ვაჟა ბერიძე - პოლიტიკური ავანტიურების ვირტუოზმა სააკაშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას დააშვებინა შეცდომა და ფაქტობრივად გამოუვალი სიტუაცია შექმნა

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში 2021 წლის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, 2021 წლის მიმდინარე პროცესებზე წელს არა ერთხელ გვიმსჯელია, მაგრამ რადგან წელი იწურება ფაქტია, რომ ახლა წლის შედეგებზე საუბრის დროც დადგა.

2021 წელი, ისევე როგორც 2020 წელი, ქვეყნისთვის ბევრი თვალსაზრისით იყო რთული და მძიმე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდად მართული კოვიდის ფონზე ქვეყანა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება, არამედ იმის გამო, რომ საშინაო პოლიტიკაში კიდევ უფრო გართულებული ვითარება გვაქვს. ეს რომ ასეა, ბუტაფორიებად ქცეულ თვითმმართველობებში არსებული მდგომარეობა და პარლამენტში, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილის ყოფნაც გვახსენებს.

საქართველოში მესამე პრეზიდენტის დაბრუნებამ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაართულა. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მასობრივი შიმშილობებიც ამის დასტურია.

ქვეყნისთვის რა შედეგებით სრულდება 2021 წელი საშინაო პოლიტიკაში?

- 2021 ვფიქრობ, უწინარეს ყოვლისა, სანიშანსვეტოა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის კიდევ ერთი წელი დაასრულა. სამი ათეული წელია, ქვეყანა დამოუკიდებელია, თავისუფალი და სუვერენული.

ხარისხი ამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის, შესაძლოა, განსჯის საგანი იყოს და სხვადასხვანაირად იქნას აღქმული, მაგრამ ფაქტია, რომ თუ რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ ქვეყანამ მხოლოდ 3 წელი იცხოვრა თავისუფლების და დემოკრატიის პირობებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 3 ათეული წელი გავიდა და იგი, ფორმალურად მაინც, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა.

კითხვაც ძველისძველია, როგორც ჩვენი ერის ისტორიული წარსული - შეგვიძლია თუ არა ჩვენ სრულფასოვნად ფუნქციონირებადი სახელმწიფოს აშენება, რომელიც მსოფლიოს ხალხთა და თავისუფალ ერთა შორის თავის ადგილს დაიმკვიდრებს? ისტორიულად და ცივილიზაციურად, ჩვენ ამის ღირსნი ვართ, მაგრამ რასაც დღევანდელობა ჰქვია, ამ კითხვაზე დადებითი პასუხისთვის არ განგაწყობს.

მართალია, პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, მაგრამ წლის შედეგების შეფასებისას, უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის ფაქტორი ერთი მხრივ, რომელმაც განვითარებისთვის ექსტრემალური ვითარება შექმნა და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გარემოება - გეოპოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

„ცივი ომის“ დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული „ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომელიც შეერთებული შტატების ჰეგემონობას გულისხმობდა მსოფლიო პროცესებში, აღარ არსებობს. ამავე დროს, უნდა დავაფიქსიროთ, რომ არც ახალი გეოპოლიტიკური რეალიების კონტურები გამოკვეთილა, რაც სიტუაციას ფეთქებადსაშიშს ხდის ყველასთვის, განსაკუთრებით ახალი ქვეყნებისთვის, რომელთა შორის ჩვენც ვართ.

ახლა შედეგები. ამ ყოველივეს მიუხედავად, ეკონომიკა ფუნქციონირებდა, სოციალური ვალდებულებები შესრულდა, ახალი ბიუჯეტი დამტკიცებულია. და ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ჩიხში შესვლის მიუხედავად.

პანდემია მზაკვრული ფენომენია. ის გაცილებით ორგანიზებულ და ეფექტიანი ეკონომიკის ქვეყნებსაც სერიოზულად აზანზარებს. მას უკეთ მართავენ თურქეთში, თუმცა, ეს 20 წამყვანი ეკონომიკების რიგში მყოფი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, სერიოზულია ლირის გაუფასურების პრობლემა და ერდოღანი იძულებულია, დედოლარიზაციის კურსის იმედად იყოს. ასე რომ, ამ კითხვაზე, ისე როგორც ბევრ პრობლემაზე, ცალსახა პასუხი და მიდგომა არ არსებობს.

