ცვლილებები არის ბუნებრივი პროცესი და როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ნათია თურნავა წარმატებული მინისტრი იყო.
„ნათია თურნავა არის არამხოლოდ წარმატებული მინისტრი, არამედ წარმატებული ქალი მმართველია და მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ასევე წარმატებით იმუშავებს და ეფექტური იქნება მისი საქმიანობა ვინაიდან, არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. ცვლილებები ცხადია, არის ბუნებრივი პროცესი და როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, როცა მსგავსი საკითხები წყდება, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება და თუ ასე უშინაარსოდ გააგრძელებენ ოპონირებას კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მიიღებენ არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცვლის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე, ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.