ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი განმარტავს, პროკურატურის მიერ დღეს სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკადრებით, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს, 7 მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება.

ამასთან, ბასიალაია აცხადებს, რომ 7 ნოემბერს ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება და რომ პოლიციელების მხრიდან ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა გადაცდომებს ადგილი.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა 7 ნოემბერთან დაკავშირებით კადრები, ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე იყო გაფრთხილება, ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მომიტინგეებს საკმაო დრო მიეცათ, საპოლიციო მოთხოვნა შეესრულებინათ. საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეთა რაოდენობა ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ გზის გადაკეტვის აუცილებლობა მდგარიყო, ვნახეთ, რომ მხუთავი აირით დაზიანებულ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. ასევე ვნახეთ საკმაოდ მძიმე კადრები, როცა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე და ეს არ ყოფილა პერმანენტული. მე არ მითქვამს, რომ აქციის დაშლის დროს ყველა ეპიზოდში იყო პროპორციული ძალა.

ვნახეთ, რომ აქ რეზინის ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა განსხვავებით 20 ივნისისა, როცა ხალხს თვალები დათხარეს. თუ პროკურატურა ამბობს, რომ ამ საქმის ფარგლებში სიმართლეს ობიექტურად იკვლევენ და სიმართლე აინტერესებთ, ერთი პოლიციელი მაინც რატომ არ არის დაკითხული? 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ვინ დაიჭირეს? - პოლიციელები, გადაცდომას ჰქონდა ადგილიო, ამ საქმეში კი არც ერთი პოლიციელიც კი არ არის დაკითხული. ამ საქმეში პროკურატურას პოლიტიკური მოტივაცია და ინტერესი აქვს. ვიდეოს გამოკვლევის დროს, პროკურატურა კადრებიდან კადრებზე ხტებოდა, სრულად არ გაუშვა, არ გაუშვა ამ საქმეში მათ მიერვე მოწმედ მოყვანილი იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებები, ნოღაიდელი ამბობდა, რომ ეს საპოლიციო ღონისძიებები იყო კანონიერი, სასამართლოში კი საუბარი სხვაგვარად დაიწყო. ვიდეოებში, რომლის დემონსტრირებაც დღეს მოახდინეს, რომელიმე თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ რაიმე დავალებაზე არ მიუთითებს. იყო საპოლიციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც იყო გარკვეული გადაცდომები, რასთან დაკავშირებითაც, პროკურატურას, ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია“, - განაცხადა ბასილაიამ.

კითხვაზე, თუ რატომ ურეკავდა მიხეილ სააკაშვილი დარბევის დღეს იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, თუკი, მისივე განცხადების მიხედვით, დარბევის შესახებ ტელევიზიით გაიგო, ან რატომ დააჯილდოვა დარბევაში მონაწილე პოლიციელები, ადვოკატი აცხადებს, რომ 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.

„რა წერიაო დაჯილდოების ბრძანებაშიო? სთხოვეთ პროკურორებს წარმოგიდგინოთ დოკუმენტი. ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ პროცესზე, პოლიტიკურ ნაწილში, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მაგალითად, კონკრეტულ დღეებში ნებისმიერი თქვენგანი დღის მანძილზე 5-ჯერ, 10-ჯერ მირეკავს, ვინმეს შეუძლია მხოლოდ იმის გამო, რომ ზარებია, დააადგინოს რაზე ვისაუბრეთ? ცალსახად ვამბობ, არათუ ინსტრუქცია, საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით კონკრეტული რაიმე ტიპის საუბარი რომ ყოფილიყო, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. მსგავსი რამ წარმოდგენილი რომ იყოს, პროკურორები ვარაუდებზე კი არ ილაპარაკებდნენ, დემონსტრირებას მოახდენდნენ“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა