ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კობახიძის განცხადება არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების დადასტურების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი

ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა.

როგორც ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უმრავლესობის მიერ ჯაფარიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორების დადასტურებაა.

„არ შემიძლია ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებას არ გამოვეხმაურო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძეს რომ დანაშაული ეღიარებინა, მას მანდატი არ შეუწყდებოდაო. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ისეთი მტკიცებულება წარმოადგინოს პარტიის ლიდერმა, როდესაც პირდაპირ და ღიად ამბობს ამას ჩვენი კოლეგის მიმართ. სამწუხაროა, რომ ყველამ ერთად დაადასტურეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხმა მიეცით ბატონი ბადრისთვის მანდატის ჩამორთმევას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ჯაფარიძეს მანდატი მხოლოდ იმიტომ ჩამოერთვა, რომ სისტემის წინააღმდეგ წავიდა.

„გუშინ იყო ძალიან მკაცრი შეფასებები ჩვენი პარტნიორებისგან. როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ადამიანს უფლებამოსილება, მანდატი ჩამოერთვა იმიტომ, რომ იგი წავიდა სისტემის წინააღმდეგ, თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ, ბატონო შალვა, სამართლებრივი განზომილების ჩარჩოს მოძებნას, არ გამოვა, იმიტომ, რომ მან ღიად, ღია ეთერში პირდაპირ თქვა, რომ სისტემის წინააღმდეგ თუ წახვალ, მოხდებოდა ის, რაც გასულ წელს, ნიკა მელიას წინააღმდეგ 2-ჯერ და ახლა უკვე ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მოხდა. ეს არის იმის მტკიცება, რომ პოლიტიკური რეპრესია იყო. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, მათ შორის დემოკრატიისთვის და ვწუხვარ, რომ აქ მყოფ უმრავლესობას მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება. არ გამოვა სამართლებრივ ჩარჩოში ამის გადატანა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ორი განზომილება და სამართლებრივი საფუძველი აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ კობახიძისეულ ახსნას ეთანხმება და სრულად იზიარებს.

„მე სრულად ვიზიარებ კობახიძის ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის აღიარება, სახელმწიფოს აღიარება, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას. ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა: „თქვენ სისტემას როგორც ჩანს, ნეგატიურ კონტექსტში გულისხმობთ, სისტემა არის ჩვენი სახელმწიფო, კონსტიტუცია და დემოკრატიული ინსტიტუტები“.

„როგორც ჩანს, თქვენ სისტემა რაღაც უარყოფითი ტერმინი გგონიათ. რაც შეეხება საფუძვლებს, არათუ ამ საფუძვლებს, თქვენც და ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგაც პირადი სიმპათია-ანტიპათიით მოგვიწოდებდა გადაწყვეტილების მიღებას. ეს კიდევ უფრო რბილი და ბუნდოვანი კრიტერიუმია გადაწყვეტილების მიღებისას. ამ საკითხზე მსჯელობა ამოწურულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა. მისივე თქმით, სამართლებრივად ყველაფერი გამართულია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა