სჯობს პარლამენტში იყოს შიგნით კონფლიქტი, ვიდრე გარეთ. პარლამენტი არ არის ბალეტი და თეატრი, სადაც მაყურებელი ჩუმად არის და უსმენს წარმოდგენას, იქ უნდა იყოს ხმაური, - ამის შესახებ „ჩვენი საქართველოს“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პროცესების ქუჩაში გადატანა უფრო სარისკოა, რადგან ეს ხელს უწყობს დაპირისპირების კერების გაჩენას. აღნიშნულის მაგალითად მას ბათუმში მომხდარი ინციდენტი მოჰყავს, რომელსაც ძალადობად აფასებს და მიხეილ სააკაშვილს მის წახალისებაში ადანაშაულებს.
„იქ, სადაც აზრთა ჭიდილია და სხვადასხვა იდეოლოგიები ერთმანეთს ეჯახება, იქ ბუნებრივია, კონფლიქტები ჩნდება, მაგრამ სჯობს, ეს გაჩნდეს პარლამენტში, ვიდრე ეს გადმოიღვაროს ქუჩაში. მე თქვენ გეკამათებით, მაგრამ თუ ჩემი ამომრჩეველი დაიწყებს თქვენს ამომრჩეველთან კონფლიქტს, ეს უკვე სახალხო კონფლიქტია და სჯობს, ჩვენ შორის ამოიწუროს, ჩვენ ვიპოვოთ საერთო გზები, ჩვენ შევთანხმდეთ, სისტემურად ჩვენ დავლაგდეთ, ვიდრე ეს ყველაფერი გადმოვღვაროთ ქუჩაში და დავიწყოთ კონფლიქტების შექმნა, კერები გავაჩინოთ ქუჩაში. რაც იყო ბათუმში - თავზე დამხობა ურნის, აგრესიის, შურისძიების აქტი იყო და ამას მერე მხარი დაუჭირა სააკაშვილმა, წაახალისა ეს ამბავი. ეს ძალადობა წახალისდა. როცა „აშეარებ“ სხვის პოსტს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგწონს. ამიტომ სჯობს ეს კონფლიქტი პარლამენტში იყოს. ადამიანებს აქვთ შენიშვნები - ზოოპარკი ხომ არ არის პარლამენტი, მაგრამ სჯობს ეს კონფლიქტი იყოს პარლამენტის შენობაში, იქ მაინც განმუხტვადია, კოლეგები არიან და იქ შიგნით, დარბაზში სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთს არავინ უპირისპირდება ხოლმე, გარეთ შეიძლება ადამიანებმა ისე დაუპირისპირონ ერთმანეთს აგრესია, რომ უფრო მძიმე შედეგი მოიტანოს. ამიტომ ესეც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ისე ვერ დაალაგა საარჩევნო პროცესი, რომ აქამდე არ მივსულიყავით, ყველაფერზე პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. იმ პროცესებზე, რომლის მართვა მას ევალება - კოვიდი იქნება, არჩევნების ჩატარება, ეკონომიკის პოლიტიკის განხორციელება თუ სხვა, პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.