პირდაპირ გეტყვით, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება - სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ლევან დავითაშვილი დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოახდენს დიდ გარღვევებს ახალი მინისტრი, - ასე ეხმაურება მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის თქმით, ის ვერ ხედავს მეტ პროფესიონალიზმს მთავრობაში და ვერ ხედავს ისეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლია წინ წაიყვანოს ქვეყანა.
"სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება - შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება! ეს არის რაღაც შიდა ტექნიკური გადაადგილება და მეტი არაფერი. მოდიან ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს. ვიღაც შეიძლება დიდი ხანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, მაგრამ ის, რომ არავინ იცნობს და არ ვიცით, რა გაუკეთებია, თავისთავად მიუთითებს, რომ დიდს არაფერს უნდა ველოდოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცვლის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.