მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსს სახლში გადიან და მუშაობას დისტანციურ ფორმატში აგრძელებენ.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროების პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი არის ორჯერადად ვაქცინირებული, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ ფორმატში, სახლიდან აგრძელებს.
ორჯერადად ვაქცინირებულია და მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსს სახლში მკურნალობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს ორჯერად ვაქცინასთან ერთად, ბუსტერ დოზაც აქვს გაკეთებული და კორონავირუსი მის შემთხვევაშიც მსუბუქად მიმდინარეა.
სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც.
ცნობისთვის, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ინფიცირების გამო მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კორონავირუსი აქვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.