თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება. გორის ჰოსპიტლიდან გამოგზავნილ განცხადებაში სააკაშვილი აცხადებს, რომ პროცესს ავადმყოფობის და სისუსტის გამო ვერ დაესწრება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ექნება. ადვოკატები სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.