მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია! - თუ რამე საშინელება არსებობს კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის წინააღმდეგ განსახორციელებელი, 2012 წლამდე ამ ძალამ ყველა დანაშაული ჩაიდინა: - ახალგაზრდები მოკლეს ქუჩაში, წაართვეს ქონება, მამაკაცები გააუპატიურეს, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
მან სესიაზე მყოფ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, თუ როგორ არ რცხვენიათ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა. როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ “ქართული ოცნება“ ებრძვის და მას ყველა არჩევნებში დაამარცხებს.
„მინდა ჩრდილოეთ კორეას შეგადაროთ - როცა ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან 2:1 დამარცხდა, მაგრამ წამოაჩინეს ისე, თითქოს ჩრდილოეთ კორეამ ბრაზილიასთან გაიმარჯვა და მთელი ქვეყანა ზეიმობდა. მინდა ამ ადამიანებს შეგადაროთ, რომლებიც გამოსული ხართ და არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობთ. არჩევნებში “ლელოს“ 2% - ორიანი მიიღეთ! ნახეთ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ რამდენი ხმა დაგაკლდათ. ახლა 2%-იანი წარმომადგენლობა გვასწავლის ჭკუას. გსურთ, რაღაც აღქმებით ასულდგმულოთ საზოგადოება. როგორც კი “ნაციონალურ მოძრაობას“ მიეტმასნეთ, ხმები დაკარგეთ და არჩევნებში 2% აიღეთ. ხომ უნდა გააკეთოთ ანალიზი?! “ქართულ ოცნებას“ თავი დაანებეთ - ჯერ “ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხეთ, თუ გინდათ იყოს ჯანსაღი კონკურენცია და ქვეყანა განვითარდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.