„ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის ინფორმაციით, უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს არ დაუჭერს.
როგორც მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ თემაზე უმრავლესობის სხდომაზე საუბარი შედგა და გუნდის საერთო პოზიცია ასეთია, რომ “ეს არის აბსურდული ინიციატივა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია“.
„ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ შეფარულად ერთადერთი განზრახვა აქვს - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის თემა არავის ინტერესს არ წარმოადგენს, გარდა მისი პარტიის და მცირე რაოდენობის მხარდამჭერებისა. შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს ხედავენ, სურთ, როგორმე პროცესი გააღვიძონ, გამოაფხიზლონ, რათა მიხეილ სააკაშვილი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. სწორედ ეს არის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიზანი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტში არის 61 ოპოზიციონერი დეპუტატი და „ნაციონალურ მოძრაობას“ საგამოძიებო კომისიის შექმნა უმრავლესობის ხმების გარეშეც შეუძლია.