„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში, შუალედურ არჩევნებში „ლელოს“ მიერ წარდგენილ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარტია იმსჯელებს.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძე ღირსეული კანდიდატია.
„ძალიან სწორი და ღირსეული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ დიდწილად, ბადრი ჯაფარიძე იმსახურებს, რომ ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა რუსთავში. იცით, რომ რუსთავში გვაქვს საკმაოდ ძლიერი პოზიციები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევთანხმდებით და ვფიქრობ, კარგი იქნება ერთიანი კანდიდატი იყოს, დიდწილად ალბათ, ის მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას. ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. სრულიად უსამართლოდ წაართვეს მას საქართველოს პარლამენტის მანდატი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ხატია დეკანოიძის თქმით, მათი პარტია ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს.
„კომისიაზე მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ ჩვენს კოლეგებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას უნდა აინტერესებდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული ძალიან მძიმე მოვლენები. ღირსების საკითხია მესამე პრეზიდენტი ციხეში და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
ცნობისათვის, "ლელოს" გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.