„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი ღია წერილი საინტერესო არ არის, რადგან ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უკვე ცნობილია.
„მე არ წამიკითხავს ეს წერილი, მგონი, არც არის საინტერესო, მაგრამ მისი საქმეა წერილებს სად გააგზავნის, როგორ გააგზავნის.
რაც შეეხება მის თეორიულ შეწყალებას, პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთგზის დაფიქსირებული და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.
სააკაშვილის წერილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას შესაწყალებელი არაფერი აქვს, თუმცა ზურაბიშვილს შეუძლია „არა სიტყვით, არამედ საქმით დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან იხსნას“.