გია ხუხაშვილი - “დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათოა...”
სამი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში - რამდენად რეალურია ასეთი შეხვედრა და რა მოჰყვება მას
ბადრი ჯაფარიძე - “დიახ, ჩვენს საქმეში ჯგუფური დანაშაული ნამდვილად არის, ოღონდ ეს პროკურორებმა ჩაიდინეს“
გახარიას პარტია ენმ-ის წინადადებას მხოლოდ ნაწილობრივ დათანხმდა - სად არის ლოკალური კრიზისი და რა მოხდება ამ საკრებულოებში
ვახტანგ ძაბირაძე - “ძალიან არ მომწონს, რომ ოპოზიცია განულებისკენ მიდის, მაგრამ ეს რეალობაა”
* * *
გია ხუხაშვილი - “დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათოა...”
“როდესაც დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვლაპარაკობთ არა მარტო გეოპოლიტიკურ, არამედ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაზე, სამყაროს აღქმის ორ სრულიად განსხვავებულ კონცეფციაზე. რუსეთი კვლავაც ხელმძღვანელობს მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი პრინციპებით, როდესაც სამყარო იყოფა გავლენის სფეროებად და რა დროსაც ძლიერები თავისი ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ სუსტებს. შესაბამისად, სამყაროს გეოგრაფია ლაგდება ამგვარი პრინციპით - რაც უფრო ძლიერი ხარ, მით დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს შენი გავლენა. დასავლური კონცეფცია კი ფასეულობათა სისტემიდან გამომდინარე აგებულია სუსტის და ძლიერის უფლებრივ გათანაბრებაზე - ანუ სუსტი ხარ თუ ძლიერი, შენ გაქვს შენი სუვერენული უფლება იმისთვის, რომ აირჩიო შენი გზა. სწორედ აქ არის კონფლიქტი - რუსეთი არ აღიარებს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ სუვერენული უფლება თვითონ აირჩიონ განვითარების გზა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათოა...”
“როდესაც კონფლიქტი ატარებს მსოფლმხედველობრივ ხასიათს, შეთანხმება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. რადგან ეს არის სამყაროს აღქმის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები. ამიტომაც არის დღეს შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო... შეიძლება ითქვას, რაც დღეს უკრაინასთან ხდება, პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, უფრო სწორად, საქართველოც ამ პაკეტის ნაწილია, ანუ ორივე ქვეყანა დღეს დიდი გლობალური დაპირისპირების მონაწილეა. ის, რაც მოხდება უკრაინაში, დიდი ალბათობით მოხდება საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლოა ჩვენ ეპიცენტრში არა ვართ. არა მგონია, ეს ყველაფერი ცხელ ფაზაში უახლოეს მომავალში გადავიდეს. ბირთვულ დაპირისპირებაზე ლაპარაკიც მხოლოდ კუნთების თამაშის ნაწილი მგონია, თუმცა მაღალი ტემპერატურა, ალბათ, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. რუსეთი შეეცდება სარფიანად ივაჭროს დასავლეთთან. მოკლედ, მიდის, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური ვაჭრობა, რაც, ჩემი აზრით, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ ვიქნებით პერმანენტული კრიზისის ფაზაში, რეალურად საფრთხე დიდი იქნება, ორივე მხარე შეეცდება თავისი ხაზი გაატაროს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“რაც შეეხება ე.წ. "3+3" პლატფორმას, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს აქვს სხვა კოზირებიც. ერთ-ერთი არის ეს ფორმატიც, რაც ქმნის დამატებით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, საქართველომ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, მაგრამ დიდ თამაშში, რომელშიც დიდი მოთამაშეები მონაწილეობენ, ზოგჯერ ჩნდება ისეთი წინადადებები, რაზეც უარის თქმა არც ისე მარტივია. ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ ისეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც დაგვრჩება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის; სიტუაციაში, როდესაც შესაძლოა ასეთი ალტერნატივის წინაშე დავდგეთ - ან ამ ერთობაში შესვლა, რაც ნიშნავს სამი დიდი ქვეყნის, ირანის, თურქეთისა და რუსეთის გავლენაში ყოფნას, ან რუსეთმა გვაიძულოს “ტრაქტატ 2”-ზე ხელმოწერა. ყველა დეტალზე, თუ როგორ შეიძლება ამ სცენარების გათამაშება, ახლა ვერ ვილაპარაკებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სავარაუდო სახიფათო სცენარების დამუშავება-გაანალიზება ხელისუფლებაში დაწყებულია, რათა ისევ არ აღმოვჩნდეთ ერეკლე მეორის მდგომარეობაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“სამწუხაროდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მოწყვლადია ასეთი მძიმე ტიპის თამაშებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული გვაქვს დასავლური ვექტორი და სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული კატეგორია. ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული სისტემა. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ისე იქცევა, რომ თითქოს მისი გეოგრაფიული არჩევანი დასავლეთია, მაგრამ რეალურად, მმართველობითი სისტემის გათვალისწინებით, მისი არჩევანი უფრო მეტად რუსეთია - ავტორიტარიზმისკენ გადახრილ მმართველობას ვგულისხმობ. დასავლეთს აქვს საქართველოში თავისი ინტერესები, მაგრამ ეს ქვეყანა მისთვის დარჩება უცხო სხეულად, სანამ ის მმართველობითი მოდელი არ იქნება მიღებული ჩვენთანაც, რომელიც შეესაბამება დასავლურ ფასეულობათა სისტემას. საქართველოში რუსული პროპაგანდის მასშტაბის ზრდაც საკმაოდ მარტივად ასახსნელია - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ერთადერთი ინტერესი აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება, ის რეალურად არც პროდასავლურია და არც პრორუსული”, - განმარტავს ექსპერტი.
“თუ გადავხედავთ ბოლო წლების საარჩევნო პოლიტიკას, ვნახავთ, რომ სახელისუფლებო ძალა სათავისოდ კარგად იყენებდა სწორედ იმ ულტრარადიკალურ, ულტრანაციონალისტურ და ანტილიბერალური შინაარსის გზავნილებს საზოგადოების იმ ნაწილის მისამხრობად, რომელზეც რუსული პროპაგანდაც მუშაობს - ანუ ამ შემთხვევაში ემთხვეოდა ხელისუფლებისა და რუსული პროპაგანდის გზავნილები ერთმანეთს. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებამ იზრუნოს ამის შეზღუდვაზე? ხომ გახსოვთ კამპანია “გარეჯი საქართველოა”? ეს ხომ რეალურად მხოლოდ საარჩევნო მანიპულაციისთვის შემოტანილი თემა იყო, რომლითაც ცდილობდნენ საკუთარი თავი ეკლესიის, რელიგიის დამცველად შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, რაც პირდაპირ ემთხვევა რუსული პროპაგანდის შინაარსს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება და ღარიბაშვილი თვითონ იყვნენ, უკაცრავად და, “ალტინფო”. მათი ყალბი ულტრაპატრიოტული წინასაარჩევნო კამპანია ულტრაკონსერვატიზმში გადადიოდა. თუ გავიხსენებთ ღარიბაშვილის განცხადებებს წინასაარჩევნოდ, არაფრით განსხვავდებოდა რუსული პროპაგანდის აქაური რუპორების განცხადებებისგან”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
“გასაგებია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რწმენის ან რუსული ვექტორის კი არა, პოლიტტექნოლოგიური საკითხი იყო, მაგრამ რიგ შემთხვევაში ამის გამიჯვნა ძალიან რთულია. ამგვარი განწყობების დათესვით, ერთგვარი ოქლოკრატიის დაწესებით, ადვილია საზოგადოების მართვა. ოქლოკრატია არის ბრბოს ძალაუფლება, ვითარება, როდესაც ცდილობ, რომ ადამიანს გაუთიშო გონება და დაუსახო ირაციონალური საფრთხე, მიმართო მისი განწყობა ამ საფრთხისკენ და ყველა პრობლემა ქვეყანაში დააბრალო მას, რაც ოდნავადაც არ არის ახლოს რეალობასთან. როდესაც ხელისუფლება ასეთ სიბნელეს კვებავს, ამას აკეთებს წმინდა პოლიტიკური მიზნით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ პარალელურად რომ რუსულ პროპაგანდას აძლიერებს და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, ამაზე არავინ ფიქრობს. ეს პრობლემა გაცილებით ღრმაა, ეს განწყობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ინერგებოდა, მერკანტილური მიზნისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ამით იხეირა რუსეთმა, რადგან ჩვენი საზოგადოების ნაწილი დაავადდა ამ პროპაგანდით. ყველას არ ჰყოფნის განათლება იმისთვის, რომ გაარჩიოს ამ ყველაფერში ფარსი და რეალობა”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ვფიქრობ, სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება და ამით მანიპულირება შეეძლო როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უკრაინულ ოლიგარქიასაც. სააკაშვილი არის ფიგურა, რომელსაც შეიძლება უბიძგო და ათამაშო ის თამაში, რაც სამივე მხარეს აწყობს. თუ დღეის მდგომარეობით შევაფასებთ სააკაშვილის ჩამოსვლის შედეგებს, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და იმავე ოპოზიციისთვის უარყოფითია. წარმოიდგინეთ, ორი თვის განმავლობაში რა აბსურდში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა და კვლავაც აქვს უზარმაზარი პრობლემები, ვიღვიძებდით და ვიძინებდით სააკაშვილით, რაც კომფორტული იყო ხელისუფლებისთვის, რომელსაც ძალიან ბევრ პრობლემაზე პასუხები არა აქვს და ურჩევნია იქილიკოს სააკაშვილზე... საბოლოოდ ნახეთ, სადამდე დავედით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის სააკაშვილის გათავისუფლება, არ ჩამოსულიყო და არ იქნებოდა ამის მოთხოვნა საჭირო. პოლიტიკური პროცესიც მეტად სტაბილური იქნებოდა. რეალურ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე აპელირებით, ვფიქრობ, ოპოზიციასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა. იმდენი ენერგია დაიხარჯა ჯერ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე, ახლა მის გათავისუფლებაზე ლაპარაკით... პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად 50, 60 და მეტი ადამიანი გვეღუპება "კოვიდით". ამ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერი ღირს?!” - ამბობს ექსპერტი.
“სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, ვფიქრობ, სულ სხვა პოლიტიკური ვითარება გვექნებოდა და ხელისუფლებაც ვერ იქნებოდა ასეთი გაჯეჯილებული. არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა ეს შეგნებულად გააკეთა. მას ეს შეიძლება “შეუსრულეს”... იქ უკრაინელ ოლიგარქებს სურდათ მისი თავიდან მოცილება, აქ `ქართული ოცნებისთვის~ აღარ იყო საკმარისი სააკაშვილი შორს და აქ იმის ძახილი, მგელი მოდისო, და, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ ამაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობასაც... ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის ფაქტორი არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, ამ ეტაპზე `ქართულ ოცნებაში~ მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება მათთვის მომგებიანია. თუ რაღაც მომენტში სააკაშვილი უფრო მეტ თავსატეხად იქცა, შეიძლება იფიქრონ კიდეც ქვეყნიდან მის გაყვანაზე. ეს როდის მოხდება, დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც, მათ შორის ოპოზიციის ადეკვატურობაზე. პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ პროცესის განვითარების ორივე ვარიანტი დევს პოლიტიკურ დახლზე”, - დასძენს გია ხუხაშვილი.
სამი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში - რამდენად რეალურია ასეთი შეხვედრა და რა მოჰყვება მას
“მოხდება თუ არა საქართველოს სამი პრეზიდენტის შეხვედრა და იპოვნიან თუ არა ქვეყანაში შექმნილ პოლიტკურ კრიზისიდან გამოსვლის გზას? მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ამ ინიციატივას ახლა მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იზიარებს და მიიჩნევს, რომ მე-5 პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელიც შერიგებაზე საუბრობს, შეხვედრა ახლა ყველაზე დროული და კარგი გამოსვალი იქნება. სალომე ზურაბიშვილის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისმა განცახდებამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე გამოსვლისას გარკვეული პოლიტიკური მოლოდინი გააჩინა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიის ორი საყრდენის - არჩევნებისა და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას არყევს. სიძულვილისა და პოლარიზაციის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად საუბარს ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში - რამდენად რეალურია ასეთი შეხვედრა და რა მოჰყვება მას.
“ანალიტიკოსთა აზრით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ციხიდან გაკეთებული შეთავაზება სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე აბსურდულად გამოიყურება. პირველ რიგში გაუგებარია რა უნდა იყოს მათი საუბრის თემა და რა იდეა შეიძლება წამოაყენონ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე უარი თქვა, მისი მხრიდან გორის ჰოსპიტალში მისვლა არალოგიკური ჩანს... „როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ. თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას... ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ანალიტიკოსებს სამი პრეზიდენტის შეხვედრის არ სჯერათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება სამი პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით ნამდვილად კარგი იდეაა, მაგრამ ქართულ რეალობაში რომ ვერ განხორციელდება, ეს დღესავით ნათელია. ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ძნელად წარმოსადგენია სააკაშვილთან ჰოსპიტალში მოსალაპარაკებლად მივიდეს პრეზიდენტი, რომელიც საჯაროდ და გადაჭრით ამბობს უარს მის შეწყალებაზე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე რამდენიმე მიზეზით გააკეთა. სავარაუდოდ მან იმაზე გააკეთა აქცენტი, რისი მოსმენაც იქ იმ წუთას ჩვენს პარტნიორებს უნდოდათ. თუმცა, თუ ასე არ არის, საყვარელიძის აზრით, მაშინ შერიგება ზურაბიშვილმა პირველ რიგში თავად უნდა დაიწყოს და სააკაშვილი შეიწყალოს. სხვაგვარად მასთან გორის ჰოსპიტალში მისვლა და მონახულება ძალიან დიდი აბსურდი იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.
“მიხეილ სააკაშვილს თავის პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს - ეს კაცი ერევა იქაც კი, სადაც მისი ჩარევა პირიქით, უკუშედეგს მოიტანს. შარლ მიშელი ჩამოვიდა აგერ და კაცი რამდენიმე თვე წვალობდა როგორმე რამეზე მოვრიგებულიყავით და ზურაბიშვილმა რა მორიგება უნდა შეძლოს? მაშინ რაღაც საზოგადოებისგან დააკომპლექტებული ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელსაც ორივე მხარე ენდობა და პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან. ეს კი ძალიან დიდი და ხანგრძლივი პროცესია. მეორეც - როცა “ოცნებაც” და “ნაციონალებიც” ერთმანეთს წითელ ხაზებს უვლებენ, რა მორიგებაზე უნდა ვისაუბროთ? ხელისუფლება ენმ-ს ეუბნება, რომ დანაშაული აღიარე, თავი დამნაშავედ გამოაცხადე და მერე დაგელაპარეკებითო. “ნაციონალები” კიდევ “ოცნებას” კაპიტულაციის გამოცხადებას და ხელისუფლების გადაბარებას სთხოვენ. შეხების წერტილი ამ ხალხს წლებია ვერ უპოვია და ზურაბიშვილი აპოვნინებთ? გარდა ამისა, პრეზიდენტები რაზე უნდა შეხვდნენ, ვერ გავიგე. კარგი, მარგველაშვილი დათანხმდეს, მაგრამ ზურაბიშვილი რაზე დასალაპარაკებლად უნდა მივიდეს?! მაშინ პირდაპირ შეიწყალოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ზურაბიშვილის გამოსვლა უფრო დასავლეთისთვის განკუთვნილი შეიძლება ყოფილიყო. მან თქვა ის, რისი მოსმენაც იქ უნდოდათ. ეს უფრო დიპლომატიური სვლა იყო, რაც კარგია. თუმცა აქ ის სრულიად სხვა პოლიტიკრ თამაშში იმყოფება. მეორეც, მე დასავლეთიდან ვერ ვხედავ იმ დონის ზეწოლას, რომ მას სააკაშვილის შეწყალებას ვინმე სთხოვდეს. ან დასავლეთი სააკაშვილის უკან ხელისუფლებაში დაბრუნების მსურველი იყოს. პირიქით, ერთხელ გაჭრილი კარტის გამოყენება არავის უნდა. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ დასავლეთიდან ზეწოლა წამოვა და ხელისუფლება იძულებული იქნება სააკაშვილი გაათავისუფლოს, ფუჭი მოლოდნია. ამ ეტაპზე მოვლენები ამ მიმართულებით არ ვითარდება. ამიტომაც ზურაბიშვილი არ მგონია რომ მის შეწყალებას ფიქრობდეს. მერე რა იქნება, ამის პროგნოზი რთულია”, - დაასკვნის ძაბირაძე.
“წარმოუდგენელია რა სახის შეხვედრა და მოლაპარკება უნდა მოხდეს 3 პრეზიდენტს შორის, როცა ზურაბიშვილს სააკაშვილის თავისუფლების ერთადერთი ბერკეტი ხელთ აქვს. რა უნდა უთხრას რომ მივა - არ გიწყალებ, მაგრამ დასალაპარაკებლად მოვედიო? პატიმარ სააკაშვილთან რაზე უნდა ილაპარაკოს?! კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და სასჯელს იხდის. ანუ პოლიტიკური დღის წესრიგი მოქმედ პრეზიდენტს მან უნდა დაუწესოს?! ეს ყველაფერი ცოტა ლოგიკას მოკლებულია. ესაა საკაშვილის მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციები. ოპოზიცია ჩიხშია და გამოსავალს ეძებს. ხალხს სააკაშვილი თურმე ისე არ ანაღვლებდა, როგორც აჯერებდნენ. საკუთარ ამომრჩეველს არ ადარდებს იჯდება თუ არა ციხეში. სად არის ხალხი და დაპირებული მასობრივი საპროტესტო აქციები? არსად, რადგანაც ხალხს ესკალაცია, დესტაბილიზაცია და აგრესია არ უნდა. მაშინ სააკაშვილმაც უნდა აღიაროს დანაშაული, რომ ხალხს შეურიგდეს. მერე ხალხს ეკითხებიან უნდათ თუ არა შერიგება თუ რასაც აპირებენ? აპატიეს სააკაშვილს? ბევრი ნიუანსია. ეს “ოცნების” ამომრჩეველს გააღიზიანებს და ხელისუფლება მხარდამჭერებს დაკარგავს. მაშინ პირდაპირ ხელისფლების გადაბარება დაიწყონ ის სჯობს“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ბადრი ჯაფარიძე - “დიახ, ჩვენს საქმეში ჯგუფური დანაშაული ნამდვილად არის, ოღონდ ეს პროკურორებმა ჩაიდინეს“
“უკვე მესამე წელია გვადანაშაულებენ საქმეში, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, ჩემი და მამუკას გარდა. ცნობილმა სპეციალისტმა ფულის გათეთრებისა და მსგავსი დანაშაულების საქმეში პაულინგ დევისმა ჩვენს წინააღმდეგ აღძრული საქმე პროკურატურის მიერ სამართალწარმოების ბოროტად გამოყენებად შეაფასა. დიახ, ჩვენს საქმეში ჯგუფური დანაშაული ნამდვილად არის, ოღონდ დანაშაული პროკურორებმა ჩაიდინეს. ჩვენს ბრალდებაში იმდენად დიდი სისულელეებია, აშკარაა, საქმე გვაქვს ან დიდ უმეცრებასთან, ან მიზანმიმართულ ფალსიფიკაციასთან”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, ჩვენს საქმეში ჯგუფური დანაშაული ნამდვილად არის, ოღონდ ეს პროკურორებმა ჩაიდინეს“.
“პროკურორების კვალიფიკაცია უკიდურესად დაბალია, მაგრამ წარმოუდგენელია მათაც არ ესმოდეთ ასეთი მარტივი თემები. გვედავებიან, რატომ მოხდა კონვერტაცია, ეს ფულის გათეთრებისთვის დამახასიათებელი ოპერაციააო. არადა, ქართული კანონმდებლობით, იურიდიულმა პირმა ფული შეიძლება ასესხოს ფიზიკურ პირს მხოლოდ ქართულ ვალუტაში. შესაბამისად, იურიდიული პირი ვალდებულია დოლარი ქართულ ვალუტაში დააკონვერტიროს და ისე ასესხოს ფიზიკურ პირს. ამის მიხვედრას ეკონომიკური განათლება რად უნდა? ვინც ამ პროცესს თვალყურს ადევნებს, როგორი წარმოდგენა შეექმნება ჩვენს ქვეყანაზე?! მე და მამუკამ პირადი ინტერესები დავთმეთ ბანკის გადასარჩენად, მთელ ამ ამბავში დაზარალებულები მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ ეს არაფრად ჩავაგდეთ, იმიტომ, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი გადავარჩინეთ. ამ ადამიანებს არც ესმით, რას გვედავებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.
“მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ, წესით, ჩვენს საქმეზე სრული გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. მთელი სამი წლის განმავლობაში დაწყვეტილ ნერვებს ვეღარაფერს ვუშველით, მაგრამ ეს საქმე აუცილებლად უნდა დაასრულოს მოსამართლემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ან ორი პოლიტპატიმარი ეყოლება. სახელმწიფო დეპარტამენტის ორი განცხადება, სახალხო დამცველისა და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დასკვნა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გვაძლევს საფუძველს, რომ პოლიტიკური დაკვეთის მიუხედავად, საქმე ჩვენი წარმატებით და პროკურატურის სამარცხვინო ბრალის გაცამტვერებით დასრულდება”, - განაგრძობს რესპოდენტი.
“რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილ ჩვენ ოფიციალური წერილს, მისი ამოცანაა დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც უფრთხილდებიან ევროკავშირთან ურთიერთობას და აღებული ვალდებულებებისა და მათი შეთანხმებების ერთგული არიან. ამასთან, პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ “ოცნებას” არ შერჩეს ის დესტრუქცია, რომელიც გამოიხატა 19 აპრილის შეთანხმებიდან დემარშით გამოსვლაში, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების ფეხქვეშ გათელვაში და მოხდეს ამ პოლიტიკური ძალის იზოლირება, თუ ასე გააგრძელებს”, ამბობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და შეკითხვაზე - “დღევანდელი რეალობა რამდენად ტოვებს ეროვნული შერიგების შესაძლებლობას? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ინიციატივას საყოველთაო შერიგების შესახებ ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილიც შეუერთდა?” - პასუხობს:
“ზურაბიშვილის ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს. იმედია, ამ ინიციატივას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება და ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საერთო მიზნის მისაღწევად გააერთიანებს. ყველა უნდა გამოვიდეთ ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან და შევასრულოთ მოქალაქეების რეალური დაკვეთა - დავასრულოთ პოლარიზება და ძალისხმევა მივმართოთ ეკონომიკური და სოციალური კრიზისის მოგვარებისკენ, ქვეყნის გამთლიანებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებისკენ. შერიგების იდეას "ლელო" პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან აყენებდა. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს. ორივე ძალას აქვს თავისი პრობლემები, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობის შექმნის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში”.
გახარიას პარტია ენმ-ის წინადადებას მხოლოდ ნაწილობრივ დათანხმდა - სად არის ლოკალური კრიზისი და რა მოხდება ამ საკრებულოებში
“ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება ენმ-ს შეთავაზებას. მათ სურთ, რომ იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, თავმჯდომარეებად საკუთარი წარმომადგენლები გაიყვანონ, ხოლო სხვა საკვანძო თანამდებობები “ბალანსის დაცვით” გადანაწილდეს “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის. ამის შესახებ “რეზონანსთან” პარტიის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. რამდენიმე მუნიციპალურ საკრებულოში თავმჯდომარის არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამის გამო მმართველ პარტიაში ლოკალურ კრიზისზე საუბრობენ და ტრაგედიად არ მიაჩნიათ, თუ ამ მუნიციპალიტეტებში ახალი არჩევნები გახდება საჭირო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარიას პარტია ენმ-ის წინადადებას მხოლოდ ნაწილობრივ დათანხმდა - სად არის ლოკალური კრიზისი და რა მოხდება ამ საკრებულოებში.
“ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში უკვე მეორე სხდომაა, რაც საკრებულოს წარმომადგენლებს ვერ ირჩევენ. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა გახდება საჭირო. “რაც შეეხება ლოკალურ კრიზისებს, ასეთი ლოკალური კრიზისები არის და იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები. ამასობაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა “ნაციონალურ მოძრაობასა” და გახარიას შორის და ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ამ საკრებულოებთან დაკავშირებით ენმ-ის პოზიცია პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა. მისი თქმით, პარტიის “საქართველოსთვის” შეთავაზება, რომ თავმჯდომარეებად მათი წარმომადგენლები აირჩიონ მისაღებია იმ პირობით, რომ სანაცვლოდ ექსპრემიერის პარტია სხვა საკვანძო თანამდებობებზე ენმ-ის წარმომადგენლებს დაუჭერს მხარს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია შეეცდება ბალანსის დაცვას და შესაბამისად, საკვანძო თანამდებობების ენმ-სა და “ოცნების” კანდიდატებს შორის გადანაწილებას. გარდა ამისა, ორშაბათს მისი პარტია ახალ წინადადებას წარმოადგენს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუშლის საკრებულოების ოპოზიციონერი დეპუტატების მმართველი პარტიის მიერ გადაბირებას”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენ თავდაპირველად “ნაციონალურ მოძრაობასაც” და “ქართულ ოცნებასაც” შევთავაზეთ, რომ თავმჯდომარეებად მათი კანდიდატები წარედგინათ, მაგრამ ამ ორმა პარტიამ ეს ვერ შეძლო და ვერ მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ იმ მუნიციპალტეტებში, სადაც ჩვენ აგვირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეებად, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები წარვადგინოთ. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ კოალიციას ვქმნით რომელიმე პარტიასთან. უბრალოდ ვცდილობთ კრიზისი ავირიდოთ და ცივილიზებული გადაწყვეტილება მივიღოთ, თორემ “ოცნება” უკვე არჩევნების გაუქმებაზე საუბრობს. ამით ჩვენს მთავარ პრინციპს - ბალანსს დავიცავთ. ასევე, სხვა პარტიების ინტერესებსაც, რის გამოც აგვირჩია მოსახლეობამ. ორშაბათისთვის ვგეგმავთ გავაკეთოთ განცხადება ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რადგან ე.წ. გადაბირების შესაძლებლობა არ იყოს საკრებულოებში თავმჯდომარის არჩევის დროს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისად ბექა ლილუაშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე - “ძალიან არ მომწონს, რომ ოპოზიცია განულებისკენ მიდის, მაგრამ ეს რეალობაა”
“ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ეროვნული შერიგების იდეა ყოველთვის იყო. თავიდან ამაში ყველა მონაწილეობდა - საპატრიარქო, უცხოელები და ა.შ., მაგრამ არასდროს არ მიგვიღია რეალური შედეგი. ეროვნული შერიგება გამორიცხულია ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არ არის გამართული, სადაც საზოგადოება ჩაკეტილი და პოლიტიკურად მოუმწიფებელია. ბევრი ფაქტორია, რაც ამ იდეის ხორცშესხმას ხელს უშლის, მით უმეტეს, ახლა, როცა სრულიად გაუგებარი რამ ხდება - ერთი მხრივ, მოუწოდებენ ეროვნული შერიგებისკენ, მეორე მხრივ, იმუქრებიან, თუ ამას არ დათანხმდებიან, ქუჩაში ერთ ამბავს ავტეხთო. შეიძლება ულტიმატუმი შერიგების ფორმა იყოს? პრობლემა კი ის არის, ქუჩაში ამბის ატეხა რომ შეეძლოთ, შერიგებაზე არც წავიდოდნენ. ახლა ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ჩიხში მოექცა და გამოსავლის პოვნას ცდილობს. აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეიძლება ულტიმატუმი შერიგების ფორმა იყოს?” / “მე ძალიან არ მომწონს, რომ ოპოზიცია განულებისკენ მიდის, მაგრამ ეს რეალობაა”.
“ქართულ ოცნებას” კი არ ვამართლებ, მაგრამ ეს რომ ნდომოდა, აქამდე გააკეთებდა და ახლა რატომღა გააკეთებს, როცა მთელ პოლიტიკურ პროცესს თავად წარმართავს და აკონტროლებს. ოპოზიცია იმ ჩიხიდან გამოსავალს ეძებს, რაშიც თავი თავად ჩაიგდო. ამასთან, ეძებს ისეთ სიბრტყეზე, სადაც მათთვის გამოსავალი არ არსებობს. ოპოზიციისთვის გამოსავალი დამოკიდებულების შეცვლაშია. ნაცვლად იმისა, დამოკიდებულებები შეცვალონ და მოქმედება უფრო გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვალონ, ულტიმატუმებით იწყებენ ლაპარაკს. ამბობენ, შევრიგდეთო და ამის წინა პირობად სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებენ იმ არგუმენტით, რომ პოლიტპატიმრად თვლიან, მეორე ულტიმატუმი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. როდესაც ამ განცხადებებს ვისმენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ რეალობაში არ ცხოვრობენ. შარშან მმართველი პარტია გაცილებით რთულ პოლიტიკურ ვითარებაში იყო და მაშინ არ წავიდა დათმობებზე და დღეს რატომ წავა?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება ელიტისა და მცირე ჯგუფების დონეზეა. მოსახლეობაში, მიუხედავად იმისა, ვინ ვის აძლევს ხმას, არათუ დაპირისპირება არ არის, ეს თემა არც განიხილება. ეროვნული მოძრაობის დროს კი იმდენად აქტუალური იყო, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ზუსტად ეს არის ოპოზიციის პრობლემა, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად არარსებული პრობლემის მოგვარებას ასახელებენ. ელიტაც იმიტომ არის დაპირისპირებული, რომ ძალაუფლებისთვის იბრძვის. საზოგადოება ვუყურებთ ამას და გვეუბნებიან, შევრიგდეთო. უფრო მისაღები იქნებოდა, მორიგებაზე რომ ლაპარაკობდნენ. მორიგება კიდევ სხვაა და სწორედ ეს სურთ და დაარქვან თავისი სახელი, რას იპრანჭებიან?”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“არ ვიცი, სააკაშვილი ვინ დააჯერა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა თუ არა, მთელი მოსახლეობა ტრიუმფით შეხვდებოდა. ამის არც საფუძველი არსებობდა და ფაქტია, არც არავინ შეხვედრია. ნაპოლეონიც დაბრუნდა და უბრძოლველად აიღო პარიზი, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა. სააკაშვილს რატომღა ეგონა, რომ მოიგებდა? ნაპოლეონს რომ თავი დავანებოთ, გამსახურდიას მაგალითი გვაქვს. ხომ შედარება არ არის გამსახურდიას და სააკაშვილის მხარდაჭერას შორის და ისიც კი დამარცხდა... სასამართლოში სააკაშვილის გამოსვლაზე დიდი მოლოდინი შექნეს, გამოვა და ისეთ რამეს იტყვისო, რომ ლამის ქრისტეს დონემდე აიყვანეს, მაგრამ გამოვიდა და არაფერი... მისი მომხრეებიც კი, რომლებიც სასამართლოს პირველ სხდომაზე მივიდნენ, მეორეზე ნახევარიც აღარ მისულა. აღარაფერს ვამბობ ჟორჟოლიანის აქციაზე. ამას მხოლოდ მე ხომ არ ვუყურებ, ხელისუფლებაც უყურებს და რატომ უნდა წავიდეს ამ ულტიმატუმზე, რასაც ეროვნული შერიგება დაარქვეს?” - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ამ ვითარებაში პრეზიდენტის განცხადებას შერიგებასთან დაკავშირებით როგორ ხსნით?” - პასუხობს:
“მე ვიტყოდი, ფონი იქმნება, რა იცი, რა ხდება. ფაქტია, ხელისუფლების ანალიტიკური ჯგუფი სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. დავუშვათ, სააკაშვილი პოლიტიკურად გაანადგურონ თუ შეინარჩუნონ რაღაც დონით. თუკი ჩათვლიან, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურად შენარჩუნება აწყობთ, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ და ამას ეროვნულ შერიგებას დაარქმევენ. თუ ჩათვლიან, რომ უნდა ჩაძირონ, გაგზავნიან რუსთავში...”
“როდესაც სააკაშვილის ქვეყანაში საზღვრის დარღვევით შემოსვლას მისი ადვოკატი აფასებს ისე, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, პოლიტიკური აქტია და მისი გასამართლება არ შეიძლება, რა უნდა თქვა? ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ არსებული რეალობიდან კი არ გამოდის, ახლის შექმნას ცდილობს, რომ მოსახლეობას თავს მოახვიოს, მაგრამ ხალხი ამას ხედავს. პრობლემა “ოცნების” სიძლიერე კი არა, ოპოზიციის სისუსტეა. ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს, ოპოზიცია კი ვერ ხვდება, აქედან რა გამოსავალი გამონახოს და მუდმივად ამ წრეზე ვტრიალებთ. მე ძალიან არ მომწონს, რომ ოპოზიცია განულებისკენ მიდის, მაგრამ ეს რეალობაა და თუ არ შეცვალა დამოკიდებულება და მეთოდები, უარეს შედეგს მიიღებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა ეს მშვიდი გარემო უეცრად პატარა ნაპერწკალმა ააფეთქოს, მაგრამ ეს პოლიტიკური პარტიების კი არა, მთლიანად საზოგადოებრივი იქნება, რომელიც ღმერთმა დაგვიფაროს და, ყველას და ყველაფერს წალეკავს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.