საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
„აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და დადასტურდა ორმხრივი მზადყოფნა, აღნიშნული მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის.
პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება საუდის არაბეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი დაინტერესებულ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ასევე - იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ინვესტორებს არაერთ ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს.
მხარეებმა ასევე გაცვალეს პოზიციები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.