გია ხუხაშვილი - “გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე...”
რა იცვლება ენმ-ში და რა გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე “რადიკალი მიშისტები”
მამუკა ხაზარაძე - „უკომპრომისოდ ვიომეთ და მოვიგეთ“
სწავლის განახლება და ახალი “აფეთქება” - სპეციალისტები ორშაბათიდან ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდას ელიან
ვახტანგ მეგრელიშვილი - “შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება”
* * *
გია ხუხაშვილი - “გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე...”
“რაც ხდება, ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის დიდი საშიშროებაა. რუსეთმა ახალი უპრეცედენტო ულტიმატუმები წამოაყენა - ითხოვს არა მარტო საქართველოს და უკრაინის საკითხის მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას, არამედ ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას, რაც სრული ნონსენსია. დასავლეთისგან ასეთ დათმობაზე წასვლა იქნებოდა ყველაფრის ჩამოშლის ტოლფასი. რუსეთმა ეს იცოდა, მიუხედავად ამისა, ულტიმატუმი მაინც წამოაყენა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ მოვლენების განვითარების გეგმა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე...” / “სააკაშვილს აქციებიც და სხვა პოლიტიკური პროცესებიც მხოლოდ თავისი ბელადობით წარმოუდგენია... უკაცრავად, მაგრამ ასე ვერ იქნება”.
“რუსეთი შესაძლოა მართლაც ემზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შესაჭრელად სწორედ იმგვარი სცენარით, როგორითაც 2008 წელს საქართველოში, თითქოსდა თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით დაიწყო ომი. არ გამოვრიცხავ, წაიწიონ მაქსიმალურად წინ და მერე უკან გადადგან ნაბიჯები, როგორც მოხდა ჩვენს შემთხვევაში - გორსა და ხაშურში იდგნენ და მერე უკან დაიხიეს. დღეს თითქოს არა ვართ მაინცდამაინც ეპიცენტრში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე - კარგად ჩანს რუსეთის საბჭოთა კავშირის დიდი ნოსტალგია და გარკვეულწილად, მისი აღდგენის ცდაც. ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ არის უკრაინა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, ჩათვალეთ, რომ შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით. დღეს უკრაინაში წყდება როგორც გლობალური უსაფრთხოების, ისე საქართველოს მომავალი განვითარების საკითხი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“რუსეთს კარგად ესმის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია დღეს მისთვის შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს იმავე შედეგს ბუფერული სისტემის მეშვეობით მიაღწიოს. ამისთვის სჭირდება “3+3”-ის ფორმატი... ლავროვის განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს არა პირდაპირ დაარწმუნოს საქართველო, არამედ ისეთი ქვეყნების საშუალებით, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენთან. საქმე საკმაოდ რთულად არის - როდესაც ასეთი სისტემები იქმნება რეგიონში, რომლის ნაწილიც ხარ, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის იოლი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რომ საქართველო აიძულონ ამ სისტემაში მონაწილეობაზე, თუ ჩვენ მანამდე ვერ შევძლებთ დასავლეთიდან ფარისა და დაცვის მიღებას. ამიტომ არის საჭირო ფორსირებულად დასავლეთის საქართველოში ყოფნის ფიქსაცია, რათა თავდასაცავად მეტ-ნაკლებად სერიოზული ქოლგა გვქონდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, შესაძლო კატასტროფული სცენარებიდან საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ყოფნას ფიზიკურად დააფიქსირებს. არ ვამბობ, რომ ნატოში ხვალ უნდა მიგვიღონ, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა მცირე სამხედრო ბაზის ან რაიმე სხვა სახით. თუ დასავლეთმა ასე გააგრძელა, აი, კარი ხომ ღიააო, მაგრამ ვერ შევდივართ, მაშინ რისკები ძალიან მაღალი იქნება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაც ვერ გამოიყურება ამ ვითარებაში დიდად წელში გამოყვანილად. ისე ჩანს, რომ ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს ფასეულობათა მწყობრი სისტემა, ეს სახიფათო ვითარებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, რომ მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნისთვის. აგერ უკრაინაში ასეთი მძიმე ვითარების დროს, როდესაც კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბედიც დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, რაც იქ მოხდება, ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით პასიურობა ძალიან მძიმე დასკვნების საფუძველს იძლევა და ადასტურებს იმ შიშს, რომელზეც ვილაპარაკე”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლოს განაჩენის სამი ვარიანტიდან ხელისუფლებამ აარჩია სწორედ ის, რაც ადასტურებს ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესს და რომ ეს დაკავშირებული იყო სწორედ ანაკლიის პორტის პროექტთან. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ეს ვერდიქტი მოსამართლემ დამოუკიდებლად გამოიტანა. განაჩენი დაწერა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ეს სასამართლომ გაახმოვანა. მან დაადასტურა, რომ ამოცანა ხაზარაძე-ჯაფარიძის დაჭერა კი არ იყო, არამედ მათი დისკრედიტაცია და რაც მთავარია, ანაკლიის პროექტის ჩაშლა ან მასზე კონტროლის დაბრუნება. თავიდან ამ პროექტს ხელისუფლება ზერელედ უყურებდა. მიაჩნდა, რომ ეკონომიკურად მაინცდამაინც მომგებიანი პროექტი არ იყო, მაგრამ მსვლელობაში გამოჩნდა, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის”, - ამბობს რესპონდენტი.
“ეს ცხადი გახადა ამერიკელების დაინტერესებამაც. გამოჩნდა ისიც, რომ პროექტის მიმართ რუსეთს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონტროლი დაებრუნებინა მასზე და ამით ევაჭრა, ერთი მხრივ, დასავლეთთან და მეორე მხრივ, რუსეთთან. კონტროლის აღდგენისთვის კი უნდა ჩამოეშორებინა კონსორციუმი. ამას დაემატა პიროვნული პრობლემები, კვირიკაშვილის მიუღებლობა და ა.შ. მოკლედ, რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც გადაწყვიტეს ამოექექათ ეს დოსიე. საქართველოში ხომ ყველა პოტენციურად საფრთხის შემცველ პირზე იქმნება ამგვარი საქმეები. სხვათა შორის, ეს დოსიე შეიქმნა არა ამ ხელისუფლების, არამედ წინას დროს. თქვენ გგონიათ, ამას სააკაშვილი არ გამოიყენებდა, თუ დასჭირდებოდა? აუცილებლად გამოიყენებდა და შესაძლოა უფრო მძიმედაც, რადგან იმჟამად საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა გასული”, - თვლის ექსპერტი.
“სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ ცხადყო, რომ მას და პარტიის თავმჯდომარეს არაერთ საკითხზე აქვთ განსხვავებული აზრი. ნიკა მელია პატარა პარტიებს აღიქვამდა როგორც სრულფასოვან პარტნიორებს და ამ ბაზაზე გეგმავდა პოლიტიკური პროცესის წარმართვას. მას საკმაოდ კარგი პროექტები ჰქონდა, გავიხსენოთ თუნდაც თბილისის კოალიციური მმართველობის პროექტი, რომელშიც “ლელოს” წევრი უფრო ბევრი იყო, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”. კოალიციურ მმართველობაზე სააკაშვილიც ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს არათუ “ნაციონალური მოძრაობის” დომინირების, არამედ საერთოდ პროცესების მისი პიროვნების გარშემო, მის პირად ორბიტაზე დატრიალების ხარჯზე. მოკლედ, სააკაშვილი თავს პოლიტიკაში კი არ ხედავს, არამედ პოლიტიკას ხედავს საკუთარ თავში. სხვათა შორის, ამით ძალიან ჰგავს ბიძინა ივანიშვილს - ხომ თითქოს ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მთავარ რაღაცებში თითქმის ტყუპივით არიან”, - განმარტავს ხუხაშვილი.
“სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და მელიას კონცეფციით წასულიყო ყველაფერი, ოპოზიციას ჯამურად 5-7%-ით უკეთესი შედეგი ექნებოდა. სააკაშვილის ჩამოსვლა ყველაზე კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ და დღემდე სარგებლობს ამით. სააკაშვილით გადაიფარა უამრავი პრობლემა - თითქოს არც პანდემია გვაქვს, დღეში არც 60 კაცამდე გვიკვდება, არც ჰიპერინფლაცია გვაწუხებს, არც საგარეო გამოწვევები. ბოლო თვეებია მხოლოდ სააკაშვილზე ლაპარაკობს ოპოზიცია და ხელისუფლებაც ლაღად პასუხობს მათ. ეს არ არის სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი და არ მიგვიყვანს რიგგარეშე არჩევნებამდე. სააკაშვილს აქციებიც და სხვა პოლიტიკური პროცესებიც მხოლოდ თავისი ბელადობით წარმოუდგენია. ჰგონია, აგერ ციხეში დაგვიწერს პროგრამას და ამ პროგრამით ირბენს ქართველი საზოგადოება, უკაცრავად, მაგრამ ასე ვერ იქნება... სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ქვეყანაში მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს. ის ცდილობს თავისი ბედი დაუკავშიროს ქვეყნის ბედს. იმავეს ფიქრობს ივანიშვილიც”... - დასძენს რესპონდენტი.
რა იცვლება ენმ-ში და რა გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე “რადიკალი მიშისტები”
“ნაციონალური მოძრაობაში” ახალი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ამით პარტიაში რადიკალური ფრთა ძლიერდება და სუსტდება მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიას პოზიციები, რაც თავად ენმ-ს შიგნით უთანხმოებასა და დაძაბულობას იწვევს. სავარაუდოდ, სწორედ ამაზე მიანიშნებს ნიკა გვარამიას კრიტიკული განცხადება “რადიკალ მიშისტებზე”. პარტიაში კი აცხადებენ, რომ სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი შეიცვალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იცვლება ენმ-ში და რა გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე “რადიკალი მიშისტები”.
“ენმ-ში ახალი სამდივნო ყალიბდება, რომელიც 12 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. თუ ვინ იქნებიან ახალი სამდივნოს წევრები, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ახალი სამდივნო მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. “ცენტრალურ ოფისში ყალიბდება სამდივნო, რომელიც მორგებული იქნება იმ პრობლემებსა და ამოცანებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას პირველ რიგში. პარტიამ უნდა იმუშაოს, რომ სწორი პასუხები გასცეს საზოგადოებას, თუ რა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს, რა მიმართულებით იქნება ჩვენი მუშაობა პრიორიტეტული. ამის პრეზენტაციას ჩვენ მოვახდენთ მომავალ კვირაში”, - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა. ამის პარალელურად კი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ “მიშისტების” ერთი კატეგორია სიძულვილს და აგრესიას ავრცელებს და არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეს ხალხი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს “მიშას ინტერესებით” ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი”, - წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია “ფეისბუქზე”. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნა და ჩამოყალიბება რა მიზანს ემსახურება, ცოტა რთული გასაგებია. მისივე შეფასებით, რაღაც ახალი დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა პარტიას არანაირ პოზიტივს არ მატებს და არც მის მუშაობას გააუმჯობესებს. რაც შეეხება ახალ სახეებს პარტიაში, ანჯაფარიძის აზრით, ისინი ძველისგან დიდად არ განსხვავდებიან”, - განაგრძობს გამოცემა.
“არ მგონია, რომ პარტიაში ახალმა დამატებით სტრუქტურის შექმნამ რამე ძირეული ცვლილებები მოიტანოს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი სახეები ძველ სახეებზე რადიკალურები არიან. პარტიაში მათმა მისვლამ საზოგადოებას რაიმე განსხვავებული და ახალი არაფერი მისცა. ამის მიზეზი პარტიის პოლიტიკაა. ამიტომაც რატომ და რის გამო გადაწყვიტეს, რომ პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნაა საჭირო, ნამდვილად ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ამან ენმ-ის მუშაობაზე რამე რადიკალური გავლენა მოახდინოს და რაიმე ცვლილება მოიტანოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც ბელადიზმით არიან დაავადებული. მას სწორედ ასეთი ელექტორატი ჰყავს და სააკაშვილიც სწორედ მათ შენარჩუნებას ცდილობს. როგორც ჩანს, ნიკა გვარამია და სხვებიც პარლამენტში მიხვდნენ, რომ პარტიას რადიკალიზმი აზიანებს. ხალხი ამ რადიკალიზმს არ იღებს და ვიღაც ხომ უნდა მიხვდეს, რომ ტაქტიკა შესაცვლელია. თუმცა ამ რადიკალიზმის წყარო მიხეილ სააკაშვილია. ყველამ მოისმინა მისი ბიძის თემურ ალასანიას განცხადება, რომ პარტიამ შეუძლებელი არ გააკეთა, რომ სააკაშვილი ციხიდან დაეხსნა. ეს რა არის, თუ არა შეფარული მოწოდებაზე რადიკალური ქმედებებისკენ”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს რომ “ნაციონალური მოძრაობა” ჩიხშია შესული და გამოსავლის ძიებაში არიან, თუმცა კრილოვის იგავის არ იყოს, მუსიკოსების ადგილების შეცვლით უკეთესი მუსიკოსები ვერ გახდებიან. “ენმ-ში ძველ ფიგურებს უბრალოდ ადგილებს უცვლიან და ჰგონიათ ამით საზოგადოებაში რამე მხარდაჭერას მიიღებენ, ან პარტიაში ცვლილებები იქნება. ახლა ამ ახალი სტრუქტურის შექმნით რის მიღებას ცდილობენ, გაუგებარია”, - ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით, “საზოგადოებაში ამას რაიმე რეაქცია არ მოჰყვება”, - დასძენს გამოცემა.
“მე უფრო ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას პოზიციების შესუსტება ხდება და რადიკალური ფრთა კიდევ უფორ ძლიერდება. სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას ეს განცხადებაც ამით არის განპირობებული. გვარამია არ არის ზომიერი პოლიტიკოსი და მისგან ეს პოზიცია გასაკვირია, თუმცა სწორი და დროულია. პარტიას რადიკალიზმი დაღუპავს და ამას, როგორც ჩანს, პარტიის ლიდერების ნაწილი უკვე კარგად ხვდება. საზოგადოებას არ სურს რადიკალიზმი და პარტიაში ამის გააზრებას ვერ ახერხებენ. ამ შემთხვევაში ალბათ გვარამიას უნდა დავეთანხმო, რადგანაც ენმ 2012 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებას რადიკალიზმით ცდილობს. არადა სწორედ ამის გამო გაუშვა ხალხმა ისინი ხელისუფლებიდან. სანამ ამას არ გაიაზრებენ, პარტიაში რაიმე ცვლილებებს მნიშვნელობა არა აქვს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მამუკა ხაზარაძე - „უკომპრომისოდ ვიომეთ და მოვიგეთ“
“ჩვენ გავიმარჯვეთ სისტემაზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში ცდილობდა ჩვენთვის ფულის გათეთრება დაებრალებინა. დღეს რომ ციხეში არა ვართ, გამართლებას ნიშნავს - უბრალოდ, მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა თავის მოხსენებაში ეთქვა სიტყვა “გამართლება”. რაც შეეხება საქმის გადაკვალიფიცირებას, ეს იურიდიული ნონსენსია. თუ კვალიფიციურ იურისტს შეეკითხებით, გეტყვით, რომ ეს არის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, სასამართლოს მიერ პროკურატურის ექსკლუზიური უფლების მითვისება. განაჩენი გამოგვიტანეს იმ საკითხზე, რაზეც ბრალი არ გვქონდა წარდგენილი, საერთოდ, მსჯელობაც არ ყოფილა. საქმეში არ არსებობს დაზარალებული და მომჩივანი, პროკურატურაც კი არ შემოსულა ამ ბრალდებით”, - აცხადებს პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „უკომპრომისოდ ვიომეთ და მოვიგეთ“ / “გახარია მშიშარა კაცია. მანიპულაციებით შემოვიდა პოლიტიკაში. მოვა დრო და მოუწევს სამართლიან სასამართლოსა და პროკურატურაში ჩვენების მიცემა”.
“თითქოს რომ დაზარალებული “თიბისი ბანკია” - მსგავსი რამ არც ჩვენებაში წერია, არც განცხადებაში და საერთოდ, არსად. ბოლო დღეებში დაიწყეს ამ უაზრობაზე საუბარი. პროცესი თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მართული იყო და მიზნად ისახავდა ანაკლიის პროექტის გაჩერებას. სასამართლო და პროკურატურა შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა, მაგრამ ნიღაბი ჩამოხსნილია. ეს არ არის სასამართლო, ეს არის ერთი კაცის მართული სისტემა, მაგრამ ამ ერთმა კაცმა ვერ მიაღწია მიზანს და ვერ დაგვიჭირა. ახლა ჩვენი დისკრედიტაცია სურს, მაგრამ არ გამოუვა. ჩვენ საქმეს ქართულ სასამართლოშიც მოვიგებთ და ევროპულშიც, არავის მივცემთ უფლებას ჩვენი სახელი ამ კონტექსტში მოიხსენიოს. ჯერ ფულის გამთეთრებლად მოგვიხსენიებდნენ, შემდეგ მევახშეებად, ახლა თაღლითებად... მთელი სისტემა გვებრძვის, მაგრამ აუცილებლად მოვანგრევთ ამ რუსულ სისტემას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.
“სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დეპუტატის მანდატი დავტოვე. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - ეს არის ერთი კაცის სურვილებზე მორგებული ორგანო. პარლამენტში არის ფრაქცია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ უსამართლობას, მე კი ჩემს დროს და ენერგიას მოვახმარ პარტიის გაძლიერებას, წალენჯიხის პროექტს, ხალხისთვის ჩემი ნამდვილი პიროვნების გაცნობას. თითოეულ მათგანს ჩამოვართმევ ხელს, მათ კითხვებს ვუპასუხებ და ჩემზე გავრცელებულ ჭორებზეც დაველაპარაკები. ასევე მინდა ხალხს მარშალის გეგმაზე ველაპარაკო, პერსპექტივა დავანახო და უკეთესი ქვეყნის აშენების შესაძლებლობაში დავარწმუნო... მეორე მიზეზი, რის გამოც პარლამენტი დავტოვე, ის იყო, რომ არ მინდოდა ვინმესთვის სალაპარაკო მიმეცა - სასამართლო დავის დროს დეპუტატის მანდატს ეფარებაო. პროცესზე სუფთა ხელებით გავედი, ბოლომდე უკომპრომისოდ ვიომეთ და პროცესი მოვიგეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამით ყველაფერი დასრულდა?” - პასუხობს:
“არა, რას ამბობთ, წინ კიდევ ბევრი სირთულე შეგვხვდება, მაგრამ მზად ვართ, ისევ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ. ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხალხს სიმართლეს”.
“ქვეყანა გაღატაკებულია, 3-მილიონიან ქვეყანაში 700 000 კაცი სოციალურ უზრუნველყოფაზეა. ეს მოიტანა “ოცნების” 9-წლიანმა მმართველობამ. მთელი ქვეყანა ტყუილში ცხოვრობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხალხი ნარკოტიკით არის გაბრუებული, ვეღარ ხვდება, რა ხდება... სინამდვილეში ხალხს ეშინია ცვლილებების და იმ მინიმალურის დაკარგვის, რაც ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი. ვერ ხვდებიან, რომ იმის იქით უკვე აღარაფერია. არის მცირე ჯგუფი, რომელმაც “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნით, ტენდერებით, კორუფციით, სასამართლო სისტემის იღლიაში ამოდებით კარგი ცხოვრება მოიწყო. მისთვის მარტივია გაღატაკებული ხალხის მართვა. გასაგებია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცდომები დავუშვით, ამას ვაღიარებ, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ჩვენში არ არის. თუ შენ დივანზე წამოწვები და პროცესებს ტელევიზორიდან უყურებ, მე მარტო ვერ შეგიცვლი ცხოვრებას”, - მიიჩნევს “ლელოს” ლიდერი.
“თუ 9 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე უბედურებას აძლევ ხმას, შეეგუე, რომ სულ გაჭირვებაში იქნები. მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი, ვინც ხმა მისცეს “ოცნებას” და მეორე დღეს გადასახადები გაუძვირეს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ მოგატყუებენ, მეოთხედ რატომღა უნდა ენდო? ადამიანი, რომელსაც შვილების წინაშე პასუხისმგებლობა აქვს, არ იტყვის, ოპოზიცია ან თუნდაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩემი ყოფის გასაუმჯობესებლადო. თუ არ მოგწონს, შეცვალე! თუ მე არ მენდობი, მაშინ უჩემოდ შეცვალე! ნახეთ, რა გააკეთეს ადგილობრივ თვითმმართველობებში - იმის მაგივრად, მასწავლებლებისთვის, ბაღის აღმზრდელებისთვის და სხვა მოხელეებისთვის მოემატებინათ ხელფასი, თავად მოიმატეს. ამას არ უნდა შეეგუოს ხალხი, მოითხოვონ ის, რაც კანონით ეკუთვნით. მოქალაქეებისა და ჟურნალისტების აქტიურობაა საჭირო. ტელეეთერებში სოციალური საკითხები უნდა გახდეს პრიორიტეტული და არა სკანდალები”, - განმარტავს მამუკა ხაზარაძე.
“გახარია მშიშარა კაცია. მანიპულაციებით შემოვიდა პოლიტიკაში - მანიპულაციაა, როდესაც შს მინისტრი, შემდეგ პრემიერი იყავი, დანაშაულში გაქვს მონაწილეობა მიღებული და ისე გინდა ოპოზიციონერი ლიდერი გახდე, არაფერი თქვა, რასაც აშავებდი... მოვა დრო და მოუწევს სამართლიან სასამართლოსა და პროკურატურაში ჩვენების მიცემა. წერილის საქმე გამოძიებული არ არის, მაგრამ არც დახურულია. ანა ნაცვლიშვილს პროკურატურაში მიტანილი აქვს წერილი თავისი ანაბეჭდებით. გახარიას იმის გამოც მოუწევს პასუხისგება, რომ კიბერშეტევის საქმე არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა. “ოცნებასაც” მოუწევს პასუხის გაცემა როგორც მოსმენების, ასევე ანაკლიის საკითხზე. ივანიშვილს მოუწევს განმარტება, თუ რატომ უთხრა ერთ-ერთ აშშ-ის წარმომადგენელს - ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს ინტერესებში არ შედისო... ჩვენ ყოველდღიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება”, - დასძენს ხაზარაძე.
სწავლის განახლება და ახალი “აფეთქება” - სპეციალისტები ორშაბათიდან ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდას ელიან
“სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების წინ, ბავშვებში განსაკუთრებით მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აცხადებენ, რომ ეს ზრდა ხუთი დღის წინ დაიწყო. ამჟამად კლინიკაში მყოფი 130 პაციენტიდან 22 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პედიატრები ბავშვებში ინფიცირების მატებას “ომიკრონის” შტამის გავრცელებას უკავშირებენ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორშაბათიდან განახლებული სასწავლო პროცესის ფონზე, ბევრად მეტი ინფიცირებისა და მიმართვიანობის შემთხვევები იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სწავლის განახლება და ახალი “აფეთქება” - სპეციალისტები ორშაბათიდან ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდას ელიან.
“ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, დაახლოებით 10-14 დღეში ქვეყანაში კორონავირუსის ყველა შემთხვევა იქნება “ომიკრონი” - “ოფიციალური მონაცემებით თბილისში “ომიკრონის” გავრცელება არის 60%, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით კი - დაახლოებით 40-დან 50%-მდეა. უხეში გათვლებით, ქვეყანაში მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის “ომიკრონი”, თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ, ძალიან დიდი დრო არაა საჭირო იმისთვის, როდესაც ქვეყანაში ყველა შემთხვევა იქნება “ომიკრონი” და ეს იქნება ალბათ მაქსიმუმ 10-14 დღე, მეტი ამას არ დასჭირდება”, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება. განსაკუთრებით საყურადღებოა პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ ეტაპზე 130 პაციენტი გვიწევს, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში 22-ია მოთავსებული, თუმცა ამ წუთას მართვით სუნთქვაზე მყოფი და უკიდურესად მძიმე პაციენტი არ გვყავს. რეანიმაციაში არის რამდენიმე, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ საყურადღებოა. მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთს ესაჭიროება ჟანგბადის მიწოდება, მათ აქვთ თანმხლები დაავადებები. სხვა პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ, საშუალო და მსუბუქია”, - განაცხადა მაია ჩხაიძემ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ორშაბათიდან სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, “ომიკრონით” ინფიცირებულთა რაოდენობაც მკვეთრად მოიმატებს, რადგან ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. მისი თქმით, მომავალი კვირიდან სამედიცინო სექტორზე მომართვიანობა გაიზრდება, ეს კი ამ სექტორის გადატვირთვის რისკებს ზრდის”, - დასძენს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, სწავლის განახლება დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებშიც. აქედან გამომდინარე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არავაქცინირებულა, “ომიკრონი” კი ისე სწრაფად ვრცელდება, რომ სასწავლებლების გახსნა ეპიდსიტუაციას მკვეთრად გააუარესებს, თუ ზედმიწევნით ზუსტად არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რაც პანდემიის წინააღმდეგ გამოიყენება. მე ველოდები, რომ მომავალი კვირიდან კლინიკებში და მათ შორის პედიატრიულ კლინიკებში მომართვიანობა გაიზრდება. ამასთან, ვერ ვიტყვი, რომ კლინიკურად უფრო აგრესიულად მიმდინარეობს “ომიკრონი”, მაგრამ როგორც ბავშვთა ასაკში, ისე მოზარდებში უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება. ამიტომ ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი ინფიცირებული გვეყოლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
“როგორც კვლევები აჩვენებს, “ომიკრონს” არ ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, პირიქით, შესაძლოა უფრო მსუბუქიც იყოს, მაგრამ ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება”, - მიიჩნევს გოგინავა. ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას ასევე პროგნოზირებს, რომ სწავლის განახლებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა სავარაუდოდ გაიზრდება. “სამწუხაროდ, “ომიკრონი” ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ არ არის გამორიცხული ინფიცირებულთა რაოდენობა და სამედიცინო სექტორზე მომართვიანობამ მოიმატოს”, - ამბობს ხმალაძე, რომელიც იმედოვნებს, რომ “იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება ყველა წესი, ეს არ იქნება ძალიან შესამჩნევი, მაგრამ საქმე ეხება ბავშვებს და სამწუხაროდ, ძნელია მათი კონტროლი”, - წერს სტატიის ავტორი.
ვახტანგ მეგრელიშვილი - “შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება”
“სასაცილოა ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. 21-ე საუკუნეში პიროვნული კულტის ასეთი წარმოჩინება თუ შეიძლებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ხომ გახსოვთ, სააკაშვილზე რაღაცას რომ შემეკითხებოდით და მე ვბრაზობდი? მაშინ კიდევ არ მქონდა წარმოდგენილი, თუ რა მასშტაბის პრობლემის წინაშე ყოფილა ეს ადამიანი. მისი ასეთი ქცევა არ არის ბუნებრივი, ამ არაბუნებრიობას მოჰყვება ეჭვი, რომ ჩვენ რაღაც არ ვიცით და სააკაშვილი და ივანიშვილი რეალურ პოლიტიკურ ბრძოლაში კი არ არიან ჩართული, არამედ რაღაც სპექტაკლში თამაშობენ და სურთ ჩვენც მიგვაღებინონ მონაწილეობა. მე ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება მექმნება”, - აცხადებს “გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება” / “ნაცქოცური” თამაშის დიდი ხნით გაგრძელება შეუძლებელია”.
“არ ვაპირებ ამასთან შეგუებას. “ნაციონალური მოძრაობა” თამაშის წესებს ვერ აწესებს, უბრალოდ, არის კლიშე-შეფასებები, რაც ამ გუნდს წლების განმავლობაში მოჰყვება - ვითომ დიდი პარტიაა და ა.შ. სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც არ ვითარდება. ეს ბედნიერებაა მმართველი გუნდისთვის. ამიტომაც გვეჩვენება, რომ გამოსავალი არ არის. ვფიქრობ, ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო - მიხეილ სააკაშვილი ადრე ციხეში არ მჯდარა, “ნაციონალური მოძრაობა” ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა, შესაბამისად, მგონია, რომ ამ “ნაცქოცური” თამაშის დიდი ხნით გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგად სხვა თემები ვაქციოთ. წესით, ეს სხვა ოპოზიციური პარტიების ინტერესიც უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილი.
“რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს ეს ტოტალური შეზღუდვები და ვიფიქროთ სიღარიბის დაძლევაზე, მაგრამ ქვეყანაში ისეთი უცნაური ვითარებაა, შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიის შინაარსი შევცვალოთ. ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა დავინახოთ იმაში, რომ 30 წელია სიღატაკეში ვცხოვრობთ. ისეთი ქვეყანა გვაქვს, წესით, ღარიბები არ უნდა ვიყოთ. რატომ ვართ ღარიბები? იმიტომ, რომ განვითარებას ვერ ვახერხებთ. რატომ ვერ ვვითარდებით, მიზეზები არავის აინტერესებს”, - დასძენს “გირჩის” ლიდერი და შეკითხვაზე - “ესე იგი, ამბობთ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საუბარი დავიწყოთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე?” - პასუხობს:
“სწორედაც, მოვეშვათ მიშა-ბიძინას ძახილს, ტელეკამერების წინ პრანჭვას და დავიწყოთ საუბარი სერიოზულ საკითხებზე. თუ ამას ნამდვილად შევძლებთ, მაშინ პრობლემებს ექსცესებისა და დაპირისპირების გარეშე მოვაგვარებთ”.