ალექსანდრე თვალჭრელიძე - არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციას ტალეირანები არ ჰყავთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ვიდრე აქტუალურ თემებზე თქვენი მოსაზრების გამოხატვას გთხოვდით, წელს ჩვენი პირველი ინტერვიუ გვინდა დავიწყოთ გასული წლის ნოემბრის ბოლოს „ინტერპრესნიუსთან“ თქვენი ინტერვიუთი, რომელმაც ბევრ სპეციალისტებში ინტერესი გამოიწვია.

მასში თქვენ პრაქტიკულად დეტალურად ისაუბრეთ ეკონომიკის განვითარების გზებსა და იმაზე, რა და როგორ შეიძლება უკეთ გაკეთდეს, რომ ქვეყანა არ ჩამორჩეს განვითარების ტენდენციებს.

ჩვენ მკითხველს შევახსენებ თუ რაზე საუბრობდით.

„მსოფლიო გლობალიზებულია და თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებსა და მანქანებს იყენებს, ჩვენ კი თამაშგარე მდგომარეობაში ვართ... სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობა, რომელიც დიდწილად ბარენც ჯგუფმა და კორპორაცია Merrill Lynch-მა შეგვიმუშავა და რომელიც საერთოდ არ ცნობს თანამედროვე ეკონომიკურ მანქანებს, როგორიცაა ჰეჯინგი, ფიუჩერსული კონტრაქტი, ETF ფონდი, კომპეტენტური პირი და მრავალი სხვა“.

იმედია არ გაგიკვირდებათ თუ გკითხავთ - მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან თუ შეგეხმიანათ ვინმე? თუ არა, თქვენი დაკვირვებით რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს კორპორაცია Merrill Lynch-ის მიერ ჩვენთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს?

- უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ ახალი წელი. გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენ თანამემამულეებს წელს პანდემიის დამარცხებას, ყოველდღიური ცხოვრების დეპოლიტიზირებას, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წინსვლას.

თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, მინდა პატარა შესწორება შევიტანო. თავის დროზე, მთავრობამ კორპორაცია Merrill Lynch-ის რეკომენდაციები სწორედ რომ გაითვალისწინა და ეს იყო ძალიან ცუდი.

შემუშავდა, ესე ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელიც მკვეთრად ზღუდავს საქართველოში თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და მანქანების განვითარებას. შედეგად, ჩვენ გლობალიზებული სამყაროს შორეულ პერიფერიაზე აღმოვჩნდით და დღესაც იქ ვიმყოფებით.

ამასთან დაკავშირებით, ორ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი. 1996 წელს, როცა საფრანგეთში ვცხოვრობდი, შედგა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ ნიკო ლეკიშვილის ვიზიტი პარიზში. მის ჩამობრძანებამდე ორიოდე კვირით ადრე დამიკავშირდა როტშილდის ბანკის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი მიშელ ჟაკობი და ბატონ ნიკოსთან შეხვედრა მთხოვა. მოხერხდა მხოლოდ დილის 9 საათზე ბანკის ოფისში, რომელიც ელისეს სასახლის გვერდი-გვერდ იმყოფება, ერთსაათიანი საუზმის მოწყობა.

შეხვედრაზე ბატონმა ჟაკობმა ჩვენ მთავრობას ეკონომიკური კანონმდებლობის შემუშავებაში, თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტების დანერგვასა და პრივატიზაციაში ზოგადი მრჩველობა შესთავაზა.

პასუხი მას არ მიუღია. და აი, ერთი თვის წინ ვიგებთ, რომ ჩვენი პრემიერ მინისტრი შეხვდა როტშილდის ბანკის ხელმძღვანელობას და თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ანუ, ფუჭად დაიკარგა 26 წელი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა როტშილდის ბანკთან ურთიერთობაში ინვესტორთა მოზიდვას არ დასჯერდება და ამ შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობის გათანამედროებისთვის გამოიყენებს. თორემ კიდევ 26 წელი დაიკარგება ამაოდ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა როტშილდის ბანკთან ურთიერთობაში ინვესტორთა მოზიდვას არ დასჯერდება და ამ შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობის გათანამედროებისთვის გამოიყენებს. თორემ კიდევ 26 წელი დაიკარგება ამაოდ

ეხლა მთავარი. ზოგადი ეკონომიკური ანალიზი გვაჩვენებს, რომ 2020 წელს პანდემიამ მსოფლიო მშპ-ს 4,50%-იანი კლება გამოიწვია. აშშ-ში ასეთმა კლებამ 2,32% შეადგინა, ხოლო საქართველოში - 9,07%. მხედველობაში მაქვს არა ჩვენი ლარებში გამოხატული სტატისტიკა, არამედ გათვლები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიმდინარე აშშ დოლარებში მშპ-ს წლიურ ოდენობას ემყარება.

იბადება მარტივი კითხვა: რა არის ასეთი დისბალანსის მიზეზი? ამ კითხვაზეც პასუხის გაცემა რთული არ არის. ბირჟების საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიო ბირჟებზე 46,19 მილიარდი კონტრაქტი დაიდო, ანუ მსოფლიოს იმდროინდელი მოსახლეობის 1 სულზე 5,92 კონტრაქტი.

ამ კონტრაქტების ნომინალურმა პირობითმა ღირებულებამ (Notional Value) 2151 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩემს მიერ გათვლილმა დამატებულმა ღირებულებამ - სულ მცირე 10 ტრილიონი აშშ დოლარი. ამ კონტრაქტების 87% აშშ-ში დაიდო და, შესაბამისად, ფინანსური ინსტრუმენტებით შექმნილი დამატებული ღირებულების ლომის წილი ქვეყანაში დარჩა. ჩვენ ამ ფულადი ნაკადიდან ერთი თეთრიც არ მიგვიღია.

მერამდენედ უნდა ვთქვა, რომ საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანაა!

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თან საკმაოდ კარგი. მძიმე ლოქდაუნის შემდეგ რომ ზრდის მაჩვენებელი მაღალია, კარგია, მაგრამ 13%-ნი ინფლაცია რომ ეკონომიკურ ზრდას ლამის ანოლებს, სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასებსაც ეტყობა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს 6% ეკონომიკური ზრდა დააანონსა, მაგრამ ფაქტია, თუ ინფლაცია ისევ 13% იქნა, ისევ ისეთი სურათი გვექნება ეკონომიკაში, რაც დღეისათვის გვაქვს. არადა, როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა თქვა, იმ ოდენობის საგარეო ვალის გადახდას, რაც დღეისათვის გვაქვს აღებული, 40%-იან ნიშნულზე რომ ჩამოვიდეს სულ მცირე 4-5 წელი დასჭირდება.

პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით -„ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაგებულ მახეში გაება, რომელსაც ინფლაციის თარგედირება ჰქვია“.

ნოემბრის მასალაში ლარის კურსზე საუბრისას თქვენ ასეთი მოსაზრება გამოთქვით - „ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა უნდა ინიციატივაც გამოიჩინოს და სასწრაფოდ შექმნას ოქროს სტრატეგიული რეზერვი, რომელიც აშშ დოლარის გაცვლით კურსზე არ იქნება დამოკიდებული. ამის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა დავაფუძნოთ კავკასიის სანედლეულო ბირჟა და მეთვალყურედ, მაგალითად, CME ჯგუფი.“ თან დასძინეთ - „თქვენ კითხვასაც ვუპასუხე და გულზე მძიმე ლოდიც ოდნავ შევიმსუბუქე.“

თქვენი აზრით რატომ არ იჩენს ეროვნული ბანკი ინიციატივას და რატომ არ ქმნის ოქროს სტრატეგიულ რეზერვს, რომელიც აშშ დოლარის გაცვლით კურსზე არ იქნება დამოკიდებული?

- თქვენ ამ პატარა კითხვაში იმდენ საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ, რომ მოკლედ პასუხის გაცემა გამიჭირდება - გასაგები რომ იყოს, დაწვრილებით უნდა ავხსნა ძალიან რთული საკითხები.

პირველი. 12%-იანი ეკონომიკური ზრდა 13%-იანი ინფლაციის ფონზე ეკონომიკურ სტაგნაციას ნიშნავს. სამომხმარებლო ფასების ზრდის ფონზე, როცა პენსიებისა და ხელფასების ინდექსაცია არ ხორციელდება, მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბები კი ღატაკდებიან.

მოვუწოდებ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ჯინის ინდექსი 2019 და 2021 წლებისთვის და მაშინ ცალსახად ვიხილავთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის სოციალურ შედეგებს.

მოვუწოდებ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ჯინის ინდექსი 2019 და 2021 წლებისთვის და მაშინ ცალსახად ვიხილავთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის სოციალურ შედეგებს

მეორე. საგარეო ვალთან მიმართებაში ნუ გვიქმნის ეროვნული ბანკი არმაგედონის სურათს. 2020 წელს სოციალური დახმარების პაკეტების დასაფინანსებლად ბევრმა ქვეყანამ ვალი აიღო და ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, ამ ვალმა მშპ-ს 98%-ს გადააჭარბა.

ამ ვალის გასასტუმრებლად მიმდინარეობს ე.წ. „სოციალური სოლიდარობის ობლიგაციების“ (joint-and-several bonds) გამოშვება და ნავარაუდევია, რომ ეს ობლიგაციები დამუშავდება და დაიფარება 20 წლის ვადაში.

ანუ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოებმა საგარეო ვალის დასაფარად სუფთა ფინანსურ მანქანებს მიმართეს, ჩვენ კი ეს ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტს დამოკლეს მახვილივით ჩამოვკიდეთ.

სახელმწიფოებმა საგარეო ვალის დასაფარად სუფთა ფინანსურ მანქანებს მიმართეს, ჩვენ კი ეს ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტს დამოკლეს მახვილივით ჩამოვკიდეთ

მესამე. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებას. ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა თავისი ამჟამინდელი სტრუქტურა შეიძინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირდაპირი მითითებებით ამ საუკუნის დასაწყისში. ეს ის პერიოდი იყო, როცა მიმოქცევაში ევრო შემოიჭრა და მაშინვე მსოფლიოს მეორე სარეზერვო ვალუტად ჩამოყალიბდა.

ამ პერიოდში აშშ-ს სახელმწიფო რეზერვის პირდაპირი ლობირებით ხელი მოეწერა ე.წ. ვაშინგტონის შეთანხმებას ოქროზე, რომელიც კვოტებს უწესებდა სახელმწიფოებს ოქროს რეზერვების გაყიდვაზე.

ვთქვათ სიმართლე, ნუ ვიქნებით მლიქვნელები, სახელმწიფო რეზერვი ზრუნავდა იმაზე, რომ სავალუტო, სასაქონლო და სანედლეულო ბაზრებზე ევროს აშშ დოლარი არ ჩაენაცვლებინა. სავალუტო ფონდმა ჩათვალა, რომ რადგან ორი სარეზერვო ვალუტა არსებობდა ფინანსურ ბაზრებზე, მათი გაცვლითი კურსი მსოფლიო ფინანსური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფდა.

სინამდვილეში პირიქით მოხდა. ეს კურსი გამოყენებულ იქნა ეკონომიკური დასჯის ინსტრუმენტად, რისი დამტკიცებაც მე ადვილად შემიძლია. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. აქ კი უნდა ითქვას, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყნებმა ოქროს რეზერვების გაყიდვა და ევროს რეზერვების შექმნა დაიწყეს.

ჩვენი ეროვნული ბანკი ჩემსავით თუ გააანალიზებს მსოფლიო სტრატეგიული ოქროს რეზერვების დინამიკას, დაინახავს, რომ 2000 წლიდან 2009 წლამდე მსოფლიო ოქროს სტრატეგიული რეზერვების ოდენობა 33.5 ათასი ტონიდან 30 ათას ტონამდე შემცირდა.

2009 წელს, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა და ქვეყნებმა ოქროს რეზერვების შეგროვება დაიწყეს. 2021 წლის დასაწყისში ამ რეზერვებმა 35,2 ათასი ტ შეადგინა.

ეს ვითარება, ძირითადად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაპირობა, როცა აღმოჩნდა, რომ აშშ დოლარის რეზერვები ვერ იცავს ევროს დევალვაციისგან. ევროპას, ძალაუნებურად, აშშ და სხვა ქვეყნებიც გაყვა. ოქროს რეზერვები შექმნეს რუსეთმა, ჩინეთმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ჩვენ კი კვლავ სავალუტო ფონდის ხავსმოკიდებულ სტრატეგიას ვეჭიდებით.

აღმოჩნდა, რომ აშშ დოლარის რეზერვები ვერ იცავს ევროს დევალვაციისგან. ევროპას, ძალაუნებურად, აშშ და სხვა ქვეყნებიც გაჰყვა. ოქროს რეზერვები შექმნეს რუსეთმა, ჩინეთმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ჩვენ კი კვლავ სავალუტო ფონდის ხავსმოკიდებულ სტრატეგიას ვეჭიდებით

რა, სკოლის მოწაფეები ვართ, რომ მასწავლებლის მითითებები პირნათლად შევასრულოთ?

- 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, მთავრობას ვალდებულებები აქვს აღებული, ასევე ვიცით, რომ მთავრობა 300 მილიონ ლარით დაეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს.

თქვენ ხშირად გისაუბრიათ იმაზე, რომ გაკეთებადია საშუალო ხელფასი ყიდვაუნარიანობით საშუალო ევროპულ ხელფასს გაუტოლდეს, ასევე იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ძირფესვიანად შესაცვლელია.

თქვენი დაკვირვებით რატომ არ დგამს ამ ნაბიჯებს ხელისუფლება, არ იცის ეს როგორ გააკეთოს, თუ სავარაუდოდ რაა ამის მიზეზი?

- უკლებლივ ყველა სამთავრობო ადმინისტრაციამ ერთი საინტერესო ტექნოლოგია შეიმუშავა - იგი კეთილმოსურნე კრიტიკას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის დასაშვები ნარატივის ზღვარზე მყოფ პოლიტიკური ოპონენტების ლანძღვა-გინებას პასუხობს. ეს რაღაც ოდნავ მოსირაქლემე ინფანტილურ ფსიქოლოგიას მაგონებს - არ მომწონს, თვალებს ვხუჭავ, ვერ ვხედავ, ანუ არ არსებობს.

რაზეა ლაპარაკი, როცა საქართველოში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და გეგმა არ არსებობს. ყოველი ახალი პრემიერ მინისტრი თავიდან იგონებს ველოსიპედს, პოლიტიკური პრაგმატიზმი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა დგას.

საქართველოში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და გეგმა არ არსებობს. ყოველი ახალი პრემიერ მინისტრი თავიდან იგონებს ველოსიპედს, პოლიტიკური პრაგმატიზმი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა დგას

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს ტექნოკრატული, პროფესიული მთავრობა ჭირდება. მცდარია აზრი, რომ კარგ მენეჯერს შეუძლია კონსერვატორიასაც და საავადმყოფოსაც უხელმძღვანელოს. ამ მცდარი აზრის შედეგებს ჩვენ უკვე ვიმკით.

საქმე კი იმაშია, რომ კარგი მენეჯერი, რომელმაც დარგი არ იცის, ვერავითარ ნოვატორულ, ახლებურ იდეებს ვერც შეიმუშავებს, ხოლო სხვის მიერ შემუშავებულს - ვერ შეაფასებს.

ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკური პოსტი მთავრობის მეთაურია, რომელიც პროფესიონალების მიერ სხვადასხვა დარგის განვითარების გეგმებს ერთიან ნაკადში აქცევს. ჩვენ კი ისევ მეორე კლასში ჩარჩენილი მოწაფესავით განვლილის განმეორებას უკვე მერამდენე წელია ვცდილობთ და ძველი, ათასჯერ გარემონტებული საბჭოთა წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული ზაპოროჟეცით ლამბორგინის გვინდა დავეწიოთ, რაც, ცხადია, არარეალურია.

ჩვენ კი ისევ მეორე კლასში ჩარჩენილი მოწაფესავით განვლილის განმეორებას უკვე მერამდენე წელია ვცდილობთ და ძველი, ათასჯერ გარემონტებული საბჭოთა წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული ზაპოროჟეცით ლამბორგინის გვინდა დავეწიოთ, რაც, ცხადია, არარეალურია

- ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა, ანუ როგორც ბევრი ამბობს, „ძვირი ფულის“ პოლიტიკის გატარებას ცდილობს.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შედეგად „ფული გაძვირდება“, ეს კი ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას შეამცირებს, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის მხრიდან „ძვირი ფულის“ პოლიტიკის გატარებისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს?

- ამაზეც არაერთხელ გვქონია საუბარი. ასეთი პოლიტიკა უცხოელ ინვესტორებს ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად დაუძლეველ პრიორიტეტს უქმნის. აბა, დააკვირდით, მთავრობის წევრები, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ლაპარაკობენ არა ინვესტიციებზე, როგორც ასეთებზე, არამედ უცხოურ ინვესტიციებზე.

ახლა ვინ არის უცხოელი ინვესტორი? რა, მას ერთი სული აქვს, რომ თავის ოჯახს ფული მოწყვიტოს და იგი საქართველოში დააბანდოს ჩვენი სამშობლოს დაუოკებელი სიყვარულის გამო? სულაც არა. იგი საბანკო დაწესებულებაში იღებს იაფ კრედიტს შესაბამისი საინვესტიციო პროგრამის დასაფინანსებლად, ჩამოდის საქართველოში, სადაც დაბალი კორუფციის დონე და შესაბამისი ეკონომიკური კანონმდებლობა ხვდება და ისე იწყებს ბიზნესს, რომ ჩვენ ჭკუას გვასწავლის.

ეს კი ყველაფერი იმის შედეგია, რომ საქართველოში არ არსებობს კაპიტალური ბაზარი, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი.

საქართველოში რომ იაფი ფული იყოს, მთავრობას მეწარმეობის ხელშეწყობა არ დაჭირდებოდა. მაგრამ მსოფლიო ბანკს ასეთი იაფი ფულის ხელმისაწვდომობა არ აწყობს, ჩვენი ეროვნული ბანკიც მას კოჭს უგორებს.

საქართველოში რომ იაფი ფული იყოს, მთავრობას მეწარმეობის ხელშეწყობა არ დაჭირდებოდა. მაგრამ მსოფლიო ბანკს ასეთი იაფი ფულის ხელმისაწვდომობა არ აწყობს, ჩვენი ეროვნული ბანკიც მას კოჭს უგორებს

- ვიდრე თქვენ შეგეხმიანებოდით, თვალი მოვკარი „კვირის პალიტრაში“ თქვენს მოსაზრებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით.

წინასაახალწლო მოლოცვაში პრეზიდენტმა ამ თემას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო. ვერაფერს იტყვი, პრეზიდენტის ტექსტი მართლაც საინტერესო იყო მრავალმხრივ. მაგრამ, მან ასევე იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მის მიერ ინიციირებული პროცესის განსახორციელებლად არც მექანიზმები აქვს და არც ბერკეტები.

თქვენ ამბობთ - „პრეზიდენტმა შერიგების ინიციატივით პოლიტიკური ელიტა გარკვეულწილად ჩიხში მოაქცია. ვერავინ გაბედავს თქმას, რომ ეროვნული თანხმობა და პოლიტიკური შერიგება არ არის საჭირო. დღეს ყველა აღიარებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პოლიტიკური დიალოგი.“

ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი არც აღიარებს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხშია, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დაწყებული პროცესი და სავარაუდოდ როგორ შეიძლება ის დასრულდეს“?

- ჩემი ინტერვიუსთვის მარტო თვალი კი არ მოგიკრავთ, ყურადღებით წაგიკითხავთ. თქვენ კითხვას პასუხი რომ გავცე, რამდენიმე გარემოება უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც მე ინტერვიუს მიცემის დროს თავისთავად გასაგები მეგონა.

ქალბატონი სალომე, როგორც ევროპული განათლებისა და სულისკვეთების მქონე გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსი, დიდ ყურადღებას აქცევს სიტყვებს, ტერმინებს, განმარტებებს. მიაქციეთ ყურადღება, პრეზიდენტის ძირითადი გზავნილი, არ მინდა ვიხმარო სიტყვა მესიჯი, ეროვნული და არა პოლიტიკური თანხმობაა.

ამავდროულად, როცა იგი აცხადებს, რომ პოლიტიკური თანხმობის მისაღწევად მას არ გააჩნია სათანადო ინსტრუმენტები, პწკარებს შორის შემდეგი იდეა უნდა გავაცნობიეროთ. ქართველ ხალხს მოჰბეზრდა პოლიტიკური კინკლაობა, მას წყნარი ცხოვრება და სამომავლო პერსპექტივის დანახვა სურს.

ყველას გვესმის, რომ ამის მისაღწევად აუცილებელია ზოგადსაერო შეთანხმება ჩვენი ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებზე. რა გვინდა, ევროპული გზა თუ რუსეთის სატელიტობა? რა გვინდა, თავისუფალი ბაზარი თუ ფსევდოტოტალიტარული ეკონომიკა? რა გვინდა, პირადი თავისუფლება თუ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უმდაბლესი ხარისხის ფსევდო სოციალური უზრუნველყოფა?

ყველას გვესმის, რომ ამის მისაღწევად აუცილებელია ზოგადსაერო შეთანხმება ჩვენი ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებზე. რა გვინდა, ევროპული გზა თუ რუსეთის სატელიტობა? რა გვინდა, თავისუფალი ბაზარი თუ ფსევდოტოტალიტარული ეკონომიკა? რა გვინდა, პირადი თავისუფლება თუ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უმდაბლესი ხარისხის ფსევდო სოციალური უზრუნველყოფა?

თუკი ამ პრინციპებზე შევთანხმდით, მაშინ ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდება წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნება. გაჩნდება სოციალური გარემო, როცა იმაზე კი არ ვისაუბრებთ, საჭიროა თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი გისოსებს მიღმა იჯდეს, არამედ იმაზე, როგორ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, როგორ შევქმნათ დაბალანსებული საზოგადოება.

როცა ქალბატონი სალომე ამბობდა, რომ პოლიტიკური თანხმობის მისაღწევად მას არ გააჩნდა სათანადო ინსტრუმენტები, იმასაც გულისხმობდა, რომ მას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაყვებოდა.

როცა მე ვამბობდი, რომ პრეზიდენტმა შერიგების ინიციატივით პოლიტიკური ელიტა გარკვეულწილად ჩიხში მოაქცია, იმას ვგულისხმობდი, რომ ჩვენმა რეიტინგულმა პარტიებმა სასწრაფოდ სტრატეგია უნდა შეცვალონ და ერთმანეთის გინების ნაცვლად პოზიტიური ნარატივი შემოგვთავაზონ.

როცა მე ვამბობდი, რომ პრეზიდენტმა შერიგების ინიციატივით პოლიტიკური ელიტა გარკვეულწილად ჩიხში მოაქცია, იმას ვგულისხმობდი, რომ ჩვენმა რეიტინგულმა პარტიებმა სასწრაფოდ სტრატეგია უნდა შეცვალონ და ერთმანეთის გინების ნაცვლად პოზიტიური ნარატივი შემოგვთავაზონ

იმასაც ვგულისხმობდი, რომ ამგვარი სახელმწიფო იდეა შანსს მისცემდა გაწონასწორებული იდეოლოგიის მქონე მცირე პარტიებს და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევწყვეტდით არჩევნებზე მავანის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემას და მხარს ჩვენ რჩეულ პარტიებს დავუჭერდით.

ასეთი სოციალური გარემო კი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას განაპირობებდა. შედეგად, ადამიანები თანამდებობებზე პროფესიული ნიშნით და არა პარტიული ერთგულების გამო დაინიშნებოდნენ.

ეხლა, ქალბატონ სალომეს პროექტი სტრატეგიულია, ხანგრძლივი, სულ მცირე - სამწლიანი და მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ყოველი ჩვენთაგანის სოციალურ პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.

ქალბატონ სალომეს პროექტი სტრატეგიულია, ხანგრძლივი, სულ მცირე - სამწლიანი და მისი წარმატება თუ წარუმატებლობა ყოველი ჩვენგანის სოციალურ პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი პოლარიზაციის შემცირებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ გაურკვეველი რჩება მესამე პრეზიდენტის ბედი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განაცხადებს თუ დავაკვირდებით, ამ ეტაპზე გამორიცხულია მესამე პრეზიდენტის ან განთავისუფლება, ანაც სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

წლის ბოლოს მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ ამ პროცესის შეჩერების მოთხოვნით მმართველ გუნდს ევროკავშირის, აშშ-ს, გერმანიის ელჩებმა, ასევე გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა მიმართა. ამას წინ უძღოდა პარლამენტის სპიკერის კახა კუჭავას გადადგომა.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ 2022 წელს მმართველი გუნდი საშინაო პოლიტიკაში უფრო ხისტად იმოქმედებს, ოპონენტებთან ურთიერთობაშიც უფრო ხისტი იქნება და ეს მესამე პრეზიდენტსაც შეეხება?

- აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები, თუმცა ჩემმა აზრმა შეიძლება ბევრი ადამიანი გააღიზიანოს. არ შეიძლება ქვეყანაში ორმაგი სტანდარტი დაწესდეს, თუმცა გამოუთქმელად ჩვენი დასავლელი პარტნიორები აქეთკენ გვიბიძგებენ.

თუკი უზენაესმა სასამართლომ მავანს პატიმრობა შეუფარდა და სტრასბურგის სასამართლომ მისი სარჩელის მიღებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მსჯავდებული ყოფილი პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ალფა და ომეგა.

თუკი მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება უნდოდა, არ უნდა ჩამობრძანებულიყო საქართველოში, იგი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის, ისევე როგორც საქართველოს, კანონმდებლობა კრძალავს თავისი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადირებას. არ ვიცი, ეგონა თუ არა მიხეილ სააკაშვილს, რომ მის ერთ დაძახილზე მთელი საქართველო ამხედრდებოდა და პარლამენტის შენობას შტურმით აიღებდა, მაგრამ ახლა თავისი ქმედებების შედეგები უნდა იგემოს.

ამ თვალსაზრისით მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას მეტად შეზღუდული მანევრის შესაძლებლობა აქვს. რომც უნდოდეს, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების კანონიერ საფუძვლებს მე ვერ ვხედავ, თუკი ასეთი არსებობს, გვითხარით.

მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას მეტად შეზღუდული მანევრის შესაძლებლობა აქვს. რომც უნდოდეს, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების კანონიერ საფუძვლებს მე ვერ ვხედავ, თუკი ასეთი არსებობს, გვითხარით

როგორ წარმოგიდგენიათ, რა იურიდიული წინაპირობა არსებობს, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ გააგზავნონ სამკურნალოდ. ასეთი პრეცედენტი მე არ ვიცი. გამიგია, რომ სასამართლო უიმედოდ ავადმყოფებს ათავისუფლებს. მაგრამ აქ ხომ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ძალიან ცუდია, როცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იმყოფება, მაგრამ ამისი პრეტენდენტები ხომ ბევრი მოგვეპოვება. გაიხსენეთ პინოჩეტი, რომელმაც ჩილე თავის დროზე კომუნიზმის ვირუსისგან განკურნა, ან კიდევ არგენტინელი პერონების წყვილი, ან თუნდაც ნიკოლა სარკოზი. ვიმეორებ, ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია, როცა ყოფილი პრეზიდენტი პატიმარია, მაგრამ უარესია, თუ მას კანონის გვერდის ავლით გაათავისუფლებენ.

ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია, როცა ყოფილი პრეზიდენტი პატიმარია, მაგრამ უარესია, თუ მას კანონის გვერდის ავლით გაათავისუფლებენ

მმართველი გუნდის საშინაო პოლიტიკა კი მათი ლიდერების გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული. აგერ, მიეცა მას იურიდიული საფუძველი ხისტი პოლიტიკის გასატარებლად და მყისიერად გაჩნდა პრეზიდენტის ეროვნული შერიგების ინიციატივა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა უპასუხოს.

მომავალი გვიჩვენებს, რამდენად გაწონასწორებულ და გამჭრიახ პოლიტიკას შეიმუშავებს ხელისუფლება.

- თუ მმართველი გუნდის ნაბიჯები და მოქმედების სტრატეგია მეტ-ნაკლებად გასაგებია, გაუგებარია პოლიტიკური ბრძოლის რა გზას აირჩევს ოპოზიციის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, ან დანარჩენი ოპოზიცია.

„ნაციონალები“ ცოტა ხნის წინ ამბობდნენ რომ შიმშილობა გაგრძელდებოდა, ახლა ამბობენ რომ პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას. ახლა მათი მხრიდან აქცენტი კეთდება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებისა და არაადამიანურ მოპყრობას შეისწავლის.

მმართველი პარტია მზადაა მათ ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, თუ „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია პარლამენტის ბოიკოტირებას შეწყვეტს და რეალურად გააგრძელებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას.

არადა, ცოტა ხნის წინ ისინი საუბრობდნენ მესამე პრეზიდენტის მკურნალობის, გათავისუფლების, ან სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.

თქვენ დაკვირვებით უახლოეს მომავალში სავარაუდოდ პოლიტიკური ბრძოლის რა გზას აირჩევს ოპოზიცია და სავარაუდოდ როგორი იქნება იგი?

- თქვენთვის თუ გასაგებია მმართველი გუნდის სტრატეგია, ჩემთვის, როგორც გითხარით, გაუგებარია. ვშიშობ, რომ თვითონ გუნდიც ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მიკვირს, როგორ ღაღადებენ მათი ლიდერები და არ წითლდებიან. მართლაც, ხომ არ არის ეს ქვეყანა ჩალით დაფარული, ხომ ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სიტყვებს თავიანთი ეტიმოლოგიური არსი.

მმართველი გუნდის სტრატეგია ჩემთვის გაუგებარია, ვშიშობ, რომ თვითონ გუნდიც ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მიკვირს, როგორ ღაღადებენ მათი ლიდერები და არ წითლდებიან

არაადამიანური მოპყრობის შესახებ კი თუნდაც სულხან მოლაშვილისა და კობა დავითაშვილის ჭირისუფლებს ჰკითხონ ისევე როგორც მეგის ქარდავას პათოლოგიური წამების მსხვერპლებს. მოკითხეთ იმას, ვინც ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი დაამკვიდრა და იმათაც, ვინც ბრმად ამ პრინციპის შემსრულებელი იყო.

არსებობს დანაშაული, რომლის პატიება არ შეიძლება, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო კომისიის იდეა მეც მომწონს, ოღონდ მიუკერძოებელი ექსპერტების თანამონაწილეობით. მაშინ ამ ნარატივს ბოლო მოეღება და საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ შემდგომ.

საბედნიეროდ, ოპოზიციის გაიგივება „ნაცმოძრაობასთან“ აბსოლუტურად არასწორია. იმედი მაქვს, რომ თანდათან გაწონასწორებული პარტიები, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებზე ახალბედებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს, მომაგრდებიან და მაშინ ჩვენი პოლიტიკური არეალი გაცილებით უფრო გაწონასწორებული, მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.

ოპოზიციის გაიგივება „ნაცმოძრაობასთან“ აბსოლუტურად არასწორია. იმედი მაქვს, რომ თანდათან გაწონასწორებული პარტიები, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებზე ახალბედებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს, მომაგრდებიან და მაშინ ჩვენი პოლიტიკური არეალი გაცილებით უფრო გაწონასწორებული, მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება

- თუ მმართველმა გუნდმა მართლაც დაიწყო საშინაო პოლიტიკაში უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება, ასეთ შემთხვევაში რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ უფრო გააქტიურდებიან და მათი აქტიურობა დღეისთვის არსებულ მოცემულობაში მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს?

- აბა, რა გიპასუხოთ? ნათელმხილველი ან ასტროლოგი არ ვარ. ისე კი, ნიუტონის მესამე კანონის თანახმად, ქმედება უკუქმედების ტოლია.

ამიტომ მმართველი ძალის ნებისმიერი ქმედება ოპოზიციის მყისიერ უკუქმედებას გამოიწვევს. სხვა საკითხია, რამდენად იქნება ეს ქმედება თუ უკუქმედება გამჭრიახი და პოლიტიკურად სწორად გათვლილი. არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციას ტალეირანები არ ჰყავთ.

არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციას ტალეირანები არ ჰყავთ

- რამდენიმე დღეა მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა 2022 წელში ცხოვრობს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ რთული ვითარებაა და ამას ემატება ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ბევრ თემებში გაურკვევლობა-გაუგებრობა.

ვითარებაში, როცა საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება უდიდეს წილად ჩვენს დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, ხელისუფლება მის მიმართ აშშ-ს საელჩოს კრიტიკას იმდენად არადიპლომატიურადაც კი პასუხობს, რომ ბევრი რამ მართლაც გაუგებარი ხდება.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და თქვენი აზრით 2022 წელს სავარაუდოდ, რა იქნება საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში?

- ყველაფერი გაცილებით უფრო გასაგები გახდება 10 იანვრის შემდეგ. ისე კი, ნუ გეშინიათ, საქართველოა აშშ-ის პარტნიორი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი მთავრობა წარმავალია, პარტნიორობა კი ხანგრძლივი. აშშ-იმ ეს ყველაზე კარგად იცის. ჩვენი მთავარი გამოწვევებიც უცვლელია და ისინი ჩრდილოეთის ქარს მოაქვს.

საქართველოა აშშ-ის პარტნიორი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი მთავრობა წარმავალია, პარტნიორობა კი ხანგრძლივი. აშშ-იმ ეს ყველაზე კარგად იცის. ჩვენი მთავარი გამოწვევებიც უცვლელია და ისინი ჩრდილოეთის ქარს მოაქვს

და ბოლოს, ერთი რამ მინდა გითხრათ. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს - მონადირემ ნადირი მოინადიროს, მეწაღემ კი ჩექმები კეროს. ამიტომ რაც ნაკლებ პოლიტიკურ კითხვას დამისვამთ ხოლმე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის, ჩემთვის და თქვენი მკითხველისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა