ლევან კობერიძე „ლელოსთან“ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე „ლელოსთან“ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

როგორც კობერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმ ადამიანებისა და პარტიების საარჩევნოდ გაერთიანება, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ყველაზე მთავარ დღის წესრიგად მივიჩნევ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმ ძალების გაერთიანება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლუსს - არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ თანავარსკვლავედს და აკმაყოფილებენ შემდეგ ოთხ კრიტერიუმს, რომ ეს იყოს სიახლე ქართულ პოლიტიკაში, ის, რომ თავისი წარსულით ამ ადამიანებს თამამად შეეძლოთ თითოეული მოქალაქისთვის თვალის გასწორება და ყოველგვარი უკან არსებული პრობლემების გარეშე ესაუბრონ მოქალაქეებს, მესამე ის, რომ გაჩნდეს გარკვეული სურვილი ამ ხედვის შემუშავების ან უკვე ჰქონდეთ ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, ანუ ორიენტირებულები იყვნენ ქვეყნის წინსვლასა და მომავალზე და მეოთხე, არც ერთი მათგანი არ მიეკუთვნებოდეს ამ ორ პოლუსს, არც ფორმალურად, არც არაფორმალურად გარკვეული დოზით.

ვფიქრობ, რომ ყველა ასეთი ადამიანის, პოლიტიკური ჯგუფის ან პარტიის ამოცანა უნდა იყოს, რომ ასეთი სახის ერთობა შეიქმნას. ასეთი ერთობა იქნება ერთ პარტიაში გაერთიანება, რამდენიმე პარტიის თნამშრომლობა თუ იქნება პიროვნებასთან პარტიის თანამშრომლობა, ეს უკვე ტაქტიკის საკითხია, მაგრამ ერთობა რომ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებს, ვისაც აღარ უნდა არსებული სიტუაცია, არჩევანი ჰქონდეს ამ ორი პოლუსისგან განსხვავებული, ეს არის მნიშვნელოვანი. მე პირადად ამ ახალი ჯანსაღი პოლიტიკური ერთობის შექმნას ყველანაირად შევუწყობ ხელს, ახლა მაგ პროცესში ვარ“, - განაცხადა კობერიძემ.

კითხვაზე, ვის მოიაზრებს ამ გაერთიანებაში, კობერიძე პასუხობს, რომ გულისხმობს ანა დოლიძეს, თამარ ჩუგოშვილს, თამარ ხულორდავას, ალეკო ელისაშვილს, ლევან იოსელიანსა და მისი ფრაქციის წევრებს. მისივე თქმით, ამ გაერთიანებაში აუცილებლად უნდა იყოს „ლელოც“.

„ამ ერთობაში ვგულისხმობთ მაგალითისთვის ანა დოლიძეს, თამარ ჩუგოშვილს, თამარ ხულორდავას, ალეკო ელისაშვილს, ლევან იოსელიანს. პარტიებს რაც შეეხება, ვგულისხმობს „ლელოს“, ასევე ჩვენი ფრაქციის წევრებს, მგონია, რომ ეს არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩამოყალიბდეს ეს გარკვეული ერთობა.

რაც შეეხება კონკრეტულად „ლელოსთან“, კი, ნამდვილად არსებობს... მე ვინც ჩამოვთვალე, ყველასთან გარკვეული კონსულტაციები, საუბრები და ინტენსიური მსჯელობა მიდის გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის ვადასტურებ „ლელოსთანაც“. პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ვსაუბრობ ზუსტად. ახლა უკვე ძალიან კონკრეტულად ვსაუბრობთ მე ვინც ჩამოვთვალე, ეს ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, იმიტომ, რომ დრო არის ძალიან ცოტა და ძალიან კონკრეტულ თანამშრომლობაზე არის საუბარი.

„ლელოსთანაც“ კონკრეტული პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატზე გვქონდა საუბარი. მე ვთვლი, რომ ამ გაერთიანების ფორმატი არ ვიცი რა იქნება და როგორი იქნება, ეს იქნება ბლოკი, პლატფორმა თუ ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუკი გვინდა, რომ ეს გაერთიანება შედგეს, მაშინ „ლელოს“ თანამონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი“, - აღნიშნა კობერიძემ.

ინფორმაციისთვის, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გარკვეულ პოლიტიკოსთან, მათ შორის ლევან კობერიძესთან, თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა