„ქართულ ოცნებას“ არჩევნებით გავისტუმრებთ და მეორე დღესვე დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, - ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის მიზეზებზე კითხვები დეპუტატ რომან კაკულიას, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს უნდა დაესვას.
„მმართველ პარტიას ანაკლიის აშენება არ უნდა. ამის თაობაზე კითხვები უნდა დაუსვათ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს. მაგალითად, რომან კაკულიას, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა; გიორგი ქობულიას, რომელიც აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყანას არ სჭირდება; ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელებს შავ ზღვაში რა უნდათ. ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდება ანაკლიის პორტის მშენებლობა, მიუხედვადა ჩვენი დიდი მცდელობისა. შესაბამისად, გამოსავალი ერთია - „ქართულ ოცნებას“ არჩევნებით გავისტუმრებთ და მეორე დღესვე დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.