შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სარეაბილიტაციოდ გავისტუმროთ, ქვეყანამ თავი არ მოიჭრას და ციხეში არ მოკვდეს ეს ადამიანი, თორემ პრეზიდენტების მკვლელთა ქვეყანა დაგვერქმევა, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თაკო ჩარკვიანმა დეპუტატებს მიმართა, რომ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირონ, რაც მისი თქმით, იქნება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შერიგებისკენ წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი. თაკო ჩარკვიანის თქმით, შერიგებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა" ან რომელიმე ლიდერი მოვა თუ არა, მობრუნდება თუ არა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი. 600 000 ადამიანი არის ჩვენი თანამოქალაქე ისევე, როგორც "ქართული ოცნებას" ჰყავს უზარმაზარი მომხრე. გავუწიოთ ანგარიში ჩვენს მოქალაქეებს. მოდი, შეთანხმებით დავიწყოთ და ამ სამ დეპუტატს ნუ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას და ეს იქნება გარკვეულწილად ოპოზიციის და მმართველი პარტიის თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი.
მეორე გადადგმული ნაბიჯი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სარეაბილიტაციოდ გავისტუმროთ და თავი არ მოიჭრას ქვეყანამ და ციხეში არ მოკვდეს ეს ადამიანი, თორემ დაგვერქმევა პრეზიდენტების მკვლელთა ქვეყანა. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რადგან ქვეყანაში ახალი უთანხმოება დაიწყება, თუკი ამ ადამიანს ციხეში რაიმე დაემართება. არა მგონია საქართველოს ოპოზიცია გახარიას იმედად დარჩეს. ეს გამოიწვევს ნიჰილიზმს და მე მინდა დღეს ეს შენიშვნა ოპოზიციამაც მიიღოს. ხალხს ნუ ვეთამაშებით ბატონებო. ძალიან გთხოვთ, 40 წელიწადია ერთ წრეზე დადის ქვეყანა. ამ თამაშს ჰქვია "რუსული თამაში", რასაც ვერც ერთი პატრიოტი ნორმალური მოქალაქე ვერ ავიტანთ," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, კორუფციაში ჩართულმა პროკურორებმა არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაფლანგვაზე გაასამართლონ. ამასთან, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სახელს მთელი რიგი კორუფციული სქემები უკავშირდება და გახარია ოპოზიციის მხარეს არ არის.