სერგი კაპანაძე - მგონია, რომ მიშას არ გამოუშვებენ - ოპოზიცია უნდა გადაეწყოს გრძელვადიან საარჩევნო სტრატეგიაზე და თქვას: ვიწყებთ ყველაზე გრძელ წინასაარჩევნო მარათონს

შიმშილობის ინსტრუმენტის გამოყენების მომხრე არ ვარ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ ჩანს შედარებით ადვილად მისაღწევი მიზანი, ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას - მგონია, რომ მიშას არ გამოუშვებენ, ოპოზიცია უნდა გადაეწყოს გრძელვადიან საარჩევნო სტრატეგიაზე , - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

კაპანაძის აზრით, ოპოზიციამ წინასაარჩევნო მარათონის დაწყების შესახებ უნდა განაცხადოს.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის აქცია შედეგს ვერ გამოიღებს.

„შიმშილობის ინსტრუმენტის გამოყენების მომხრე არ ვარ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ ჩანს შედარებით ადვილად მისაღწევი მიზანი და ახლა რა მიზნითაც არიან მოშიმშილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ეს არ არის ადვილად მისაღწევი მიზანი, ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. კარგად ვიცით, ივანიშვილისთვის ეს იმხელა ამბავია, რომ არ მგონია, ამ შიმშილობის შედეგად მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს. რომ შევადაროთ, მაშინ იყო ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რაც მიღწევადი მოთხოვნა იყო და გამართლებულიც, რამაც გამოიღო შედეგი. ახლა არ მგონია, რომ ამ ინსტრუმენტით შესაძლებელი იქნება ამ მიზნის მიღწევა.

არ ვუყურებ ოპტიმისტურად არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებულ პროცესს, მიუხედავად იმისა, მგონია, რომ სწორია ეს პროცესი. შედეგი ექნება თუ არა, აპრიორი დამოკიდებულება, რომ არაფერი გამოვა, არ ღირს და არ ვილაპარაკოთ, ფუნდამენტურად არასწორი მგონია. ეს პროცესი და ამაში მონაწილეობა არის ღირებული იმ რისკის გათვალისწინებითაც კი, რომ შეიძლება თავიდანვე ჩადებული იყოს „ქართული ოცნების“ მხრიდან, პროცესის მიმიკა, ვითომ რაღაც ხდება და შემდეგ არაფერი არ მოხდეს, მაინც ღირს მონაწილეობის მიღება.

მგონია, რომ მიშას არ გამოუშვებენ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის დღეს. ოპოზიცია უნდა გადაეწყოს გრძელვადიან საარჩევნო სტრატეგიაზე, მათ შორის სერიოზულ გამწვავებებზე, აქციებზეც პარლამენტში, საკრებულოებში, მაქსიმალურ მიწოლაზე, მხილებაზე, მაგრამ მთავარი მაინც უნდა იყოს, რომ ხალხის ახალი სეგმენტები დაარწმუნოს, „ქართული ოცნება“ არის ცუდი. როდესაც იქნებ არჩევნები, დღეს თუ ორი წლის მერე, წავიდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დასავლეთის ყურადღების მიპყრობა თუ არის ამოცანა, შიმშილობა არის ყველაზე ბოლო, რაც უნდა გააკეთონ. შიმშილობით ვერ იპყრობ ცივილიზებული დასავლეთის ყურადღებას. ეს მათთვის არ არის გასაგები და მისაღები ფორმა. არც სააკაშვილის შიმშილობა არ იყო მისაღები და გასაგები ფორმა და არც სხვა ადამიანების. მგონია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, რომ ეს ამბავი არ გამოვა ერთ და ორ თვეში. სულ ამ რეჟიმში ყოფნა, რომ ახლა დაგვრჩა ბოლო 100 მეტრი გასარბენი, სპრინტია და ახლა თუ გავაკეთეთ, ყველა მიზანს მივაღწევთ, გავათავისუფლებთ და მოვიგებთ, არის განმაპირობებელი მორიგი იმედგაცრუების ტალღებისა. ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ ჩვენ ვართ მზად მსოფლიოში ყველაზე გრძელი წინასაარჩევნო მარათონისთვის, მაგალითად, ორწლიან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ თებერვალში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს, ყოფილი დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, არ გაუკვირდება თუკი ხვალ ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს.

სალომე ზურაბიშვილი არ არის მარტივი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჰქონდა, ასევე ივანიშვილის მოლოდინი, რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ეტყოდა, მისი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი თავისუფლების პოტენციალი გააჩნია გადაწყვატილებებში. ამიტომ, საერთოდ არ გამიკვირდება ხვალ რომ ადგეს და მართლა შეიწყალოს, უბრალოდ მას ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს შეწყალებას და გათვლის სტრატეგია, რომ ამას შეცვლის, არასწორია. ის, რასაც ეუბნება სხვადახვა პოლიტიკურ პარტიებს, გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მართლაც ყველა ვარიანტს განიხილავს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა