გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია - დავაკვირდეთ მოვლენებს და გვექნება ადეკვატური რეაგირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის ფასის ზრდაზე გამოთქმულ პროგნოზებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი, “არავინ იცის” და ეს საკითხი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
“საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება კომუნიკაცია და ადეკვატური რეაგირება. გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საწვავის იმპორტიორებთან კომუნიკაცია და მათთვის რაიმე შეღავათის დაწესება, დავითაშვილი ამბობს, რომ ყველა დარგთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
“გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ყველა დარგთან. დარგობრივ ასოციაციასთან ვმუშაობდი წინა პოზიციაზეც და ახლაც გავაგრძელებ ინტენსიურ კომუნიკაციას”,- აცხადებს დავითაშვილი.