მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ისტორიული ვიზიტი საქართველოში.
ამასთან, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ინდოეთს წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოცემისთვის. ორმხრივ ურთიერთიბებზე საუბრისას, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს და ამ მხრივ არსებული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით აქტიური მუშაობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო რეგიონალური და გლობალური უსაფრათხოების მიმდინარე გამოწვევებს და საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებას.