პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო საქართველოში ვაქცინების შემოტანა და თქვენ ამბობთ ადამიანზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ანტივაქსერიაო? - ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს რომ ქვეყანას ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს ეს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა.
„პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით აქ ბრალდება მოვისმინე,რომ ანტივაქსერიაო და ამას უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო საქართველოში ვაქცინების შემოტანა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ერთი ბრენდის ვაქცინაზე, არამედ სხვადასხვა ვაქცინაზე და თქვენ ამბობთ ადამიანზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ანტივაქსერიაო? რისთვის, იმისთვის,რომ „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო? ძალიან კარგად იცით, რაც თქვა და რაც იგულისხმა. ძალიან კარგად იცით, რაც აქვს გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდ პანდემიის პერიოდში და დღეს, რომ ქვეყანას ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს ეს სწორედ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა“. - აცხადებს თალაკვაძე.