ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა  „შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე კომიტეტის წინა სხდომაზე დიმიტრი ცქიტიშვილმა წარმოადგინა და კითხვებსაც უპასუხა, დღეს კი კომიტეტის წევრებმა და სხდომაზე დამსწრე, სხვადასხვა სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პოზიციები გამოხატეს.

პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, ლადო კახაძის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კოდექსში, რამაც უნდა დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები.

კანონპროექტს მხარს უჭერენ პროფკავშირების წარმომადგენლები. ბიზნესასოციაციის წარმომადგენელთა აზრით კი, გადასაწყვეტია შრომის ინსპექციის თემა და გადასახედია მისი უფლებამოსილებები, საჭიროა შრომითი დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის შემუშავება. შრომის ინსპექციის წარმოდგენილ მოდელს არ უჭერს მხარს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელიც, რომლის განცხადებით, მასში ჩადებულია კომპანიებზე ზემოქმედების დიდი რესურსი.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კომიტეტსაც აქვს გარკვეული შენიშვნები კანონპროექტის მიმართ, რომელიც ინიციატორებს წარედგინებათ.

„ეს არა მხოლოდ შენიშვნაა, არამედ პირობაც იმისა, რომ კომიტეტი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს კანონპროექტს, თუ პროექტიდან ამოღებული იქნება ის პუნქტი, რომლის მიხედვით რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში იკრძალება ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება. ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, უმთავრესია ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება, ამ ვალდებულებით კი დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა გაუარესდება. აღნიშნული ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არა აქვს არც ასოცირების შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამიტომ მსურს, რომ ეს რეალობა გავითვალისწინოთ. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი დაუჭერს მხარს, რამეთუ ძალიან ბევრი ღირებული სიახლეა, თუმცა ამ ნაწილს ვერ დავეთანხმებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ადამიანები 2-3 სამსახურში დადიან არა იმიტომ, რომ ჭარბი დრო აქვთ, არამედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათ ხშირად აიძულებთ მეტად დაიტვირთონ. ხუნდაძის განცხადებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეიზღუდოს პირი, რომელსაც აქვს საშუალება, სურვილი და შესაძლებლობა, რომ სხვა სამსახურშიც იმუშაოს.

შეჯამებისას დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უცბად მიღებულ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მისი შემუშავება მრავალი სუბიექტისა და სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოხდა, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში.

„თუ არ არის აღიარება ბიზნესის ინტერესების და არ არის ბიზნესისგან დასაქმებულის ინტერესების აღიარება, ქვეყანა წინ ვერ მიდის და ეს არის აპრიორი. ჩვენ გვინდა ევოლუციური გზით წავიდეთ, დავაბალანსოთ პროცესი, სადაც ბიზნესი და დასაქმებული - ორივე ცდილობს საერთო ინტერესი გამონახოს. კომპანიის განვითარება არ უნდა იყოს მხოლოდ მფლობელის ინტერესებში, კომპანიის განვითარება უნდა იყოს დასაქმებულის ინტერესებში იმიტომ რომ უნდა იცოდეს დასაქმებულმა კომპანიის სიკეთე მასზეც აისახება. ეს არის ამ კანონის სულისკვეთება,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კანონპროექტი წარმოადგენს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივას.​

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა