი, “ნაციონალებს” რისი იმედი აქვთ, არ ვიცი...”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.