თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე და ზაზა ხუციშვილი პარლამენტის სხდომაზე მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე და ზაზა ხუციშვილი განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

მათივე შეფასებით, შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან.

„ინტერპრესნიუსი“ მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელი საქმიანობის განმავლობაში - უვადოდ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

მთელი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული მართლმსაჯულება მრავალი სირთულის და გამოწვევის წინაშე დგას და აქვს საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია არ გააღრმავოს უნდობლობა და დასაბამი დაუდოს სწორ პროცესებს მართლმსაჯულების სისტემაში.

გასული წლის დეკემბრიდან, პარლამენტმა რთული პროცესები გაიარა: უარი თქვა 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაუმჭვირვალე და სათანადო პროცესის გარეშე წარმოდგენილი 10-კაციანი სიის განხილვაზე; მიიღო კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეთა შერჩევის კონკურენტულ და გამჭვირვალე პროცესს; თვეების განმავლობაში, იურიდიულ კომიტეტში წარმართავდა კანდიდატურების ღია განხილვებს.

ამ პროცესებმა სრულიად საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საკმაოდ მცირეა იმ კანდიდატთა რაოდენობა, ვინც თავისი კვალიფიკაციით და კეთილსინდისიერებით იმსახურებს საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის სტატუსს.

რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, ეს იყო საშუალება სწორ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატთა უმრავლესობის დანიშვნა მთელ ამ პროცესს აყენებს ჩრდილს. მთავარი, რა თქმა უნდა, არის არა მრავალთვიანი განხილვები, არამედ შედეგი, რომელსაც საბოლოოდ მივიღებთ. მართალია მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას, სამწუხაროდ, ცხადად ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან.

შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა