არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის შეფასებით, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესშია მესამე პრეზიდენტს რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნან და საკითხი პოლიტიკურად არ იყოს გამოყენებული.
როგორც ჟურნალისტებს გიგაურმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.
„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავრობის მთავარ ინტერესში იქნებოდა. ლოგიკურად ვერ ვხსნი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი ამდენი დღის სალაპარაკო რატომ შეიძლება გამხდარიყო", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა დღეს დეპუტატი ელენე ხოშტარია ინახულა, რომელიც პარლამენტის შენობაში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.