გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აცემინა ყველა ის ადამიანი, ან ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც ისინი ვერ იტანენ და არ უყვართ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი შეფასებით, პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით „ცეცხლზე ნავთი დაასხა“.
„არ მისცეს დავალება პოლიციას, რომ წესრიგი უზრუნველეყოთ და დაეცვათ ჟურნალისტები. რატომ? იმიტომ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება, მათ აღიზიანებთ განსხვავებული აზრი, კრიტიკული მედიასაშუალებები, ჟურნალისტები, რომლებმაც გარკვეული კითხვები შეიძლება დასვან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულება აქვს პრემიერ-მინისტრს, თავისი განცხადებით მან ფაქტობრივად ცეცხლზე ნავთი დაასხა“, - განაცხადა გიგაურმა.
მისი თქმით, ის რაც გუშინ მოხდა, პრემიერ-მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაა.
„ეს არის კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა, მათ შორის პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის, რომელმაც წაახალისა ეს ძალადობრივი ჯგუფები“, - განაცხადა გიგაურმა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას შერჩევით მიდგომები აქვს და როცა სურს, მაშინ უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად აძლიერებს.
ეკა გიგაურის თქმით, „ხელისუფლებას არ სურს, რომ მედიამ რეალურ პრობლემებზე ისაუბროს“.
„ზუსტად ამიტომ დასაჯა გუშინ მედია საქართველოს ხელისუფლებამ, ამით უნდათ არჩევნების მოგება იმიტომ, რომ ეს რთული არჩევნები იქნება და მათ ბევრი წინაღობა ექნებათ იმისთვის, რომ კონკრეტული პროცენტი დადონ. ეს ყველაფერი მართლაც არის კონკრეტული გზავნილი ყველას მიმართ, ვინც ხელისუფლებას არ უყვარს“,-განაცხადა გიგაურმა.
მისი განმარტებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" რამდენიმე ტელეკომპანიის ინტერესებს იცავს და ხელისუფლებისგან კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.
„იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ დაიცვა ჟურნალისტები, ჩვენ სასამართლოში მივდივართ სარჩელით და კომპენსაციის გადახდას ვთხოვთ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მან დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა. ჩვენ რამდენიმე ტელეკომპანიის ინტერესებსაც დავიცავთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, საით მივდივართ, სად მიდის ჩვენი ხელისუფლება, რა ტიპის საზოგადოება უნდათ? უნდათ დამონებული საზოგადოება, რომელიც არ დასვამს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში. ის ადამიანები უნდათ, რომლებსაც არ აინტერესებთ კრიტიკული აზრი და რომელიც ვერ იტანს თავისგან განსხვავებულ ადამიანებს, ისეთ საზოგადოებას, სადაც არ იქნება თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო“ , - განაცხადა გიგაურმა.