მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში აღმოჩენების გაკეთების ადგილი არ არის,- ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
ამ კონტექსტში მათიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ყველა დეტალს გაესვა ხაზი და გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის.
“ჯანსაღი პროცესია, როდესაც მთავრობაში ცვლილებები და ერთი მინისტრის მეორე მინისტრით ჩანაცვლება ხორციელდება. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, კაბინეტს ის ხელმძღვანელობს და აქ განსაკუთრებული აღმოჩენების გაკეთების ადგილი არ არის. სამთავრობო ცვლილებები დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცვლის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.