„ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, ვინაიდან ეს არ არის რომელიმე ერთი თაობის თუ საზოგადოების ჯგუფის საკუთრება, ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია მთლიანი საზოგადოების, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის უნივერსიტეტისა“ და ევროკავშირის ერასმუს პლიუსის ჟან მონეს ზამთრის სკოლის მონაწილეებს. ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ევროინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრა.
„საქართველოში ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს უწყობენ ხელს. პარლამენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ევროპეიზაციის, ისე დემოკრატიზაციის პროცესში. პარლამენტი ამ ორივე პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ მიზნად ჩამოაყალიბა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. აგრეთვე, ქვეყანამ მიზნად დაისახა 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება. ამისთვის იგეგმება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარება. შემდეგი 2-3 წელი იქნება ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესის ახალი ეტაპი, რასაც აქტიურ ზედამხედველობასა და კოორდინაციას გაუწევს პარლამენტი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე განაცხადა. მისი თქმით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კარგი პლატფორმაა ქვეყნის მომავლის ფორმირებაში მონაწილეობის მისაღებად.
„მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა, ვინაიდან ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია არ არის რომელიმე ერთი თაობის თუ საზოგადოების ჯგუფის საკუთრება, ეს მთლიანი საზოგადოების, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინიციატივების განხილვაში ჩასართავად საქართველოს პარლამენტი მრავალ შესაძლებლობას იძლევა - იქნება ეს საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა, საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა, პეტიცია თუ სხვა. პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის უნივერსიტეტს“ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.