„მივესალმები ცვლილებებს, რომლის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს - ის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, უაღრესად პატიოსანი და შესანიშნავი პროფესიონალია, რომელმაც ბევრი შეძლო როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სწორედ ასეთი ძლიერი, გამოცდილი ხელი სჭირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს.
მაია ბითაძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ის უწყებაა, რომელმაც გამოწვევებისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. დეპუტატმა, კომიტეტის სახელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს მხარდაჭერა დაუდასტურა.
„წარმატებებს ვუსურვებბ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ოთარ შამუგიას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით, გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას მისი კანდიდატურის მიმართ. ასევე, წარმატებებს ვუსურვებ ნათია თურნავას მის ახალ პოზიციაზე“,- განაცხადა მაია ბითაძემ.