არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ ჩვენ ვიყოთ ნატო-ში, რაც ჩვენი ქვეყნების სუვერენული არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს. შეიძლება კამერების წინ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უკრაინის ერთიანობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იგორ დოლგოვის თქმით, ჩვენმა ქვეყნებმა აგრესიას ერთიანობით უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა და საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - ,,ძალა ერთობაშია”. მისივე განცხადებით, საქართველოს ხმა არის ხმა, რომელიც არასდროს ყოყმანობს და ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას.
,,სამწუხაროდ, დღეს არასასიხარულო ამბავთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ. ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და საქართველოს საელჩოსი უკრაინაში, რომ ისინი არიან იქ, ადგილზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორი დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომ 16 თებერვალი გამოცხადებულიყო ერთიანობის დღედ, ეს არის არამხოლოდ ჩვენი, არამედ ერთიანობა ჩვენს ძმებთან და მეგობრებთან, თქვენთან ძვირფასო ქართველო ხალხო. ნებისმიერ აგრესიას და მუქარას სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - ,,ძალა ერთობაშია”. ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატო-ში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. შეიძლება კამერების წინ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ შემდგომშიც ვიქნებით ერთად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ბრიუსელსა თუ სხვა ქალაქებში ჩვენ გავიმარჯვებთ. დღეს თუ არავინ თავს არ დაგვესხა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არაფერი შეიცვლება. რასთანაც დღეს საქმე გვაქვს ეს ახალია, მანამდე ჰიბრიდული ომის საფრთხესთან საქმე არ გვქონია, მაგრამ მზად ვართ ამ ჰიბრიდული გამოწვევებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალით ყველაფერს გადავლახავთ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ იმყოფებით უკრაინის საელჩოში, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ჩვენ ერთად ვართ და ერთად გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა იგორ დოლგოვმა.
უკრაინის საელჩოში შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.