„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხი არა აქვს, თუ რატომ არის ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში - ის ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემების სამარცხვინო ტყუილებითა და პროპაგანდისტული ბრალდებებით გადაფარვას ცდილობს, - ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პარტიის წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური.
ამასთან, კითხვაზე მმართველი გუნდის მხრიდან გახარიას წინააღმდეგ ახალი კამპანიის დაწყება რამდენად შეიძლება რუსთავის შუალედურ არჩევნებს უკავშირდებოდეს, ბუჩუკურმა დაადასტურა, რომ მათი პარტია რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს, თუმცა არც საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს და საერთო ეროვნული არჩევნებისთვის ემზადება.
“დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერსონალურად ირაკლი კობახიძისგან და “ქართული ოცნებისგან“ რაღაც აბსურდული ბრალდებები გვესმის - დაწყებული იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა და ძალოვანი უწყების მოქმედ თანამშრომლებთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, გაგრძელებული „კოკაინშიკობითა“ და იმით, რომ, თითქოს, აშშ-ში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. გადატრიალების თაობაზე გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას მივმართეთ, რათა ეს ძალიან მძიმე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული ქმედება გამოეძიებინათ. დღემდე საქმე არც დაწყებულა.
„კოკაინშიკობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ თბილისში ჩვენს დეპუტატობის ქალ კანდიდატებს დასდო ბრალი, რომ, თითქოს, გახარიას კოკაინი მათ მიასაღეს. ჩვენ შესაბამისი დასაბუთებული განცხადება გენერალურ პროკურატურაში შევიტანეთ. მოგეხსენებათ, ნარკოტიკის გასაღება სისხლის სამართლის დანაშაულია და გამოძიება მოვითხოვეთ. თუ ფაქტი არ დადასტურდებოდა, პასუხისგებაში ირაკლი კობახიძე უნდა მოქცეულიყო ცრუ დასმენისათვის. რა თქმა უნდა, არც ამას მოჰყოლია რეაგირება.
“ქართული ოცნების“ ბრალდებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - “ქართული ოცნება“ ცდილობს გადაფაროს, თუ რატომ არის ასეთი სუსტი მათი პოლიტიკა, რატომ დაიხია სახელმწიფომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და რატომ წავიდა საქმე უკან ევროპული გზაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა ბუჩუკურმა.