რა თქმა უნდა, მეტი და უფრო მკაცრი რეგულაციები უფრო უკეთ მართულ პროცესს მოგვცემდა, გარდაცვლილთა რაოდენობაც ნაკლები იქნებოდა და ბუნებრივია, ადამიანების სიცოცხლე უმთავრესია, მაგრამ ამ ქვეყანას და მის ეკონომიკას მეტი რესურსი არ აქვს. ვალის აღების შესაძლებლობებიც ფაქტობრივად ამოწურულია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი უამრავია, მაგრამ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამ წლის მთავარ ნაკლად ისევ განვითარების სტრატეგიის არარსებობა დარჩა და ესაა ამ წლის მთავარი რეზულტატი, რასაც დაუყოვნებლივ გამოსწორება სჭირდება სამთავრობო გუნდის მხრიდან.

ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამ წლის მთავარ ნაკლად ისევ განვითარების სტრატეგიის არარსებობა დარჩა და ესაა ამ წლის მთავარი რეზულტატი, რასაც დაუყოვნებლივ გამოსწორება სჭირდება სამთავრობო გუნდის მხრიდან

კარგია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები, კარგია ფარმაციის ბაზრის მოწესრიგების და მედიკამენტების გაიაფების სურვილი. კარგია პენსიების გეგმური გაზრდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

- საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ბატონმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია.“

რა შედეგით ასრულებენ 2021 წელს მმართველი გუნდი, ზოგადად ოპოზიცია და ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე წონიანი „ნაცმოძრაობა“?

- კრიზისი ყველა მიმართულებით სახეზეა. მმართველმა გუნდმა დასახული მიზანი გადაწყვიტა - 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ამ ეტაპზე, გამოირიცხა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კრიზისების განსამუხტად ვადამდელი არჩევნები ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა.

მმართველმა გუნდმა დასახული მიზანი გადაწყვიტა - 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ამ ეტაპზე, გამოირიცხა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კრიზისების განსამუხტად ვადამდელი არჩევნები ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა

ოპოზიციამ საკმაო გაბედულება და ამბიციები გამოამჟღავნა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლით საკუთარ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ნაცმოძრაობამ“ მიზანს ვერ მიაღწია, სააკაშვილის წონიანი ფიგურის არენაზე შემოვარდნითაც კი ვერ შეძლო ვითარების დესტაბილიზება, დაძაბვა და ინიციატივის ხელში ჩაგდება. სააკაშვილი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ადეკვატურია და ცდილობს ინიციატივის ხელში აღებას, რადგან ვინ - ვინ და სააკაშვილმა კარგად იცის რომ მშვიდი და მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის პირობებში ის და მისი მოკავშირეები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.

ნაცმოძრაობამ“ მიზანს ვერ მიაღწია, სააკაშვილის წონიანი ფიგურის არენაზე შემოვარდნითაც კი ვერ შეძლო ვითარების დესტაბილიზება, დაძაბვა და ინიციატივის ხელში ჩაგდება. სააკაშვილი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ადეკვატურია და ცდილობს ინიციატივის ხელში აღებას, რადგან ვინ - ვინ და სააკაშვილმა კარგად იცის რომ მშვიდი და მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის პირობებში ის და მისი მოკავშირეები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

შეძლებს თუ არა ის მასობრივი შიმშილობის მეშვეობით სიტუაციაში გარდატეხის შეტანას, ძნელი სათქმელია. რთულია, იმის პროგნოზირება, გამოდგება თუ არა, შიმშილობის აქტი ხელისუფლების დაშანტაჟების ინსტრუმენტად.

შიმშილობა, გარკვეული თვალსაზრისით და არსებითად, საკრალური აქტია. იგი უფრო ინდივიდუალური გამოხატვის უკიდურესი ფორმაა, თვითშეწირვის და თავგანწირვის, ვიდრე კოლექტიური პროტესტის ფორმა. არ ვგულისხმობ მის რელიგიურ-ეკლესიურ შინაარსს.

შეძლებს თუ არა ის მასობრივი შიმშილობის მეშვეობით სიტუაციაში გარდატეხის შეტანას, ძნელი სათქმელია. რთულია, იმის პროგნოზირება, გამოდგება თუ არა, შიმშილობის აქტი ხელისუფლების დაშანტაჟების ინსტრუმენტად

სხვა იყო განდის მიერ მისი გამოყენება და სხვა ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული შიმშილობა. პოლიტიკური ზეწოლის იარაღად შიმშილობის გამოყენებაზე დასავლეთში, დემოკრატიულ სამყაროში, კარგად ახსოვთ მარგარეტ ტეტჩერის განცხადება ჩრდილო ირლანდიელი მოშიმშილეების თაობაზე - სიცოცხლე ყველა ადამიანის პირადი საკუთრებაა და შეუძლია მას ისე მოექცეს, როგორც სურს.

„რკინის ლედის“ ამ სიტყვებში არავის დაუნახავს არც ცინიზმი და არც დაუნდობლობა. არც მაშინდელ ბრიტანეთში და არც დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ დღეს არავის აქვს უფლება, შიმშილობა პოლიტიკური შანტაჟის საშუალებად გამოიყენოს, რაგინდა რა მართალ და ამაღლებულ იდეალებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს აქტი.

თუმცა, მიუღებელია არა მარტო დემოკრატიულ ქვეყანაში მასობრივი შიმშილობის ფაქტი, არამედ ვითარება, რომელსაც მმართველო პარტია და მისი მთავარი ოპოზიციური ძალა ქმნის. მათი ლიდერების, ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციის ქვეყანაში, დემოკრატიის პირობებში, კარვები და შიმშილობა ანაქრონიზმი უნდა იყოს და ყველა პრობლემა განსჯის და დიალოგის გზით წყდებოდეს.

მაგრამ ასე არ ხდება და არც მოხდება, ვიდრე ხალხი არ არის მთავარი აქტორი პოლიტიკური პროცესის, მთავარი მსაჯული მიმდინარე მოვლენების. მას ვერ შეცვლიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობები ჩვენს ქვეყანაში.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო კონსულტაციები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანია მხარეებმა ეროვნულ თანხმობას მიაღწიონ, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას შეამცირებს.

ბევრი იმაზე საუბრობს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამბიციური ტვირთი აიღო თავის თავზე, ნაწილი ამტკიცებს, რომ იმიტირებულ პროცესთან გვაქვს საქმე.

როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ პროცესს და სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი?

- სხვათა შორის, ეს პროცესი, თუ ობიექტურები ვიქნებით, უნდა შევნიშნოთ, სააკაშვილმა დაიწყო შერიგებაზე საუბრით და პრეზიდენტმა გააგრძელა, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც ცნება, ტერმინად გამოყენებული - შერიგება, ისე - ეროვნული თანხმობა, მოცემულ კონტექსტში, დაცლილია რაიმე კონკრეტული შინაარსისგან.

შერიგებაზე საუბარს, სჯობს, ვისაუბროთ მორიგებაზე, გარიგებაზე, კომპრომისზე, შეთანხმებაზე, რაც არსებითად თანამედროვე პოლიტიკის პურია, საარსებო არეალია და არავინ პოლიტიკოსებისგან არ მოითხოვს უბიწოების აღთქმას.

მით უფრო, საინტერესო იქნებოდა ეროვნული თანხმობის კონოტაცია, რა იგულისხმება ამ ერთობ ტევადი ცნების მიღმა. რაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური სუბიექტები - ყველა სტრატეგიულ მიზანზე ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, დიდი ხნით და ცალსახად უკვე შეთანხმებულია. - თავისუფლება, სუვერენიტეტი, ხალხის მმართველობა, კანონიერება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი და ღირსეული წევრობა...

ყველაფერი სხვა ტაქტიკური საკითხია, პოლიტიკის საგანი და ელემენტია და მისი სისწორე საარჩევნო ურნასთან მოწმდება.

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისაღებია და შესაძლოა, გარკვეული შედეგითაც კი დასრულდეს

რაც შეეხება პარლამენტში ადგილებს, მთავრობაში მინისტრების პორტფელებს, კანონიერ პრივილეგიებს და ასე შემდეგ, კი ბატონო, შეიძლება იყოს მორიგების, გარიგების, შეთანხმების საგანი, რაც ბუნებრივია დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით მისი საპარლამენტო მოდელისთვის, რომელზეც თითქოსდა შეთანხმებულები ვართ და მოქმედებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისაღებია და შესაძლოა, გარკვეული შედეგითაც კი დასრულდეს.

- სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული პროცესის ფარგლებში მესამე პრეზიდენტი შეიძლება გამოვიდეს ციხიდან. ამ პროცესში ჩართულთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესის ფარგლებში სააკაშვილს შეიძლება მსჯავრი გადაუვადდეს, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა არ გატარდება.

სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში დაახლოებით ასეთი რამ თქვით - „ცდება ვინც თვლის, რომ სააკაშვილი გაჭრილი კარტია“. კვლავ ძალაშია თქვენი მოსაზრება, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში „გაჭრილი კარტი“ არაა?

- შეიძლება ყველაფერი მოხდეს. როცა ადრე საუბარი იყო სააკაშვილის დაპატიმრებაზე, უკრაინისთვის მისი გადმოცემის მოთხოვნაზე და ასე შემდეგ, არაერთხელ აღვნიშნე მედიაში, რომ ამის გაკეთება მიზანშეწონილი არ იყო.

სხვა საკითხია, სააკაშვილს ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მის მიმართ დასაბუთებული ბრალის ინკრიმინირების, შესაძლოა, არაერთისას.

ამაზე შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და სააკაშვილის მმართველობის პირობებში პროკურატურის, ხშირად უსამართლო გადაწყვეტილებების რეგისტრატორად ქცეული სასამართლო სისტემა ბიძინა ივანიშვილმა გადაიბარა, ასეთ ვითარებაში, სააკაშვილის გასამართლება, ბუნებრივია, იქნებოდა, პრობლემატური ივანიშვილის ხელისუფლებისთვის.

სასამართლო სისტემა ბიძინა ივანიშვილმა გადაიბარა, ასეთ ვითარებაში, სააკაშვილის გასამართლება, ბუნებრივია, იქნებოდა, პრობლემატური ივანიშვილის ხელისუფლებისთვის

„ოცნება“ ამისგან დიდხანს იკავებდა თავს, მაგრამ პოლიტიკური ავანტიურების ვირტუოზმა მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ ხელისუფლებას დააშვებინა ეს შეცდომა და ფაქტობრივად გამოუვალი სიტუაცია შექმნა.

მართალია, შესაძლოა, სააკაშვილი არც კი ფიქრობდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა, რადგან მისი არენაზე გამოჩენისთანავე საყოველთაო ეიფორიას და ამბოხს ელოდა და არ გაუმართლა, მაგრამ რეალობა მაინც ასეთი დადგა.

რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილი „გაჭრილი კარტი“ არ არის. ის უნარიანი, ენერგიული, პოლიტტექნოლოგიებში საკმაოდ კარგად ჩახედული პიროვნებაა და კიდევ ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს საქართველოშიც და არა მარტო აქ.

რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილი „გაჭრილი კარტი“ არ არის. ის უნარიანი, ენერგიული, პოლიტტექნოლოგიებში საკმაოდ კარგად ჩახედული პიროვნებაა და კიდევ ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს საქართველოშიც და არა მარტო აქ

2005 წელს ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ, ჩემი ინიციატივით, ის წლის ადამიანად დაასახელა. მაშინ მიმაჩნდა, რომ რეფორმატორული სულისკვეთებით, ქვეყნის მოდერნიზაციის კურსის გამო, ის ამას იმსახურებდა. პატარა ქვეყნის ლიდერი საერთაშორისო არენაზე შესამჩნევი პოლიტიკოსი გახდა. ეს არ იყო იოლი.

შეიძლება დიდი იმპერიის პირველი კაცი, ან ერთ-ერთი ლიდერი ქართველი გახდეს მსოფლიო დონის მოთამაშე, მაგრამ საქართველოს ლიდერისთვის ეს უსაშველოდ ძნელია.

მაგრამ, გამოხდა ხანი და 2010 წელს იმავეს უკვე აღარ ვიტყოდი და ვეღარ ვიტყოდი. ფაქტობრივად ავტორიტარული მმართველობის შემოქმედი ჩემგან იმავე შეფასებას უკვე აღარ იმსახურებდა.

სამომავლოდ? - ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუმცა, მანამდე, დაშვებული შეცდომებისათვის და სამართლებრივი გადაცდომებისთვის, მან პასუხი უნდა აგოს და ყველაფერი, ყველა ფაქტი, მკაფიოდ და ცალსახად უნდა შეაფასოს.

ახლა რა ვქნათ? - ახლა გამოსავალია საპოვნი. შესაბამისად დასაბუთებული იქნება ეს მსჯავრის გადავადება, თუ შეწყალება, იქნებ ობიექტურმა სასამართლომაც გამოიტანოს გამამართლებელი ვერდიქტი.

ყველაფერი შეიძლება. მე ვისურვებდი, რომ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პროცედურების მეშვეობით გამოვსულიყავით შექმნილი არაორდინალური მდგომარეობიდან.

ყველაფერი შეიძლება. მე ვისურვებდი, რომ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პროცედურების მეშვეობით გამოვსულიყავით შექმნილი არაორდინალური მდგომარეობიდან

ფეოდალური შუასაუკუნეები, მეგობრებო, წარსულში დარჩა. ექსორია და გაძევება არავისი ხვედრი არ უნდა იყოს. არა მარტო სააკაშვილის, არც ასლან აბაშიძე მემეტება გადასახვეწად ცხრა მთას იქით, როცა ის მეუღლის საფლავზეც კი ვერ გასულა და არც ლევან მამალაძე. ყველა ქართველი და საქართველოში დაბადებული, სურვილის შემთხვევაში, აქ უნდა ცხოვრობდეს და ყველა პრობლემას სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში აგვარებდეს.

სააკაშვილი თავისუფალი ქუჩაში? - რატომაც არა. თუ ხალხი იქნება ყველაფრის განმსაზღვრელი, არც სააკაშვილი იქნება სახიფათო ამ ქვეყნისთვის და არც ასლან აბაშიძე. მით უმეტეს, იმათ უნდა შეწყვიტონ ბიძინა ივანიშვილის ამ ქვეყნიდან გაძევებაზე ოცნება, ვინც ამას დაუფარავად აცხადებს.

ივანიშვილს იმდენი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე, რომ არასდროს არ უნდა იქნას გაძევებული საქართველოდან. გახსოვთ ალბათ, სულ ახლახან იყო ერთი აურზაური და ჟრიამული ისტორიის სახელმძღვანელოში ივანიშვილის მოხსენიებაზე.

როცა 4 მილიონიანი ქვეყანა ლიდერად აგირჩევს და ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაზე 1 მილიარდ დოლარს დახარჯავ, რა თქმა უნდა, ორიოდე პწკარით კი მოხვდები უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში.

ბუნებრივია, იგივე ითქმის მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო თავისი მიღწევებით, რეფორმებით, შეცდომებით და ზოგჯერ მიუტევებელი, რბილად რომ ვთქვათ გადაცდომებით.

- ფაქტია, რომ სოციალურ სფეროში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. შემფასებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ეკონომიკა კორუფციული და ტურიზმზე ჩამოკიდებული გვაქვს, ჩვენი სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტზეა დამოკიდებული, საგარეო ვალი 30 მილიარდი, კატასტროფულად იზრდება ემიგრაციაში წასულთა და წასვლის მსურველთა რიცხვი, რაც კიდევ უფრო კატასტროფულს ხდის დემოგრაფიულ ვითარებას.

არადა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეკონომიკაში მდგომარეობა უმჯობესდება. ალბათ ასეცაა, რადგან ლოკდაუნის შემდეგ გარკვეულ სფეროებს მართლაც ეტყობა გამოცოცხლება.

თქვენი დაკვირვებით როგორი ეკონომიკური მაჩვენებლებით ასრულებს 2021 წელს ქვეყანა?

- ვითარება მართლაც დამაფიქრებელია, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ორი წელი ქვეყნის ეკონომიკა ფუნქციონირებს პანდემიის პირობებში. ყველა ქვეყანაში შექმნა პანდემიამ ეკონომიკის პრობლემები. თურქეთშიც, ირანშიც, ენერგორესურსებით მდიდარ აზერბაიჯანშიც. ყველგან სხვადასხვა დოზით და ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი შესაძლებლობების და რესურსების გათვალისწინებით, საგრძნობ ჩავარდნასთან გვაქვს საქმე. უფრო მეტიც, შიგადაშიგ ორნიშნა ზრდაც დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, მიღწეული არასაკმარისია.

რა თქმა უნდა, კონცეპტუალურად გამართული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას. მეტი ინვესტიცია, თან ეს ყველაფერი ის უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს.

გადასაწყვეტია სასოფლო-სამეურნეო მიწების რაციონალური გამოყენების პრობლემაც. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოელებზე სავარგულებზე გასხვისებას და ამის დაკანონებას ვერ დავუშვებთ, ამას ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ჩვენ უნდა შევქმნათ სწრაფი ზრდის წინაპირობები. მართებულად შენიშნეთ, - დემოგრაფიული ვითარება სავალალოა.

არადა, მერწმუნეთ, მალე, რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების კვალობაზე, სამხრეთ კავკასიაში შეიძლება აღმავლობის ბუმი დაიწყოს.

რა თქმა უნდა, მათ შორის, საქართველოშიც და აქაური მუშა-ხელი საკმარისი არ იქნება ასეთი აღმავლობისთვის. წასულები, სამწუხაროდ, ყველანი არ დაბრუნდებიან და ჭარბი დემოგრაფიული პოტენციალის რეგიონებიდან შემოვა შრომითი რესურსი საქართველოში.

ეს ამ ქვეყანაში ბევრს არ მოეწონება. ამაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა გზით გადავჭრათ ეს პრობლემა, თან ისე, რომ არც შეუღწევად ნაკრძალად გამოვაცხადოთ ქვეყანა და არც ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს შევუქმნათ საფრთხე.

- ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე იმუშავებს.

ცხადია, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვას.

სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიქმნა ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF), რომელსაც ამერიკაში მცხოვრები ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ცუდია, რომ ხდება „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-9 წელს. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებამ ახლა დაამყარა ურთიერთობები კომპანია "Rothschild & Co"- თან და ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობისკენ ნაბიჯები გადადგა?

- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მისასალმებელი ნაბიჯია. როტშილდების თანამედროვე და ისტორიული გავლენები საყოველთაოდაა ცნობილი, ხილულიც, უხილავიც და მითურიც კი. შეშფოთებულების საყურადღებოდაც და ჩვენი მკითხველისთვის მინდა ვთქვა, რომ კარგი ნაბიჯია, მისასალმებელი.

მით უმეტეს, საინტერესო ფაქტია ამერიკულ - ქართული ფონდის დაფუძნება ექსპრემიერის მეთაურობით. მაგრამ ამ ხელისუფლების ყველა ოპონენტს ვთხოვ გაითვალისწინონ მმართველო პარტიის დამფუძნებლის ბეგრაუნდი, მისი კაპიტალისა და გავლენების რუსული წარსული, მისი ფინანსური ნაკადების განლაგების დასავლური ვექტორი და ამის საფუძველზე გაიაზრონ ივანიშვილის ფრთხილი, ხშირად გაუბედავი ნაბიჯები.

ივანიშვილს ბევრი რამის აწონ-დაწონვა უწევს, მაგრამ მჯერა, რომ ამ ქვეყნის სიკეთისთვის გულწრფელადაა მოწადინებული და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებსაც ადეკვატურად უწევს ანგარიშს.

ივანიშვილს ბევრი რამის აწონ-დაწონვა უწევს, მაგრამ მჯერა, რომ ამ ქვეყნის სიკეთისთვის გულწრფელადაა მოწადინებული და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებსაც ადეკვატურად უწევს ანგარიშს

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მთავრობასა და როტშილდების კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა, ვერ გავიზიარებ პრემიერ ღარიბაშვილის ენთუზიაზმს ხილულ და უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად და აღმოსავლეთის ლუქსემბურგად გადაქცევის თაობაზე. ამ იდეას იმდენი მტერ-მოყვარე ჰყავს ჩვენს სამეზობლოში, რომ არაერთი უმძიმესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

მთავრობასა და როტშილდების კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა, ვერ გავიზიარებ პრემიერ ღარიბაშვილის ენთუზიაზმს ხილულ და უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად და აღმოსავლეთის ლუქსემბურგად გადაქცევის თაობაზე. ამ იდეას იმდენი მტერ-მოყვარე ჰყავს ჩვენს სამეზობლოში, რომ არაერთი უმძიმესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს

- საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით 2021 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იყო. 2021 წლის მანძილზე ვაშინგტონიდან ხელისუფლების მისამართით არა ერთი კრიტიკული შენიშვნა მოვისმინეთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიც გვახსოვს თბილისში, მისი ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც, რომლის შესრულებაზე უარი მმართველმა გუნდმა თქვა.

არც ევროპასთან დაახლოების კუთხით გვაქვს დიდი წარმატებები, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ე.წ. „ტრიოს“ ერთიანი გეგმა ჯერ არ არსებობს. ერთადერთი რითაც შეიძლება ვიამაყოთ, ნატოსთან ურთიერთობა მართლაც ღრმავდება და ალიანსთან საქართველო უფრო თავსებადი ხდება.

საგარეო პოლიტიკაში წარმატება-წარუმატებლობის კუთხით ქვეყნისთვის რა შედეგით სრულდება 2021 წელი?

- რა თქმა უნდა, საყურადღებოა ყველა შენიშვნა, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის. კარგია, რომ ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი კიდევ უფრო უკეთ ერკვევა ქართულ და რეგიონულ პრობლემებში. სასურველი იყო მეტი საგარეო - პოლიტიკური აქტივობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

მართალია, დიდი ხნის განმავლობაში ვაშინგტონი თავად არ იყო ჩამოყალიბებული თავის საგარეო-პოლიტიკურ აქცენტებზე, მაგრამ ჩვენს დიპლომატებს მაინც უფრო მეტი აქტიურობა მართებდათ.

ობიექტურობისთვის, მოდით, შევნიშნოთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ არ ყოფილა ხელმოწერილი და მასზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა მას შემდეგ, რაც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, - „ნაცმოძრაობამ“ მას არ მოაწერა ხელი.

თუ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ მმართველო პარტიის მხრიდან იყო მართებული და მიზანშეწონილი, ასეთი რამ თავიდან უნდა ყოფილიყო დათქმული.

მთავარია, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური არჩევანი უცვლელი და ურყევია. ამ კურსის კრიტიკოსებისა და ოპონენტებისთვის, ხაზს გავუსვამდი, რომ ეს არჩევანი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავს დღემდე.

მთავარია, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური არჩევანი უცვლელი და ურყევია. ამ კურსის კრიტიკოსებისა და ოპონენტებისთვის, ხაზს გავუსვამდი, რომ ეს არჩევანი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავს დღემდე

და თუ გაჩნდება გარკვეული ეჭვი, ამის თაობაზე კია არ უნდა ვიმარჩიელოთ, არამედ საერთო-ეროვნული გამოკითხვა ჩავატაროთ. ამ კურსის ალტერნატივის მომხრეები ვერ ასაბუთებენ, ვინ და რა იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ქვეყნის მიერ პოზიციის შეცვლის შემთხვევაში.

- საგარეო ურთიერთობებში წლის ბოლოს ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, რაც მოსკოვმა ვაშინგტონსა და ბრიუსელს ულტიმატუმი წაუყენა და მათგან კატეგორიულად მოითხოვა უარი თქვან უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე.

ორ-სამ დღეში მოსკოვის ტონი საგრძნობლად შეიცვალა. ულტიმატუმს კი არ გიყენებთ, უსაფრთხოებაზე ჩვენი წინადადებების პროექტი წარმოგიდგინეთო.

არადა, პრეზიდენტ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე რუსეთი „იალტა-2-ს“, ან „მიუნხენი-38“-ის მსგავს შეთანხმებას მიაღწევდა.

როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას მას შემდეგ რაც რუსეთმა დასავლეთს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, მაგრამ შემდეგ მისივე განცხადებების ტონი აშკარად შეიცვალა?

- მოსკოვის ულტიმატუმი ადეკვატურად იქნა აღქმული. ბოლო პერიოდში დასავლეთის არათანმიმდევრულობამ რუსეთს და მის ლიდერს, პუტინს, გაუჩინა ილუზია, რომ ვაშინგტონი და დასავლეთი აღარ იქნებოდა მტკიცე და თანმიმდევრული თავისი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.

კრემლის იდეოლოგები უკვე ღიად საუბრობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი გამოიყენებს ატომურ იარაღს, შტატები და დასავლეთი კი ვერა. რუსების ეს რწმენა კიდევ უფრო გააძლიერა და აგრესიული გახადა ახალი ჰიპერზებგერითი იარაღის შექმნამ და ფლობამ.

დასავლეთი მართლაც იყო გარკვეული ლეთარგიული ძილის ტყვეობაში, თუმცა, თანდათან გამოდის ამ მდგომარეობიდან და რაღაც კონკრეტული და მიზანმიმართული პოლიტიკის მსგავსი უკვე გამოიკვეთა.

რაც მთავარია, დასავლეთის ვექტორის რუსულ ვექტორზე გაცვლა, მოყოყმანე ქვეყნებისთვის, მიმზიდველი არ არის. დღევანდელი რუსეთი ვერ სთავაზობს თავის სატელიტებს უკეთეს პირობებს, უფრო ეფექტურ ეკონომიკურ მოდელებს, უფრო მეტ სოციალურ დაცულობას და კეთილდღეობას, ვიდრე ეს დასავლეთშია. ეს ტრანსფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფასადაც კი არ უღირთ პოსტსაბჭოთა პერიმეტრის ქვეყნებს

ამ ულტიმატუმით გამოწვეულმა ეიფორიამ რუსებს უკვე გადაუარა. ბოლო დღეებში მათი რიტორიკა საგრძნობლად შეიცვალა, რადგან აღმოაჩინეს, რომ სამხედრო დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის შესაძლოა სულაც არ დაიწყოს ატომური ბომბების დაშენით ერთმანეთისთვის, რასაც ატომური აპოკალიფსი მოჰყვებოდა.

ეს ყველაფერი შესაძლოა ახალი დაპირისპირების კერებად ჩამოყალიბდეს რუსეთის გასწვრივ, განსაკუთრებით უკრაინაში, რაც სერიოზული პრობლემა გახდება რუსეთის სახელმწიფოსა და მისი ეკონომიკისთვის.

რაც მთავარია, დასავლეთის ვექტორის რუსულ ვექტორზე გაცვლა, მოყოყმანე ქვეყნებისთვის, მიმზიდველი არ არის. დღევანდელი რუსეთი ვერ სთავაზობს თავის სატელიტებს უკეთეს პირობებს, უფრო ეფექტურ ეკონომიკურ მოდელებს, უფრო მეტ სოციალურ დაცულობას და კეთილდღეობას, ვიდრე ეს დასავლეთშია. ეს ტრანსფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფასადაც კი არ უღირთ პოსტსაბჭოთა პერიმეტრის ქვეყნებს.

რუსულმა ულტიმატუმმა ძალა დაკარგა. ორივე მხარე, ფაქტობრივად, ცუგცვანგის მდგომარეობაშია, როცა მომდევნო სვლა ყველა შემთხვევაში წამგებიანია

ერთადერთი ვინც მსგავს რეორიენტაციას დათანხმდა, ბელორუსი და ლუკაშენკოა და ისიც კი ამას არ გააკეთებდა ყასბურად რომ არ ემოქმედა და ჩოქბჯენში არ აღმოჩენილიყო.

მარქსიზმ-ლენინიზმი და კომუნისტური სამოთხე კი, მეოცე საუკუნის დასაწყისის მსგავსად, რუსეთს არსენალში არ აქვს. ერთადერთი, რასაც ის სთავაზობს სატელიტებს, ზნეობრივი მაქსიმები და მართლმადიდებლური ღირებულებებია, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არც საბჭოთა პერიოდში სწყალობდა და არსებითად არც დღეს სწყალობს.

ამიტომ, რუსულმა ულტიმატუმმა ძალა დაკარგა. ორივე მხარე, ფაქტობრივად, ცუგცვანგის მდგომარეობაშია, როცა მომდევნო სვლა ყველა შემთხვევაში წამგებიანია.

საამისოდ აუცილებელია ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, როგორც დასავლეთთან, ისე ჩვენს სამეზობლოსთან, განსაკუთრებით სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, ორმხრივი დიალოგი და ურთიერთობები აუცილებელია რუსეთთან

- იმის ფონზე, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ და ახლაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მისამართით, რა შანსები აქვს საქართველოს, რომ რუსული საფრთხეების პრევენცია მოვახდინოთ, რისი გაკეთებაც მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური და სინქრონული მუშაობით მიიღწევა?

- რა თქმა უნდა, რიტორიკა დასახვეწია. პოლიტიკოსების განცხადებები ყოველთვის გაწონასწორებული უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესებს ზიანს არ უნდა აყენებდეს. ვფიქრობ, ვერც ერთი განცხადება საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩრდილს ვერ მიაყენებს და საქართველო შეძლებს რუსული თუ სხვა საფრთხეების პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას.

საამისოდ აუცილებელია ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, როგორც დასავლეთთან, ისე ჩვენს სამეზობლოსთან, განსაკუთრებით სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, ორმხრივი დიალოგი და ურთიერთობები აუცილებელია რუსეთთან.

მითი, რომ რუსებთან პირისპირ დარჩენილი საქართველო დაწოლას ვერ გაუძლებს და მიუღებელ დათმობებზე წავა, უნდა დაიმსხვრეს. დადგება დრო. და იმედი მაქვს, მალე, როცა დიდი და პატარა ქვეყნები რეალურად თანასწორად ისაუბრებენ ერთმანეთთან. თუმცა, არსებული რეალობა ამ მიმართებით, შემაშფოთებელია.

3+3 ფორმატმა მუშაობა ისე დაიწყო, რომ საქართველო მას არ შეერთებია. მაგრამ საქართველოს დროშა საგარეო საქმეთა მოადგილეების მოსკოვის შეხვედრაზე, მაინც ფრიალებდა. რას ნიშნავს ეს?

3+3 ფორმატი, რომელიც, ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიაში გავლენების გადანაწილების მექანიზმია, საქართველოს გარეშე იწყებს ფუნქციონირებას. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ფორმატის მონაწილეთაგან ჩვენი მონაწილეობის გარეშე ამ ფორმატის გაუქმება, ან უწოდონ ფორმატს 3+2.

მანამდე კი ჩვენ მოძმე ქვეყნებთანაც აზერბაიჯანი, სომხეთი და მეგობარ ქვეყნებთანაც თურქეთი, ირანი, მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. პარალელურად, ამ ფორმატთან - 3+3, ჩვენი მიერთების პირობები უნდა დავაყენოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა