„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ნაყოფია გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
როგორც მან სააკაშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია და სამომავლო გეგმები იქნება.
„მთავარი საკითხი არის ხვალინდელი აქცია, რაზეც ვისაუბრებთ. ასევე ვისაუბრებთ ზოგადად, მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო გეგმებზე - როდესაც ამ სახელმწიფოს მთავარი შემქმნელი საპყრობილეშია და პუტინის, ივანიშვილის პირადი პატიმარია. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვისაუბრებთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ის“, - განაცხადა ნაყოფიამ.
ნაყოფია სალომე ზურაბიშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ შემცირდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია.
„ვერანაირი პოლარიზაციის შემცირება ვერ მოხდება, სანამ მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის, ამ ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება“, - განაცხადა ნაყოფიამ.
ცნობისთვის, ხვალ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.