როცა ძალაუფლებისთვის არის ბრძოლა, როგორც იტყვიან, ძალაუფლების ტორტის გაჭრაში ყველას ადგილი არ ხვდება ხოლმე - საქართველო არ აღმოჩნდება იმხელა ტორტი, რომ ყველას ეყოს გასანაწილებლად და ამ მიზეზით ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გაერთიანება უტოპიური პროექტია.
"მე თუ მკითხავთ, მოვუწონებ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას და გაერთიანდნენ, შეიძლება ჩვენ უფრო მოგებულები დავრჩეთ, ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ რეალურად რომ გითხრათ, ეს უტოპიური პროექტი და მიზანია, მიუღწევადია, რადგან გაერთიანების მიზანი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა მსოფლმხედველობითი და ქვეყნის განვითარებისთვის შორს მიმავალი საერთო გეგმის ან პროგრამის ქონა. როცა ძალაუფლებისთვის არის ბრძოლა, როგორც იტყვიან, ძალაუფლების ამ ტორტის გაჭრაში ყველას ადგილი არ ხვდება ხოლმე ზოგადად, ამიტომ ვერ ერთიანდებიან და აქვთ დაქსაქსულობა. ამ შემთხვევაშიც, საქართველო არ აღმოჩნდება იმხელა ტორტი რომ ყველას ეყოს გასანაწილებლად და ამ მიზეზით ვერ გაერთიანდებიან. სხვა სიღრმისეული და მაღალი იდეალები რომ ჰქონდეთ გაერთიანებისთვის, მაშინ შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს“.
მისივე თქმით, უნდა „წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს“. როგორც უგულავა წერს, ეს იქნებოდა „თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია“.