გაქანებული მიშისტი ვიყავი თავის დროზე, გული გამებზარა და დამოკიდებულება შემეცვალა მის მიმართ, როცა ვნახე ასლან აბაშიძე რომ გარბოდა, როგორ გაძარცვეს მისი ქონება - ჩვენებასაც მივცემ თუ გამოძიება დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს, რომელიც გამოქვეყნდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად, აუცილებლად წაიკითხავს.
"ცოტა არ მჯერა 10 დღეში და 2 კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ გულმოდგინედ, რადგან იქაც შეიძლება იყოს რაციონალური რამ. რაღაცებს რასაც ყური მოვკარი, რომ პენსია 500 ლარი გახდეს უცებ, ეს არის წყალწყალა პოპულიზმი. თუ უნდოდა 500 ლარი გაეხადა, გაეხადა 9 წელი ჰქონდა ამისთვის და აბსოლუტური ძალაუფლება, 500 ლარიც გაეხადა და 500 000-ც, მაგრამ ასეთი რამის არ მჯერა, რომ "ჰოპ" და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. კარგია, რომ 14 ლარიდან 100 გახდა, თუ გგონიათ, რომ მე რაღაცები, რაც კარგი იყო, არ მომწონს, ძალიან ცდებით. გაქანებული მიშისტი ვიყავი თავის დროზე. გული გამებზარა და დამოკიდებულება შემეცვალა მის მიმართ, როცა ვნახე ასლან აბაშიძე რომ გარბოდა, როგორ გაძარცვეს აბაშიძის ქონება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიგი უგულავამ, ახალაიებმა, სანოძემ, მე ვნახე როგორ ძარცვავდნენ, როგორ გამოჰქონდათ ასლან აბაშიძის და გიორგი აბაშიძის ქონება და იმ ქონებას როგორ იტაცებდნენ. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო, ძალიან აღტაცებული ვიყავით იმით, რომ ასლან აბაშიძე გააქცია, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მერე დავრჩი თვენახევარი მივლინებით, ჟურნალისტი ვიყავი და ვნახე შემზარავი ფაქტები, როგორ ძარცვავდენენ სოსო გოგიტიძის კაბინეტს, ასლან აბაშიძის „კაზინოს“, ჭურჭელი გაჰქონდათ. ეს მოყოლილიც მაქვს და ჩვენებასაც მივცემ თუ გამოძიება დაიწყება,"- განაცხადა ელისაშვილმა.