არავინ არავის სასიკვდილოდ არ იმეტებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში ყველა პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია.
"სააკაშვილს, როგორც პატიმარს, უფლება აქვს გამოაცხადოს შიმშილობა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებს ეს ექიმთა ჯგუფი და პენიტენციური სისტემა, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას და არჩევნებს,"- განაცხადა დავითულიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით გარკვეული შუამავლის როლი შეუძლია იკისროს მოქმედ პრეზიდენტთან ერთად, რათა კრიზისი განიმუხტოს.
ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება არასერიოზულია. "მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია თქვენთვის ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტის მარგველაშვილის პოზიციას რაც შეეხება, მას თავის დროზე შეეძლო სააკაშვილის შეწყალება თუ ამის სურვილი ჰქონდა და ახლა, როცა მას ეს პასუხისმგებლობა არ აქვს, არასერიოზულია მისი მხრიდან ეს საუბარი,"- განაცხადა დავითულიანმა.