ხათუნა ლაგაზიძე - “რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო”.
“საზოგადოებაც უნდა შევამზადოთ...” - სპეციალისტები საავადმყოფოების გადატვირთვასა და სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებენ
ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ”
დაკარგა თუ არა გახარიამ “მესამე ძალად” ქცევის შანსი - “საუკეთესო შემთხვევაში დღეს მისი რეიტინგი განახევრებულია”
თორნიკე შარაშენიძე - “საქართველო რუსეთს მეორე ფრონტს ვერ გაუხსნის”
* * *
ხათუნა ლაგაზიძე - “რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო”.
“იმ პროცესებში, რაც დღეს ხდება, რთულია რამე პოზიტიურის დანახვა, მაგრამ, როგორც წესი, მედალს ორი მხარე აქვს. დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ შექმნილი ვითარება, გარკვეულწილად, დასავლეთის ელიტის თვალის ახელის ინსპირატორად იქცა. ეს შეიძლება მთელ დასავლეთს არ ეხება, მაგრამ ნაწილს ნამდვილად მოუწია იმ რეალობის აღიარებამ, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ქმნის. ისინი ამაზე თვალს ვეღარ დახუჭავენ და მოუწევთ, შეიმუშაონ რუსეთის შეკავების სტრატეგია. მე ამ ნაწილს თვალახელილ დასავლეთს ვუწოდებ, რომლის მთავარ სახედ და ლიდერად ჩანს სწორედ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაციონალურობითა და რუსეთის მიმართ სიმკაცრით დაგვამახსოვრა თავი”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო”.
“ბლინკენი ადეკვატურ სახელს არქმევს 2008 წლიდან დღემდე რუსეთის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს და ძალიან მკაცრია სანქციებზე ლაპარაკისასაც. ის იმ ძლიერი ამერიკის სახეა, რომელიც მშველელად და დამცველად ეგულებოდა ბევრ ქვეყანას მსოფლიოში. ამ ფონზე 21 იანვრის შეხვედრა ცოტა უფრო მშვიდი იყო. აშკარაა, რომ დასავლეთი ცდილობს, კრიზისიდან გამოსასვლელად დიპლომატიური გზები მოძებნოს. არსებითი შედეგი ამ შეხვედრას არ მოჰყოლია, მაგრამ როგორც მონაწილეებმაც აღნიშნეს, ამას არც ელოდნენ. ერთადერთი სიახლე იყო განცხადებები, რომ აშშ რუსეთს წერილობით გააცნობს თავის პოზიციებს. აქ ერთი მომენტია საინტერესო: როგორც ამერიკულ, ისე რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის წერილობით პოზიცია არ გახმაურდება, რაც დასავლურ მედიაში ეჭვის საფუძველი გახდა. ეს არის მომენტი, რომელიც დაგვაფიქრებს, რა არის ამ დოკუმენტის გასაიდუმლოების საფუძველი და სიფრთხილისკენ გვიბიძგებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“სანქციების კანონპროექტი ეს 55-გვერდიანი დოკუმენტია და შეეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებსაც. მისი მიზანია, შემუშავდეს ნაბიჯები და სტრატეგია რუსეთის აგრესიის, მათ შორის - არაკონვენციური, ე.წ. პროქსიძალების შესაკავებლად. ამაში იგულისხმება ის გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს ოფიციალურად რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არ არიან, მაგრამ, ფაქტობრივად, კრემლიდან იმართებიან. როგორც წესი, ეს დაჯგუფებები იქმნება ამა თუ იმ ქვეყანაში რუსული აგენტურის და პრორუსულად განწყობილი ადამიანების ბაზაზე, ან ამაში უშუალოდ რუსული სპეცრაზმი მონაწილეობს, ოღონდ ისე, რომ მათ მოქმედებაში რუსული კვალი მაქსიმალურად არის დაფარული. აღარაფერს ვამბობ იმ მასირებულ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და რომლის მძიმე შედეგებსაც ახლა ყველა ერთად ვიმკით”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თავის დროზე რუსეთი “ცივ ომში” დამარცხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისი ენერგორესურსების გაყიდვის წყალობით სამხედრო თვალსაზრისით წელში გაიმართა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ქვეყანამ დასავლეთზე სერიოზული ჰიბრიდული შეტევა დაიწყო. მართალია, ამ მასირებულ ჰიბრიდულ ომში რუსეთი მთლად გამარჯვებული ვერ არის, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარად აღწევს წარმატებას. უკრაინასთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, როგორ არის გაყოფილი პოზიციები დასავლეთში და როგორ მოახერხა რუსულმა ფულმა, რომელიც ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია, ეყიდა დასავლეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი და გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე, რაზეც უკვე დასავლეთშიც ლაპარაკობენ. ამ ორიოდე დღის წინ საქართველოში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი და როცა წამოიჭრა საკითხი, რა უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, უპირველეს ნაბიჯად რუსული ფულის შეკავება დასახელდა, რაც დამანგრევლად მოქმედებს დასავლეთზე და მას “ბაბილონის გოდოლად” აქცევს, სადაც სულ უფრო რთულდება საერთო პოზიციების შემუშავება”, - განმარტავს ექსპერტი.
“მეტიც, ნატოს ზოგიერთ ქვეყანაში გაჩნდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთმა გადაწყვიტა თავისი სამხედრო გემების შავ ზღვაში შეყვანა, რასაც მოჰყვა ზოგიერთი საპარლამენტო პარტიის უკმაყოფილება, რომელთა ნაწილი დაუფარავად გამოხატავს რუსეთის მიმართ სიმპათიას. და ამ მხრივ ესპანეთი გამონაკლისი არ არის. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ამის უკან რუსეთი იდგეს. მეორე ფაქტორი, რის გამოც დასავლეთმა ყურადღება მოადუნა, არის საბაზრო ეკონომიკა, რომლითაც ის რუსეთის მობმას იმედოვნებდა. დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ეკონომიკური ჩართულობა და სავაჭრო-საფინანსო ურთიერთობები განაპირობებდა რუსეთში იმგვარი ელიტის ჩამოყალიბებას, რომელიც დასავლური დემოკრატიული საზოგადოების ნაწილად უფრო იგრძნობდა თავს და შეაკავებდა რუსეთის სვლას ავტორიტარიზმისა და იმპერიული ტენდენციებისკენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დასავლეთის ეს მიდგომა რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტად კი არ იქცა, პირიქით, რუსეთმა, გაეხსნა რა დასავლეთში სავაჭრო-ეკონომიკური სივრცე, თვითონ მიიბა იქაური ბიზნესის ინტერესები და დღეს ძალიან მსხვილი ევროპული ბიზნესის ნაწილი რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.
“კონგრესში წარდგენილი სანქციების კანონპროექტი საინტერესო დოკუმენტია, მასში პირდაპირ გვარ-სახელებით არიან მოხსენიებული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, პუტინით დაწყებული, ამ ჩინოსანთა ოჯახის წევრებით დამთავრებული. იქ ლაპარაკია, რომ უნდა გამოიკვლიონ მათი ქონება, ყველა ანგარიში და შემდგომ ეს ყველაფერი გამოქვეყნდეს. ასევე სანქციების ჩამონათვალში ხვდებიან ბანკები, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, ანუ ენერგორესურსებისა და მინერალების მომპოვებელი კომპანიები. ეს შეეხება “ჩრდილოეთ ნაკად 2”-ის პროექტთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებსაც. ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე: აშშ-ში ქონების დაბლოკვასა და ვიზების არმიცემაზე ან მოქმედი ვიზების გაუქმებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ...” - მიიჩნევს რესპონდენტი.
“ისმის კითხვა: რისი იმედი აქვს პუტინს, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის ეკონომიკაც ურთულეს მდგომარეობაშია? სამწუხაროდ, მას აქვს სწორედ იმ უპირატესობის იმედი, რომელიც მან დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში მოიპოვა: ევროპის ქვეყნებში საზოგადოების რყევა, ინსტიტუციების მიმართ ნდობის დაკარგვა, ნიჰილიზმის დამკვიდრება და ა.შ. მოკლედ, ის ყველაფერი, რასაც საქართველოში ვხედავთ. დასავლეთში არაერთი კვლევითი ცენტრი იკვლევს რუსეთის მოქმედებას. ვითარება ასეთია: იცი, ვინც გებრძვის, მაგრამ ეფექტიანი კონტრსტრატეგია არ გაქვს. დასავლეთში ჯერ ვერ მოიფიქრეს, როგორ შეაკავონ რუსული ფული და რუსული გავლენა საინფორმაციო ველსა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ელიტაზე, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება ამას აჩვენებს... ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, რომლის პასუხადაც მუქარანარევი გაფრთხილება მოვისმინეთ _ იმედია, საქართველო გაითვალისწინებს არსებულ გამოცდილებას და უფრო დაბალანსებული იქნება რუსეთთანო.. რუსეთმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რაღაც თქვენი სიჩუმე არ მომწონს და კიდევ უფრო უნდა გაისუსოთო”, - ამბობს ექსპერტი.
“ზოგადად, რუსული პოლიტიკის სტილია, რომ ის ერთი დათმობით არასდროს კმაყოფილდება. თუ რამე დაუთმე, მეტს და მეტს ითხოვს და მარწუხებში მანამდე გაქცევს, ვიდრე თავის სურვილს ბოლომდე არ აისრულებს.… არადა, ამ ხელისუფლებამ მეტი რაღა უნდა გააკეთოს, რაც ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა გააკეთა, როდესაც ევროპარლამენტარები, ფაქტობრივად, ქვეყანაში არ შემოუშვა. ევროპარლამენტარებისთვის კარის მიხურვა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ხელწერის - დასავლეთის მიმართ შეურაცხმყოფელი რიტორიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ქმავე დროს, ხელისუფლებისგან ვისმენთ განცხადებებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, გვაქვს გარანტიები, რომ ივნისში, ნატოს მადრიდის სამიტზე, ძალიან მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ნატოში შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისითო - ასეთი ტექსტი ამ ხელისუფლების პირობებში, მეტიც, 2008 წლის შემდეგ, არ მომისმენია”, - ამტკიცებს ლაგაზიძე.
“თავისთავად ეს ფრაზა იმედის მომცემია, მაგრამ მეორე მხრივ, მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, უკრაინის ნატოში გაწევრება ახლო პერსპექტივის საქმე არ არისო. და თუ არ გაწევრდება უკრაინა, საინტერესოა, რა იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ? მით უფრო, თუ უკრაინაში ომი დაიწყო… მოკლედ, საქართველოსთვის ამ თვალსაზრისით მიცემული გარანტიები ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია. ამერიკელები ამბობენ, რუსეთის სავარაუდო ნაბიჯების საპასუხოდ 18 კონტრსცენარი გვაქვს შემუშავებულიო და შესაძლოა, ესეც ერთ-ერთი სცენარის ნაწილი იყოს... რუსეთის “არგაღიზიანების” პოლიტიკა სწორედ ის არის, რაც ობამას პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკასა და ევროპაში ხდება, რასაც გადატვირთვის პოლიტიკა დაარქვეს და რამაც არ გაამართლა. სწორედ ამ პოლიტიკამ განაპირობა დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში რუსეთის უპირატესობა, რამაც არა მხოლოდ დასავლეთის, როგორც ერთი ნების მქონე სივრცის პარალიზება გამოიწვია და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობა გააღრმავა, არამედ უშუალოდ ამ ქვეყნებში ისეთი პრობლემები შექმნა, რომელთა გადასაჭრელად უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა უწევთ”, - დასძენს ექსპერტი.
“საზოგადოებაც უნდა შევამზადოთ...” - სპეციალისტები საავადმყოფოების გადატვირთვასა და სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებენ
“21 იანვარს ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, საზოგადოების ნაწილში პანიკის ნიშნები გაჩნდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიდემიის შესაკავებლად რაიმე ახალი შეზღუდვების შემოღება უკვე დაგვიანებულია და საზოგადოება უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ახლო მომავალში ჯანდაცვის სექტორი სერიოზული შეფერხებით იმუშავებს. ჯანდაცვის ექსპერტები შექმნილ ვითარებაზე აცხადებენ, რომ ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქმედი რეგულაციების მკაცრად დაცვასა და ვაქცინაციას. მათი პროგნოზით, ინფიცირების შემთხვევები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ხელახალი ლოქდაუნი გამორცხულია, რადგანაც ეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „საზოგადოებაც უნდა შევამზადოთ...“ - სპეციალისტები საავადმყოფოების გადატვირთვასა და სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებენ.
“21 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 11 039 შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 42 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 5 199 პაციენტი. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 17,28% შეადგინა. მართალია, 22 იავნარს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ მცირედით იკლო და 9 696 შეადგინა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. პირველ რიგში იმიტომ, რომ, როგორც წესი, კვირა დღისთვის ასეთი კლება დამახასიათებელია და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, კვირას მნიშნელოვნად გაიზარდა დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 20,28%. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მართალია “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც იმდენად, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს. ჯანდაცვის ექსპერტ ვატო სურგულაძის თქმით, ახლა რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე საუბრია ზედმეტია, რადგანაც რა აკრძალვებიც არსებობს, იმასაც არავინ აკონტროლებს. ამიტომაც დამატებით რეგულაციები მხოლოდ სიტყვიერად იქნება გაცხადებული და მისი კონტროლის მექანიზმი თუ არ იქნება, აზრი არაფერს აქვს. ამით მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას დავაზარალებთ, რომელიც ისედაც სულს ღაფავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რა რეგულაციებიც არსებობს, ისინი უნდა შესრულდეს. ქვეყანაში ნიღაბს არავინ ატარებს. დედაქალაქის გარდა, რეგიონებში ძალიან ცუდი სიტუაციაა. ბათუმში 14 დღეში 18 კონცერტი ჩატარდა. ქალბატონმა წულუკიანმა უაზრო მეჯლისი ჩაატარა ზუგდიდში დადიანების სასახლეში, სადაც 5 მილიონი ლარი გადაიხადა. 5 მილიონად, არ ვტრაბახობ, მაგრამ მთელს სამეგრელოს ავცრიდი. ქუჩა-ქუჩა დავივლიდი, პროპაგანდასაც გავუწევდი და ვაქცინაციასაც წარმატებით განვახორციელებდი. ამიტომ არაფერი ახალის მოგონება უკვე აღარ გვიშველის. არ აქვს მნიშვნელობა სადამდეც გინდა ავიდეს. რა რეგულაციებიც არსებობს, ის უნდა შესრულდეს. ამის დაცვაში მინისტრის მოადგილე მოსახლეობის პასუხისმგებლობას ხედავს. კი, ბატონო, მათაც თავიანთი მოვალეობა აკისრიათ, მაგრამ ეს მოსახლეობა პასუხისმგებელი რომ გახდეს, ამას ხელისუფლება უნდა არეგულირებდეს. ელემენტარული მწვანე პასპორტი შემოვიღეთ, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. გუდაურის და ბაკურიანის ძალიან დიდი კლასტერები გვაქვს. აღმოჩნდა, რომ არც მწვანე პასპორტები მოწმდებოდა და არც ნიღაბს არავინ არ ატარებს”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.
“ასეთი დამოკიდებულება კი იმანაც გააჩინა, რომ ვითომ ეს შტამი “ომიკრონი” სუსტია. ადვილად მიდის იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია დიდია. ჩვენთან კი არ არის აცრის ის რაოდენობა, რომ ვირუსის მიმდინარეობა სუსტი იყოს. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა სკოლები და სასწავლებლებია, რადგან სკოლებში ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვა არ ხდება. არ არის ცხელი წყალი და სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო ნიღბები 2 საათში ერთხელ უნდა იცვლებოდეს. განათლების სამინისტრომ ელემენტარულად ის ვერ მოახერხა, რომ ყველა მასწავლებელი აცრილიყო. 2 წელზე მეტი გავიდა და ამის მოხერხებაც ვერ შეძლეს. ამიტომ არაფრის ახალის გამოგონება საჭირო არაა. ბრიტანეთი ქუჩაში ნიღბის ტარებას აუქმებს, რადგანაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი აცრილია. ჩვენ კი ამას ვერ ვიზამთ, რადგანაც ვაქცინაციის დონე ძალიან დაბალი გვაქვს. მე რომ ვიყო, აუცილებლად შემოვიღებდი სავლადებულო აცრას გარკვეულ ადამიანებზე - ექიმებზე, ტაქსის მძღოლებზე, მასწავლებლებზე და სხვა ისეთი კატეგორიის ადამიანებზე, რომლებსაც ხალხთან უფრო მეტი კომუნიკაცია აქვთ”, - მიიჩნევს ჯანდაცვის ექსპერტი.
“ჩვენ ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი გვექნება. ყოველდღიურად გავღარიბდებით და ამდენი დაღუპული ადამიანი გვეყოლება. ხელისუფლება პანდემიას აღარ მართავს და ამბობს - თავში ქვა გიხლიათო. კარანტინის ვადა 5 დღემდე შეამცირა და ისიც კი ვერ უზრუნველყვეს, რომ მწვანე პასპორტის აპლიკაციაში 13 დღემდე ადამიანი გაწითლებული არ იყოს... სწრაფი ტესტი “ომიკრონს” არ ადასტურებს, ამიტომაც კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე ვიმყოფებით. ადამიანი ფიქრობს, რომ არ აქვს და რეალურად ინფიცირების წყარო ხდება. ეს შტამი ბავშვებში განსაკუთრებულ გართულებებს იწვევს და არ არის ასე მარტივად გადასატანი. ბავშვებს 2-3 კვირაში მაღალი სიცხეები ეწყებათ, გულის კუნთის ანთება ანუ მიოკარდიტი, გული პერანგის ანთება ანუ პერიკარტიდი, რომელიც საკმაოდ სერიოზული ანთებებია“, - განმარტავს სურგულაძე.
“ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რაიმე დამატებით აკრძალვას აზრი არ აქვს და ამ მხრივ ჩარევა დაგვიანებულია. ამბობს, რომ ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს სასწავლო დაწესებულებების ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის შეწყვეტაა. “საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს და აუცილებელია ავტობუსების და მეტროს შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა. მობილობის დროს ჩვენს მოსახლეობას ერთმანეთთან ახლოს დგომა უწევთ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ამ კუთხითაც გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს. “ომიკორინი” სწრაფად ვრცელდება. ამიტომ აუცილებელია სამედიცინო სექტორის კიდევ უფორ გამართვა”, - ამბობს გოგინავა, რომლის აზრით "ოჯახის ექიმებზე მიმართვიანობა გაიზრდება, ხოლო ამბულატორიულ სექტორს მეტი დატვირთვა ექნება”, - დასძენს გამოცემა.
“პაციენტების სწორი შეფასება უნდა მოხდეს. იმ ადამიანებს, რომლებსაც რთული მიმდინარეობა არ აქვთ, სხვადსახვა სამედიცინო სრევისები არ სჭირდებათ. მაგრამ, დიდი ალბათობით, საჭირო გახდება იმ ადამიანების ჰოსპიტალიზაცია, რომლებიც მაღალი რისკის მატარებლები არიან და ასევე ვაქცინირებულებიც არ არიან. რისკის სწორედ აქ არის და ჰოსპიტალის გადატვირთვა დიდ პრობლემებს შექმნის. ამიტომაც ოჯახის ექიმების დამატება უნდა მოხდეს... “ომიკორნი“ სწრაფად ვრცელდება, ბევრ ადამიანს ემართება, მაგრამ მერე მალევე გადადის. თუმცა ამ მხრივ ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგანაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ვაქცინაციის პროცესი ძალიან ცუდად მიდის. ჩვვენაირ ქვეყანაში ეს ტალღა როგორ წავა, რთული სათქმელია. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო და მივმართო, რომ ვინც მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, არ არის აუცილებელი ტესტირება საერთოდ ჩაიტაროს. ჯობია ეს ტესტირების ჩატარება და პრივილეგია იმ ხალხს მივცეთ, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საზოგადოებაც უნდა შევამზადოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაში შეფერხება იქნება და ეს პანიკურად არ მივიღოთ“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ”
“ქუჩის გადატანა პარლამენტში რეალობას ვერ შეცვლის. პარლამენტში ოპოზიციას სხვაგვარი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. შეიძლება ერთი და იგივე პირები იდგნენ ქუჩაშიც და საპარლამენტო ტრიბუნასთანაც, მაგრამ მათი რიტორიკა ქუჩაში სხვა უნდა იყოს, პარლამენტში - სხვა. შესაბამისად უნდა გამოიყენო ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული წარმატებაც. ოპოზიცია ამბობს, ხალხში გავალთო. ჰგონიათ, თუ ხალხში გავლენ და პირისპირ დაელაპარაკებიან, მიიმხრობენ... მნიშვნელოვანი ხალხთან ლაპარაკი კი არა, ლაპარაკის შინაარსია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის უინტერესო საკითხზე ტელევიზიიდან დამელაპარაკები თუ პირისპირ?!” - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ.
“ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის არის, რომ რეალობის გაანალიზებასა და ამის მიხედვით სამოქმედო გეგმის შედგენას კი არ ცდილობს, თავისი შეხედულების მიხედვით ადგენს გეგმას და უნდა მისთვის სასურველი რეალობა მოახვიოს ხალხს თავზე. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, ამიტომ შედეგს ვერასდროს მიიღებენ. დღემდე ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ხალხს საპროტესტო აქციებზე გამოსვლის განწყობა არა აქვს. არ უშველა ამ ამბავს არც სააკაშვილის ჩამოსვლამ, არც “ნაციონალების” წინასაახალწლო შიმშილობამ. შე დალოცვილო, გაარკვიე, როგორი რეალობაა, რა უნდა ხალხს და იმის მიხედვით იმოქმედე. როდესაც რაღაცას გეგმავ, გეგმას პერსონიფიცირება ხომ უნდა?! რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყანაში კორუფცია იყო, არის და როგორც ვატყობ, მომავალშიც იქნება. უბრალოდ, ფორმა იცვლება - იყო საყოველთაო, შემდეგ ელიტური გახდა, ახლა შერეულია. რატომ ვამბობ ამას? “ოცნება” ბიუჯეტის ფულს იპარავსო, უგულავა რომ იტყვის, ხომ არავინ მოუსმენს?! საზოგადოების 60%-ს ძალიანაც აღარ მოსწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიციის სჯერა და მის ბრძოლას კარიერისთვის, ახალი ბიზნესებისთვის ბრძოლად აღიქვამს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ოპოზიციას ერთი გამოკვეთილი ლიდერი არა ჰყავს, ხან ერთიანდებიან, ხან ერთმანეთს ლანძღავენ. მოდი, ისიც ვთქვათ, რატომ ცდილობენ “ნაციონალებთან” თანამშრომლობას, იმიტომ ხომ არა, რომ ეშინიათ, პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ? სიმართლე ის არის, რომ ვერ უძლებენ ვერც “ოცნების” და ვერც “ნაცმოძრაობის” ზეწოლას. ეს ორი ძალა ცდილობს წვრილ-წვრილი პარტიები გადაინაწილონ. ამას ვერ გაუძლეს პატარა პარტიებმა და ამან ამომრჩეველიც დააბნია... ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, ვაშაძეს, “ლელოს” ლიდერებს ან “გირჩის” დეპუტატებს შეზღუდული აქვთ ტელესივრცე. კი, ოპოზიციური ტელევიზიები ქმნიან სააკაშვილსა და “ნაციონალებზე” მორგებულ დღის წესრიგს, მაგრამ შენც ხომ გითმობენ დროს? თუმცა რა აქვთ მათ სათქმელი? პრესაც ხომ არსებობს, ვხედავ, თქვენთან ხშირად იბეჭდებიან ოპოზიციონერი ლიდერები, რისი თქმა სურთ და ვერ ამბობენ? ხომ შევიდნენ პარლამენტში “ლელოც”, “სტრატეგია აღმაშენებელიც, ‘მოქალაქეებიც”, “გირჩიც”, რატომ არ არიან აქტიურები?”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ნაცმოძრაობა” სააკაშვილის საკითხს არ მოხსნის დღის წესრიგიდან. სანამ სააკაშვილია უპირველესი თემა, პატარა ოპოზიციური პარტიები განწირული არიან მარცხისთვის. გამოსავალი პატარა ოპოზიციური პარტიებისთვის არის გადაჯგუფება! რაც უფრო სწრაფად გადაჯგუფდებიან, მით უკეთესი მათთვის. “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” უნდა დატოვონ ცალკე ორბიტაზე და თავად შექმნან ახალი, ერთიანი ბლოკი ან ალიანსი. გასაგებია, რომ თავდაპირველად მათი ელექტორატი არ იქნება დიდი, არც ქუჩა იქნება მათი ასპარეზი, მაგრამ მომავლისთვის უნდა ეცადონ. მაშინ მიეცემათ შანსი იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ”, - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი და შეკითხვაზე - “ვნახეთ “ოცნების” რეაქცია, როდესაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუს მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია `საქართველოსთვის~ წარმომადგენელი აირჩიეს სუბარმა ეს ამბავი “ნაციონალებისა” და გახარიას ქორწინებად შეაფასა” - პასუხობს:
“ოცნების” ასეთი რეაქცია გასაკვირი არ არის - არ აწყობთ პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე სექტორის გამოჩენა. რეალობა ცოტა სხვაგვარია - ეს არის კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რაც საპარლამენტო მმართველობისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მე ხელისუფლებასთან მაქვს კითხვა - თუ 2024 წელს ვერ შეძლებს 50+1-ის მოპოვებას, არ დაიწყებს მოკავშირე პოლიტიკური ძალის ძებნას? ეს ხომ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში?! გახარიას ჰქონდა ასეთი მოთხოვნა - საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო მისი პარტიის წევრი. ვინც შესთავაზა, იმასთან ითანამშრომლა. ხელისუფლების შეცდომაა ასეთ თემებზე აპელირება, ისევე როგორც ოპოზიციის შეცდომაა ხელისუფლების მუდმივად დადანაშაულება პრორუსობაში”.
“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსული გავლენისგან “ოცნება” თავისუფალია, ან “ნაცმოძრაობა” იყო თავისუფალი. ვფიქრობ, პროდასავლური ხელისუფლება ჯერ არც გვყოლია. ამიტომ ოპოზიციას ამაზე ლაპარაკი არაფერს მოუტანს. ისევე როგორც არაფრის მომტანია, უფრო სწორად, საზიანოც, როდესაც სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობ და პარალელს ავლებ სულხან მოლაშვილთან. როგორ ამბობ ასეთ სისულელეს?! ამის მერე ვინ დაგიჯერებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში სამართლიანი იქნები?!” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და ჩვენ მხოლოდ საკუთარ წვენში ვიხარშებით. ვისაც ჰგონია, რუსეთი თუ უკრაინაში ჯარს შეიყვანს, ჩვენ განზე დავრჩებით, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. ორი ტანკით დაამთავრებენ ჩვენთან ყველაფერს. ასეთი ამბავია ჩვენ გარშემო და ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, ვინ იშიმშილებს და ვინ პარლამენტში შევა. ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად... ეს ჩვენ გვსურს რეგიონული მოთამაშეები ვიყოთ, თორემ ასე თამაშის უნარი არც ამ ხელისუფლებას აქვს, არც წინას ჰქონია. უბრალოდ, დასავლეთისთვის პლაცდარმი ვართ და ოდნავ უკეთესი ვითარება გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, ისიც იმ თვალსაზრისით, რომ მათ ერთმანეთთან ომი აქვთ. “ოცნებას” ჰგონია, დუმილით ამ კონფლიქტის მიღმა ვიქნებით, მაგრამ ძალიან ცდება. დაბალანსების პოლიტიკა დღეს უსარგებლოა. შევარდნაძის პერიოდში ნეიტრალიტეტის არჩევის შესაძლებლობა იყო, დღეს სხვა ვითარებაა - თუ რუსეთი უკრაინაში შევა, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს და ეს ფასი აღარ გაიზრდება, თუ უკრაინას საქართველოსაც მიაყოლებს - აი, აქ არის ხიფათი! გუშინ კიდევ შეიძლებოდა დუმილი, დღეს აღარაფრით აღარ შეიძლება!” - დასძენს რესპონდენტი.
დაკარგა თუ არა გახარიამ “მესამე ძალად” ქცევის შანსი - “საუკეთესო შემთხვევაში დღეს მისი რეიტინგი განახევრებულია”
“ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” რეალური შანსი ჰქონდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა მათი აუხსნელი პასიურობისა და ენმ-ს მიმართ ხშირი რევერანსების გამო ეს შანსი პრაქტიკულად ხელიდან გაუშვეს. ამის შესახებ “რეზონანსს” ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ექსპრემიერის პარტიამ თავისი რეიტინგის დაახლოებით ნახევარი დაკარგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაკარგა თუ არა გახარიამ “მესამე ძალად” ქცევის შანსი - “საუკეთესო შემთხვევაში დღეს მისი რეიტინგი განახევრებულია”.
“გასულ კვირას მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა გახარიას პარტია ენმ-სთან გარიგებაში და ამის მაგალითად წალენჯიხის საკრებულო მოიყვანა. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია გახდა და მას ამ პოსტზე მხარი საკრებულოს ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა “ქართული ოცნების” წევრებს არ მიუღიათ. ამ ბრალდების საპასუხოდ გახარიას თანაგუნდელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას “საქართველოსთვის” “ნაციონალურ მოძრაობასთან” არც ერთ საკრებულოში კოალიცია არ შეუქმნია. მისივე თქმით, პარტიას “საქართველოსთვის” კოალიცია არც “ქართულ ოცნებასთან” ექნება და საკუთარ გეგმას მიჰყვება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამასთან, “საქართველოსთვის” წევრები პარტიას ტოვებენ და მმართველი გუნდის შეფასებით, კადრების გადინება “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციის ბრალია და პარტია მძიმე მდგომარეობაშია. საპასუხოდ ლილუაშვილი აცხადებს, რომ თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება არ დაუშვას, ეს გახარიას პარტიაა, “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტად აწყობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზზე “ნაციონალური მოძრაობა” იყოს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, გახარიას გაუგებარი პოლიტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები აქვს, რითაც იმ მხარდამჭერებს კარგავს, რომლებიც არც “ოცნებას” და არც ენმ-ს მხარს არ უჭერენ”, - განაგრძობს გამოცემა.
“მიმაჩნდა, რომ გახარიას პარტიის გამოჩენა ამ არჩევნებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა და ვთვლი, რომ შედეგიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ იმ ფონზე, რომ დღეს აქტიური პოლიტიკური ცხოვრება მიდის და ამ დროს გახარია და მისი პარტია პრაქტიკულად არსად არ ჩანს, ვთვლი, რომ ეს მისთვის წამგებიანია. ვვარაუდობ, რომ დღეს რომ არჩევნები ან გამოკვლევა ჩატარდეს, მას ის 10%-იც ალბათ არ ექნება. მათი ასეთი პასიურობა რითია გამოწვეული, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ფაქტი სახეზეა - არჩევნების შემდგომ მის ამ პასიურობას ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსიც აღნიშნავს. გახარიას გაუგებარი პოლიტიკა აქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“მისთვის მომგებიანი იყო მათი ხმები აეღო, ვისაც არც “ოცნება” უნდა და არც ენმ და ქართულ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, მესამე პოლუსი გაჩენილიყო. ამის შანსი რომ ჰქონდა, ადგილობრივი არჩევნების შედეგებმაც ანახა, მაგრამ გახარიას პარტიამ “ნაცმოძრაობის” მიმართ საკმაოდ ხშირი რევერანსები გააკეთა და ბუნებრივია, რომ ვისთვისაც ენმ მიუღებელია და ვინც გახარიას ხმას აძლევდა, დღეს უკვე ხმას აღარ მისცემს. გახარია ამას რატომ აკეთებს, ეს ნაბიჯები ჩემთვის გაუგებარია. ისევე, როგორც გაუგებარია რატომაა დღეს ის და მისი პარტია პასიური. საინტერესოა დღეს გახარიას და მის პარტიას რა რეიტინგი ექნება. კარგი იქნება, თუ რომელიმე მედია გამოკითხვას ჩაატარებს. მიმაჩნია, რომ საუკეთესო შემთხვევაში გახარიას რეიტინგი განახევრებული იქნება, თუ უფრო დაკლებული არა”, - დასძენს საყვარელიძე.
თორნიკე შარაშენიძე - “საქართველო რუსეთს მეორე ფრონტს ვერ გაუხსნის”
“რუსეთი კარგად ხედავს, რომ დასავლეთი არ არის ერთსულოვანი, მათ შორის არც სანქციების დაწესების საკითხში. ხედავს, რომ დასავლეთს უკრაინის დაცვის არანაირი ვალდებულება არა აქვს და, როგორც ჩანს, ინფორმაციაც აქვს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სუსტია. აქედან გამომდინარე, მაზანდა ძალიან ასწია და მაქსიმუმს ითხოვს. მაგალითად, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის სანქცირება დასავლეთისთვისაც კატასტროფა იქნება. ამას ისმენს რუსეთი და იმედი უჩნდება, რომ ნატო არათუ ომს არ დაუწყებს, რადგან ეს მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება, სანქციებსაც არ დაუწესებენ”, - აცხადებს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო რუსეთს მეორე ფრონტს ვერ გაუხსნის” / “რუსეთი თუ ომს დაიწყებს, ალბათ, უკრაინას ბოლოს მოუღებს”.
“არა მგონია, რუსეთმა ომი ასე მარტივად დაიწყოს. სულ ცოტა, სურს მსოფლიოს თავისი ძალა აჩვენოს, ოდნავ მაინც უკან დაახევინოს და ნატოს დისკრიმინაცია მოახდინოს. მოლაპარაკება ახლახან დაიწყო და არა მგონია ამ დღეებში შეტევაზე გადავიდეს. თუ ომს დაიწყებს, ალბათ, უკრაინას ბოლოს მოუღებს და დანაკარგიც დიდი ექნება. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ რუსეთისთვის ადამიანური დანაკარგი არაფერია და ამაზე მიდის, - ჩეჩნეთის ომები გავიხსენოთ. თუ უკრაინაში ომს დაიწყებს, გააჩნია, რა მსხვერპლზეა წამსვლელი, უკრაინა რამდენად შეძლებს შეტევების მოგერიებას. უკრაინა აცნობიერებს, რომ თვითონ უნდა იომოს, არავინ დაეხმარება. დასავლეთი ეხმარება იარაღით, შესაძლოა სანქციები დაადოს რუსეთს, მაგრამ მის მაგივრად ვერ იომებს. რუსეთთან ატომურ ომს არავინ დაიწყებს და ძალიან კარგი, რადგან ამას მთელი მსოფლიო გადაჰყვება. ახლა მთავარი ის არის, უკრაინა რამდენად არის მზად, ბოლოს და ბოლოს აჩვენოს ძალა და დასავლეთის მიერ მიცემული იარაღით სერიოზული ზიანი მაინც მიაყენოს, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს. აქამდე დადის ყველაფერი - აქვს თუ არა უკრაინას ომის შნო თავისი ძალებით, მაგრამ დასავლეთის იარაღის დახმარებით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ამერიკამ ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა - ავღანეთში დიდხანს დარჩა, რის გამოც რესურსები გახარჯა. მერე იყო ერაყის ომი. ყოველივე ამის გამო უზარმაზარი ზარალი ნახა და შეელახა პრესტიჟიც, რაც უფრო მნიშვნელოვანია. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ რუსეთის ეკონომიკური ზრდა სწორედ ერაყის ომის დროს დაიწყო - ომმა ნავთობი ძალიან გააძვირა და მოგებული რუსეთი დარჩა. ყოველივე ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მოხდა, ამიტომ რუსეთის ამ ზომამდე მისვლა მრავალი ფაქტორის დამსახურებაა... როდესაც ნატოში ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ, სხვა ვითარება იყო, რის შემდეგაც ორივესთვის, ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც, უარესობისკენ შეიცვალა. ამ ვითარებაში უკრაინის ნატოში მიღება ზღაპარია. მაშინ უნდა მიიღონ აღმოსავლეთ უკრაინის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ამაზე უკრაინა ხელს არ მოაწერს. შესაბამისად, როდესაც გვესმის ვიშვიში, უკრაინამ გაგვასწრო, შეგვასწრო ნატოშიო, დიდი სისულელეა. უკრაინა გაცილებით მძიმე დღეშია. აშშ და გერმანია ნატოს კონტექსტში უკრაინას ხშირად რომ ახსენებენ, იმან განაპირობა, რომ უკრაინა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დასავლეთში რუსეთის ქმედებებს ერთსულოვნად გმობენ, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრება აქვთ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებზე. კონტრზომებზე აშკარად აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი ქვეყანა თავისი მდგომარეობის გამო ლოიალურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ და ამით კრემლი ძალიან კარგად სარგებლობს. რაც შეეხება ლიდერობას, არა მგონია, ეს იყოს მათი ქმედებების განმსაზღვრელი. საქმე ის არის, რომ ევროპის ქვეყნები პრობლემას განსხვავებულად უყურებენ, ვიდრე ამერიკა. ამერიკა რუსეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული, მისგან შორს არის და არც ეშინია მისი. გერმანია ახლოსაა, ეკონომიკურად უფრო დამოკიდებული და პლუს, რუსეთის ეშინია. ამიტომ მათი დამოკიდებულება ერთნაირი ვერ იქნება”, - მიიჩნევს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და შეკითხვაზე -“გასაგებია, რომ უკრაინა სუსტია, მაგრამ რუსეთი ბლეფზე მიდის თუ მართლა აქვს ომისთვის რესურსი?” - პასუხობს:
“ეს ძალიან საინტერესოა. რუსეთის ეკონომიკა ძალიან ჩამორჩება ამერიკისას, მაგრამ ის უპირატესობა აქვს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად დიქტატურაა, შიდა აფეთქების პრობლემა არა აქვს, არ აწუხებს არც მედიის, არც ოპოზიციის კრიტიკა. გარდა ამისა, მსოფლიოში სიძლიერით მეორე სამხედრო ძალაა თუნდაც ბირთვული იარაღის დამსახურებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაეროში აქვს ვეტოს უფლება. შესაბამისად, ვერასოდეს დაადებენ ისეთ სანქციებს, რაც ყველასთვის სავალდებულო იქნება. მაგალითად, ათი წლის წინ ირანსაც ლამის მთელმა მსოფლიომ დაუწესა სანქციები და ისე გაუჭირდა, მოლაპარაკებაზე წავიდა. რუსეთს გაერო მსგავს სანქციებს ვერ დაადებს ვეტოს უფლების გამო. ამას ემატება უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსი, ვხედავთ, იზრდება ფასები ნავთობსა და გაზზე და ამის გამო მის ეკონომიკას დიდხანს არაფერი გაუჭირდება”.“რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ რეალურად არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, უკრაინას სიტყვიერი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. თუ ვინმეს სურს საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას, ეს მისი პრობლემაა, რადგან რომც მოვინდომოთ, ვერ გავხსნით. ვიღაცებს კი უნდათ ომი, მაგრამ ვერ ვიომებთ”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე.