„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, ცოტა ხანში გამოჩნდება, აქვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, ადამიანების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით და თუ ასეთი ინფორმაცია არ აქვს, „ეს დიდი პრობლემაა“. ამის შესახებ გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას და ამაზე შსს-ის პირველ განცხადებას.
რაც შეეხება იმას, რისი ნიშანი იქნება, თუ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია და ეს სამართლადამცავმა უწყებებმა არ იციან, გიგაური ამბობს, რომ ეს იქნება მაგალითი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
„უპირველესად, ჯერჯერობით უნდა ვიმსჯელოთ ოფიციალური განცხადებით, რაც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, ადამიანების ჩვენს საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით. თუ ეს ინფორმაცია არ აქვთ, ეს დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ წესით, სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებენ, ამ ინსტიტუტებმა უნდა გააკონტროლონ სახელმწიფო საზღვარი. ამ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ აკონტროლებს სიტუაციას”,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის უკვე საქართველოშია. მან ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.
ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც განაცხადეს, რომ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.