ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების თაობაზე პრემიერის დღევანდელი განცხადება.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ინიციატივა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას არ გამოიწვევს.
„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას, საჯარო სექტორში დასაქმებას არ გულისხმობს. საზოგადოებრივი სამუშაოები არის ცალკე კატეგორია, რომელიც არის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი პროექტები ხორციელდება. ეს არის ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა. დაფინანსების წყარო იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ეს არ არის მიბმული საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან, გაბერილ კადრებთან, პირიქით. ამ ადამიანების საზოგადოებრივი საქმიანობით ინტეგრირდება მოხდება ისეთ უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამა თუ იმ საჯარო ფუნქციის შესრულებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით გაუმჯობესებას და ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებას", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროექტის მთავარი ამოცანა არის სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
„ჩვენ საუკეთესო პრაქტიკები შევისწავლეთ, რისკებიც ავწონ-დავწონეთ და საუკეთესო გამოცდილების ელემენტები ავიღეთ. პროგრამაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები მომავალში შევიდეს. ზოგ ქვეყანას ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ყველა ქვეყანაში აჩვენა, რომ ამან რამდენიმე მიმართულებით შედეგი გამოიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ამ პროგრამას ვაკეთებთ, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მთავარი ამოცანა არის ჩვენი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოსახლეობის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანი არის ამ ადამიანების სრულად ინტეგრაცია შრომის ბაზარზე. ეს იყო ყველა ქვეყანაში პროგრამის მიზანი", - განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულ უნარებს შეიძენენ, უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან.
რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, ლევან დავითაშვილის თქმით, ის 100-150 მლნ ლარი შეიძლება იყოს.
„მიმდინარე წლისთვის ამის რესურსების მობილიზებას ჩვენ გარკვეულწილად შევძლებთ. ეს გათვლები ფინანსთა სამინისტროში არსებობს“,-განაცხადა დავითაშვილმა.
მთავრობა 1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას იწყებს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ დახმარება არ შეუწყდება შრომისუნარიან იმ მოქალაქესაც, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის.