"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თემურ ჯანაშია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემულ განკარგულებებს საიდუმლო გრიფი მოხსნას.
ჯანაშია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გრიფის მოხსნა სპეკულაციებს დაამთავრებს.
"ამ 9 წელში, რაც ჩემს დევნას ახორციელებს ხელისუფლება, ასეთი განცხადებები ბევრი მსმენია, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ერთი მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, ეს სპეკულაციები რომ დამთავრდეს, მოხსნას პრეზიდენტ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემულ განკარგულებებს (გრიფი), იმ განკარგულებებს, რომელზეც ჩუბინიძე საუბარს აპირებდა სასამართლოზე, მაგრამ რაღაც ზემოქმედების შემდეგ ის აიძულეს, რომ არ ელაპარაკა ამაზე”, - განაცხადა ჯანაშიამ.
ცნობისათვის, თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა. მისი თქმით, არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებსაც ძალიან სანდო წყაროების თანახმად აქვთ მიღებული პირდაპირ მონაწილეობა რეკეტში, ამაზე კონკრეტული პირები პირდაპირ საუბრობდნენ და ძალიან სარწმუნოა ეს ინფორმაცია.
"ერთ-ერთი არის ბრალდებული კორუფციულ საქმეში, ჯანაშია, პარლამენტის წევრი, არის საქმე აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, დროში იწელება სამწუხაროდ, არის ასეთი მოცემულობა და ვიდრე ბრალი არ დამტკიცდება ოფიციალურად, ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი არცერთი დეპუტატის წინააღმდეგ. ვიდრე სამართლებრივი საფუძველი არ გვექნება, ბუნებრივია, მათ ვერ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას",- განაცხადა კობახიძემ.