ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაასაჯაროოს ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მიზანი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა არასდროს ყოფილა და მისი ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგია.
„ჩვენ ცხადია, ეს ისტორია მოყოლით ვიცოდით და გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მძიმე, მაგრამ არ ველოდი, თუ ასეთი მძიმე სანახავი იქნებოდა. ამ სიტუაციას და ძალადობას ამძიმებს თავად ამ ძალადობის ამორალური ხასიათი, როდესაც აშკარად იკვეთება, რომ სისტემა განზრახ ძალადობს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ამას აკეთებს პაციენტის ვითომდა სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ.
სინამდვილეში, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არასდროს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. პირიქით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ეს პრობლემები ზუსტად მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგია, როგორც გლდანის მე-18 დაწესებულებაში განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის, ისე გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
შესაბამისად, სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამო არის მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით ამ პრობლემების წინაშე, რაც არაერთ დასკვნაში იქნა ასახული.
ჩვენ კვლავ ვითხოვთ ამ ვიდეოს გასაჯაროებას, იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება შერჩევითად დამონტაჟებულ მასალას ასაჯაროებდნენ. მართალია, მათ მიერ გასაჯაროებულ მასალაშიც ნათლად დასტურდება წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, თუმცა სრულ ვიდეომასალაში, მათ შორის, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეპიზოდში, რომელიც არ გასაჯაროებულა, ამ ვიდეომასალებით შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ დადგენილი იქნება სააკაშვილის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება ნახოს, თუ როგორ არაადამიანურად და ამორალურად ექცევიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რაც ნამდვილად წარმოადგენს ამ ქვეყნის სირცხვილს," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.