განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მოყვანილი სისრულეში, კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის საელჩოში, უკრაინის ერთიანობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას, რამაც „სამწუხაროდ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც აღმოჩნდა დღევანდელი მსოფლიო და საფრთხის ქვეშ დააყენა მთლიანად ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა“.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნების სწრაფვა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრები.
,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის ერთობის დღე ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო სრული სერიოზულობით დგას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის ხელყოფას. სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოსცადა 2008 წლის რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ასევე ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა. დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა, შემაშფოთებელია 21-ე საუკუნეში ვუყურებდეთ იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც ხდება უკრაინის საზღვრებთან.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მოყვანილი სისრულეში, კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიოს ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული გლობალური, ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტისკენ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას, რამაც სამწუხაროდ, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც აღმოჩნდა დღევანდელი მსოფლიო და საფრთხის ქვეშ დააყენა მთლიანად ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.
ყოველივე ეს არის საფრთხე არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებისთვის, არამედ არის საერთო ევროპული გამოწვევა. არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს თვითონვე აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი სწრაფვა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღევანდელი გამოწვევა არ არის პირველი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობისთვის, დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული არჩევანის მისაღწევად, რაც ვერ იქნება მიღწეული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისა და დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე. ის სიმტკიცე და ერთიანობა, რომელიც ამ დღეებში იყო გამოვლენილი, არის სამაგალითო და სწორედ ამ მხარდაჭერის იმედი გვაქვს მომავალშიც.
კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს როგორც უკრაინის, ასევე მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე. ჩვენი დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იქნებიან იქ, სადაც მუდმივად იქნება ბრძოლა თავისუფლებისა და ჩვენი ერთიანობისთვის“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.